7 ნოემბერი საკმაოდ მძიმე დღე იყო ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ყოფილმა „ნაციონალმა“ სერგო რატიანმა განაცხადა.
სერგო რატიანის თქმით, 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა შეცდომა იყო. „მე მაშინ მთავრობაში არ ვიყავი, თუმცა როდესაც გუნდში მოდიხარ, ბუნებრივია შენ პასუხისმგებლობას იღებ. პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ იგივე რაღაცები უნდა გაიაზრო და არ გააკეთო. ეს პასუხისმგებლობა დღევანდელმა მთავრობამ ვერ გაიაზრა, რომელმაც „რუსთავი 2“, ფაქტობრივად, დახურა და მიიტაცა. ამის შემდეგ მედიაზე ზეწოლა ბევრი მიმართულებით გრძელდება. შესაბამისად, წინა ხელისუფლების გაკვეთილები ჩვენ გავიაზრეთ. პირადად მე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პასუხისმგებლობა და ეს ტვირთი, რასაკვირველია, გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს გუნდში არ ვიყავი, ამ პასუხისმგებლობას ვიზიარებ, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული და გახარიათი დამთავრებული, ეს ტვირთი და შეცდომები ვერ გაიაზრეს. მათ, ფაქტობრივად, ამის შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით მედიის შევიწროება დაიწყეს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 12 წელი გავიდა.. სამი დარბევა ერთ დღეს: აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია "იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.