საქართველოს ეკლესია ახალი დაპირისპირების წინაშე

საქართველოს ეკლესია ახალი დაპირისპირების წინაშე

ყოფილი მღვდელმთავარის, პეტრე ცაავას სკანდალური ბრალდების შემდეგ, ასპარეზზე საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა გიორგი სხილაძე გამოჩნდა, რომელიც „ფეისბუქში“ 1988 წელს მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ წერს. ამტკიცებს, რომ მისი სტუდენტობის დროს სასულიერო სემინარიის მაშინდელმა რექტორმა, წილკნისა და დუშეთის მთავარესპისკოპოსმა ზოსიმემ ერთ–ერთ სტუდენტზე, კახა კალაძეზე ძალადობა სცადა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო.

სტუდენტმა, როგორც ამბობს, მომხდარის შესახებ წერილი მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს მისწერა, თუმცა უშედეგოდ. მისი მტკიცებით, დაისაჯნენ მხოლოდ სტუდენტები – ისინი სასწავლებლიდან გარიცხეს. სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ მეუფის ქმედებებზე ინფორმაცია ჰქონდა პატრიარქსაც. მომხდარის შემდეგ რექტორს თანამდებობა დაატოვებინეს, თუმცა მოგვიანებით ორჯერ დააწინაურეს.

მთავარესპისკოპოსი ზოსიმეს მიმართ სტუდენტი ბიჭის სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, რომლის განცხადებით, დროდადრო ხდება ხოლმე ეკლესიის წინააღმდეგ მსგავსი შეტევები. მისი თქმით, წერილი, რომელიც გამოქვეყნდა არაფერზე არ ლაპარაკობს.

„ვფიქრობ, კიდევ მოვისმენთ მრავალ ბრალდებას, თითოეული მათგანი იქნება დაუსაბუთებელი, არაფერზე არ ლაპარაკობს ის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა. არანაირი საფუძველი არ გვაქვს დავიჯეროთ იმ დეტალური აღწერის, რომელიც იქ არის. სრულიად შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანი მეორეს წინააღმდეგ თავისი ინტერესების მისაღწევად ცილისწამებას მიმართავდეს.

დასაბუთებას ნახავს მთელი საზოგადოება იმის, რომ ეს არის მომზადებული შეტევა საპატრიარქოზე, ეკლესიაზე, წმიდა სინოდის წევრებზე. რეალურად, რამე დამადასტურებელ საბუთს, რომ ეს არის რეალობა, ვერც ერთი ვერ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და ორი არ იქნება ასეთი ბრალდება, ეს ეკლესიისთვის პირველი არ არის, დროდადრო ხდება ხოლმე ეკლესიის წინააღმდეგ მსგავსი შეტევები, ადრეც და ახლაც ეს ყველაფერი დასრულდება ისევ სიმართლის გამომზეურებით“, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

ბრალდებით შეძრწუნებულია მეუფე ზოსიმე შიოშვილი რომლის განცხადებით, ისინი რაღაც ძალების წაქეზებით მოქმედებენ. როგორც მეუფე ამბობს, ბრალდებები აბსურდი და ტყუილია. მიტროპოლიტი წლების წინ სემინარიაში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ სტუდენტების გარკვეულ ნაწილს მან თავიდანვე შეატყო, რომ სხვა სულით გამოირჩეოდნენ. მეუფე ზოსიმეს თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც მისი ბრალეულობა დამტკიცდება. როგორც მან აღნიშნა, სასულიერო აკადემიიდან ის პატრიარქს არ გაუთავისუფლებია და მხოლოდ საკუთარი ნებით წამოვიდა.

„რა თქმა უნდა, გული ძალიან მეტკინა. ეს ტკივილი დღემდე მომყვება. ამ ტკივილს ვატარებ, თავი ვერ გავითავისუფლე. იცით, რა ძნელია, როდესაც სიკეთე გინდა და ადამიანი ამის გამგები არ არის, არ უფრთხილდება?!. არც მინდა იმის გახსენება. წარმოიდგინეთ სტუდენტები ლექტორის კაბინეტში რომ შევარდებიან, ისეთი შფოთი და დაძაბულობები შეიქმნა, ერთსღა ვფიქრობდი, როგორმე დაძაბულობა ჩამეცხრო. მე ვუთხარი, დამშვიდდით შვილო, დაწყნარდით. ეს სხვა სულის ხალხი იყო აბსოლუტურად, ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ იმ ხალხს, ვინც ამათ უკან იდგა.

