არჩილ თალაკვაძე: მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს

არჩილ თალაკვაძე: მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენების მონაწილეს მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.

„ახალგაზრდა ადამიანმა თვალი დაკარგა, მიიღო ძალიან მძიმე დაზიანება. პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ვსაუბრობთ მასზე და იმ ადამიანებზე, ვინც იქ დაზარალდნენ – ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე, პოლიციელებზე, პირდაპირ გეუბნებით, რომ თმები მიდგება ყალყზე და ძალიან განვიცდი. პირველ რიგში რაც ჩვენ გავაკეთეთ, იყო ის, რომ ამ ადამიანებს დავხმარებოდით და მათი სრული რეაბილიტაცია მომხდარიყო. მაკო გომურმა მიიღო სრული ყურადღება და დახმარება რაც ჩვენ შეგვეძლო. თუ რამე სჭირდება კიდევ, გვითხარით და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ამ ადამიანებს, მაგრამ უყურადღებოდ ჩვენ არ დაგვიტოვებია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ უყურადღებოდ დავტოვეთ. არ ყოფილა ასე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში გამოჩენას მოჰყვა, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა. სასამართლომ 20-21 ივნისის აქციის საქმეზე 16 ადამიანი, მათ შორის მაკო გომური, რომელმაც აქციის ღამეს თვალი დაკარგა, დაზარალებულად არ ცნო.