ზუსტად ვერ გეტყვით, ამ ხალხის უკან ვინ იდგა. საეროს არ დავასახელებ, მაგრამ სასულიერო, ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე რომ იყო, ის ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას, ადრევე მოხვდა დაპირისპირებაში და ეს იმის ხალხია. თავიდანვე შევამჩნიე ეს უცხო სული, ამათ შფოთი, არეულობა და დაძაბულობა უნდოდათ ეკლესიაში“, – განაცხადა მეუფე ზოსიმე შიოშვილმა.

კითხვაზე, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ზვიად გამსახურდიას სემინარიაში მისვლას ეხებოდა, მეუფე ზოსიმემ უპასუხა, რომ გამსახურდია სემინარიაში იმყოფებოდა და მისი იქ მისვლით ჩოჩქოლი და შფოთი შეიქმნა.

„მე მითხრეს, რომ მოსული არის გამსახურდია. როდესაც გავედი გარეთ, უკვე ჩოჩქოლი დავინახე, მასთან ახლოს არ მივსულვარ. როგორც ჩანს, ის თვალს ადევნებდა იმ ამბებს, რაც იქ ხდებოდა. არ ვიცი, ის თავისი ნებით მოვიდა თუ ვინმემ გააგებინა, მაგრამ ერთია, რომ იქ მოსვლით ჩოჩქოლი და შფოთი შეიქმნა“, – აცხადებს მეუფე ზოსიმე შიოშვილი.

ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ზღაპარს უწოდებს მეუფე ზოსიმეს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს. როგორც მეუფე იოანე ამბობს, ამ საკითხზე მამა გიორგის თავის დროზე, 30 წლის წინ უნდა ელაპარაკა. ამასთან, მეუფე იოანე ამბობს, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული ინტრიგა. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე სტუდენტმა, სასულიერო სემინარიის იმდროინდელ რექტორს პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული პროვოკაცია მოუწყვეს.

„ეს იყო ინტრიგა, პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული. მარტო გიორგი სხილაძე არ იყო, კიდევ რამდენიმე – 2 თუ 3 სტუდენტი იყო, რომლებმაც დემაგოგიური წერილი გაავრცელეს, სადაც სიტყვა „მამათმავლობა“ საერთოდ არ იყო ნახსენები, იყო სიტყვა უზნეო საქციელი და მეტი არაფერი. ეს იყო პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული პროვოკაცია. ამის გამო მეუფე ზოსიმემ დატოვა თანამდებობა და ეს სტუდენტები გაირიცხნენ. მათი აღდგენა კი მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეუფეს სთხოვეს შენდობა“, – განაცხადა მეუფე იოანემ.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, ყოფილი მეუფე პეტრე ცაავა ცდილობს პატრიარქი პილატეს სასამართლოს მსგავსად გაასამართლოს და მსჯავრიც ასე გამოუტანოს. მიტროპოლიტის შეფასებით, ეს ლინჩის წესით გასამართლების ტოლფასია, რადგან მეუფე პეტრე მტკიცებულებების წარდგენას არა საერო და საეკლესიო სასამართლოში, არამედ საჯარო სივრცეში აპირებს და პატრიარქისთვის განაჩენსაც სწორედ საზოგადოების ნაწილისგან ელოდება.

„მეუფე პეტრემ თვითონ გაიხსენა პილატეს სასამართლო, რასაც ახლა მეუფე პეტრე ემუქრება ეკლესიას კი არა, საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომ ის წარადგენს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მტკიცებულება უნდა წარადგინოს სად? სინოდის წინაშე ის მტკიცებულებას ვერ წარადგენს იმიტომ, რომ ამის უფლება მას არა აქვს, რაც შეეხება საერო სასამართლოს, არც ამის უფლება არ აქვს, იმიტომ, რომ პატრიარქზე იმუნიტეტი მოქმედებს, პარლამენტმა უნდა განიხილოს.

მეუფე პეტრე სავარაუდოდ, აპირებს საჯარო სივრცეში ამ მტკიცებულებების წარდგენას, ეს მტკიცებულებები დაახლოებით ასე ჟღერს: არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ, ოღონდ სახელებს და გვარებს არ ვიტყვით, ეს მტკიცებულებები ისეთნაირად იქნება წარმოდგენილი, რომ თვით მტკიცებულებაში იქნება გამოტანილი მსჯავრი. რა ჰქვია ასეთ მოქმედებას? ასეთ მოქმედებას ჰქვია ლინჩის წესით გასამართლება. მეუფე პეტრე აპირებს ყოველგვარი სასამართლო პროცედურების გარეშე პატრიარქი გაასამართლოს, ხალხს მოუწოდოს, რომ გაასამართლონ პატრიარქი ლინჩის წესით. აი, ესაა პილატეს სასამართლო, ასე გაასამართლეს იესო ქრისტე. პილატეს სასამართლო სიმბოლურად ნიშნავს, რომ ვითომ იყო სასამართლო და არანაირი სასამართლო არ ყოფილა. მსგავსი გასამართლების მაგალითად მოიყვანა ილია ჭავჭავაძეც, რომელიც მისი თქმით, გარკვეულმა ძალებმა შეაძულეს საზოგადოების ნაწილს და საბოლოოდ მოკლეს კიდეც“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ეკლესიაში მიმდინარე პროცესების უკან პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძეს განცხადებით, შესაძლოა, იგივე ადამიანები დგანან, რომლებიც პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის უკან იდგნენ. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ვერანაირი განცხადებები პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს.

„პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რეალურად ვინ დგას საქართველოს გვერდით, ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის გვერდით. გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც, მაღალი ალბათობით, შედის ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელმწიფოს შესუსტება და მისი ინტერესების დაზიანება.

არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობის უკან, ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან, რადგან საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათ წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს“, –განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იზიარებენ მმართველ გუნდში და დარწმუნებული არიან, რომ საპატრიარქოში განვითარებულის მოვლენების მიღმა, ოპოზიციური ძალები დგანან. დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ორკესტრირებულ შტურმს აწარმოებდნენ ეკლესიის წინააღმდეგ.

„დიდიან–პატარიანად, ერთი კონკრეტული პარტიის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი განშტოებებით, აწარმოებდნენ სწორედ ორკესტრირებულ შტურმს. ეს შტურმი, ბუნებრივია, ინიცირებულია მათი ლიდერების მიერ. ამას ჰქონდა საბაბი, ცნობილი სხდომის შემდეგ, რაც არის მათი ხელწერა. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან მოყოლებული, მაშინ ხელისუფლების პოზიციებიდან, ისინი აწარმოებდნენ შეტევას სხვადასხვა ფორმით ეკლესიაზე და ეს შეტევა გრძელდება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ბრალდებას უარყოფენ ოპოზიციაში და აცხადებენ, რომ ხელისუფლება რელიგიურ გრძნობებს ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რუსული პროპაგანდის მსგავსად მოქმედებენ და რელიგიური გრძნობებით სპეკულირებენ.

„ეს არის ჩვეული სტილი ივანიშვილის ყველა გუნდის წევრის და აქვთ ინსტრუქცია, რომ ეს უტიფარი ბოდვა უბრალოდ უნდა იმეორონ და აქაც რუსული პროპაგანდის მსგავსად მოქმედებენ. როგორი აბსურდული და უტიფარიც არ უნდა იყოს, მთავარია, რომ ნიაღვარი იყოს და ამას რაღაც ეფექტი ექნება. ეს აქვთ გათვლა. აგრძელებენ მათთვის ჩვეულ გამოყენებას რელიგიური გრძნობების და ეკლესიის თემის ამ სიბინძურის გასავრცელებლად ოპონენტების წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოების ყურადღების მცდარი მიმართულებით გადატანას ცდილობენ. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, დღეიდან ერთ–ერთი „ტროლური გამოვლინება“ იწყება და „ტროლების ფაბრიკას“ პარლამენტშიც და მთავრობაშიც მიეცა ბიძგი. როგორც გოცირიძე აცხადებს, მთავრობა მილიონებით დაფინანსებული „ტროლების“ მეშვეობით ბინძურ პროპაგანდას ეწევა.

„საქართველოს მთავრობა ეწევა ყველაზე ბინძურ აგიტაციას და პროპაგანდას „ტროლების“ მეშვეობით, რომლებიც წამლავენ საზოგადოებას, ავრცელებენ ფარულ ვიდეო–ჩანაწერებს. პირდაპირი მითითება, რომ ანტიკონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც ახდენდა მთავრობა ივანიშვილის დავალებით და უნდოდათ არნახული დანაშაულის ჩადენა – მოქმედი პატრიარქის ჩანაცვლება მათთვის მისაღები ადამიანით. მთელი ამ შეთქმულების ორგანიზატორად „ტროლების“ მეშვეობით უნდათ, რომ ხალხს შეასაღონ ოპოზიცია. ეს არის უზნეობა და დანაშაულზე კიდევ ერთი დანაშაულის დამატება. ამიტომ ეკლესიამაც უნდა თქვას თავისი სიტყვა, როდესაც ხელისუფლებას არ უნდა გამოძიება, ჩვენ მოვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

 

სოციალისტი რა ამოძრავებს "მამა"გიორგი სხილაძეს, მითუმეტეს თუ საფრანგეთში ცხოვრობს, რისთვის ჩამოვიდა, გვარამიას არხისათვის ინტერვიუს მისაცემად და საბოლოოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩამოსაშლელად? მხცოვანი პატრიარქი ილია II-ის მოსაკვდინებლად ( თუნდაც შეურაცხმყოფელი სიტყვით), ჩვენთვის მორწმუნეეთათვის რწმენის შერყევა და ეჭვებში ჩაგდება.... ნეტავ რა უნდა, რა არის მისი ფარული მიზანი?!
4 წლის უკან
სოციალისტი წმინდა კოზმა ეტოლიელი მე-18 საუკუნე - "მღვდლები ყველაზე ურწმუნონი გახდებიან";

"მოვა დრო, მღვდლებსა და ერისკაცებს შორის თანხმობა აღარ იქნება";

"მღვდლები გახდებიან უბრალო ერისკაცთა მსგავსნი, ერისკაცები კი ველურ მხეცებს მიემსგავსებიან";

"დაიბადება მხეცი, რომელიც შეგებრძოლებათ";

"საყოველთაო ომის შემდეგ ადამიანებს ნახევარსაათიანი გზის გავლა მოუწევთ, რომ შეხვდნენ კაცს და დაუძმობილდნენ";

"როცა ეს მოხდება, იქნება მერვე საუკუნე";

"მოვა დრო, როცა დაწყევლილი დემონი ნაჭუჭიდან გამოვა";

"ყველაფერი გაეცით, ოღონდ სული გადაირჩინეთ";

"მოვა დრო, როცა მტრები კერიის ნაცარსაც კი წაგართმევენ. მაგრამ სხვებივით საკუთარ რწმენას ნუ უღალატებთ".
4 წლის უკან
სოციალისტი ეკლესიის მსახურნო, ვისაც ღვთის რწმენა არ გაქვთ და ეკლესიაში მხოლოდ მსახურებთ, თუნდაც ზედმიწევნით ასრულებდეთ თქვენს მოვალეობებს, თუნდაც უმწიკვლო იყოს თქვენი ცხოვრება და სამსახური, გთხოვთ თქვენი ნებით, ჩუმად გაიხადოთ ანაფორა და შეხვიდეთ ჩვეულებრივ საჯარო ცხოვრებაში, ერისკაცობაში!
4 წლის უკან
Katana . სოციალისტო მეგობარო, სამწუხაროდ, ტყუილა გაქვს იმედი , რომ განიწმინდება ეკლესია: "არცა ძაღლის კუდი განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს"!

სახლი რომ გაწმინდო (გინდა ღვთის სახლი და გინდა საკუთარი), კარი უნდა გააღო, ნაგავი გაიტანო და გადაყარო, ხომ?
როცა კარი მუდმივად ჩაკეტილი გაქვს, დარაბები - დახურული, მზის სხივს რომ არ უშვებ სახლში და როგორც კი ვინმე შინაური - გაუსაძლისი სიბინძურით შეწუხებული - კარს ოდნავ მაინც გააღებს - დასჯი, ღალატს და ეკლესიის ორგულობას დასწამებ, განაყენებ და განკვეთ... სულ უფრო და უფრო აქოთდება სახლი!
ჰო და, ზუსტად ეს ხდება ახლა!
აშკარაა, რომ ძალიან ბევრი შეწუხდა უკვე, მაგრამ მიდის ორკესტრირებული შეტევა ყველაზე, ვინც რაიმეს გაამხელს, რაიმეს გაამჟღავნებს და ფარისეველთა და მღდელმორწმუნეთა გუნდი ეგრევე იწყებს ქვების მობოჭვას, რომ ჩაქოლოს ნაგვის გარეთ გამომტანი.
ამ კამპანიას არაფერი აქვს საერთო ღმერთმორწმუნეობასთან, სიყვარულის მქადაგებელი იესო ნაზარეველის მიმდევრობასთან.
სწორად გაიხსენა პოეტმა დათო მაღრაძემ დოსტოევსკი: დიახ, ქრისტემ რომ დახლები ამოუყირავა და ეკლესიიდან გაყარა, იმ ხალხის ბუნტს ვხედავ მე!
4 წლის უკან
სოციალისტი არ შემოვალ შენთან პოლემიკაში, დიდად ვაფასებ შენს კეთილგანწყობას. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი, ღმერთი ყველაფერს ხედავს, მისთვის ყველა კარი ღიაა, ღმერთისათვის დაფარული ვერ იქნება ვერც რამე ცოდვა და ვერც სიქველე. ეს ურწმუნოთ სჭირდებათ კაცის სამართალი და მოფარეულში ჩუკენობა. გვაცალეთ, არ გვინდა ეს სულელური სიმართლე (თქვენ რომ სიმართლე გგონიათ), რწმენაში ჩვენი შერყევის მცდელობა მკაცრად მოეკითხება ყველას ... ჩემგან არა, ღმერთისგან, სამსჯავროზე!
4 წლის უკან
სოციალისტი ზვიად გამსახურდია იყო ასეთი კაცი, დიდი ნიჭით დაჯილდოებული - მისი გულშემატკივარი და თანამდგომი ორიოდ წუთში შეეძლო სამუდამო მტრად მოექცია! სიმართლე ეს არ არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება აის პროცესი და სიმართლე ამ პროცესის სუბიექტური აღქმა! რომ მითხარი ყაჩაღის მხარეზე ხარო, იცი კი იმ ყაჩაღმა რა თქვა - მაშინვე გადავწყვიტე, დამემორჩილებინა ეს ქალი, თუნდაც ამისთვის მისი ქმრის მოკვლა დამჭირვებოდა. თქვენ ეს საშინელებად მიგაჩნიათ, არა? დიდი საქმე! კაცის მოკვლას რა უნდა! როცა ქალის დასაკუთრება სურთ, მამაკაცს ყოველთვის კლავენ. მხოლოდ მე ვკლავ ხმლით, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხმალს არ მიმართავთ, თქვენ კლავთ ძალაუფლების, ფულის მეშვეობით, ზოგჯერ კი უბრალო მლიქვნელური სიტყვებით. მართალია, ამ შემთხვევაში სისხლი არ იღვრება, მამაკაცი უვნებელი რჩება, მაგრამ ის თქვენი მოკლულია! და კაცი რომ დაუფიქრდეს, ვისი დანაშაულია უფრო მძიმე, თქვენი თუ ჩემი, _ ვინ იცის?! ეს ყველაფერი სერაფინას მწარე შეგონების შემდეგ დავიმახსოვრე, როცა იმან თქვა, თქვენ წიგნის კითხვა მხოლოდ თვალების კოტრიალი გგონიათო. ახლა ყველაფერს თავიდან ვკითხულობ, ნელ-ნელა და სამართლიანად!
4 წლის უკან
Katana . მადლობა სერაფინას! :))
კარგი, სოციალიტო, ეგერ შენ და ეგერ შენი ზნეკეთილი მღვდელმთავრები, გულმოდგინედ რომ გმანავენ კარებს, რათა არავინ იყნოსოს, რა ხდება შიგნით!..
(მე კი გაცლით, მაგრამ თქვენ თუ ეგრე სოფელს ააშენებთ, მაგასაც ვნახავო! - თქვა მელამ).
სულ კარგად მეყოლე!
4 წლის უკან