რა ეტაპზეა მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება – პროკურატურა ამბობს, რომ ძიება გრძელდება

რა ეტაპზეა მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება – პროკურატურა ამბობს, რომ ძიება გრძელდება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას თემირლან მაჩალიკაშილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. შალვა თადუმაძის უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა გამოძიება შეწყდეს. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს–ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. ოჯახი შვილის განზრახ მკვლელობაში სუს–ის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს ადანაშაულებს და მასთან ერთად იმ სპეცრაზმელის დასჯას მოითხოვს, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა განახორციელა.

პროკურატურამ გამოძიება მაჩალიკაშვილების ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ ფლობს ინფორმაციას გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ. მისი თქმით, თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს. ამბობს, რომ იქამდე, ვიდრე სახელმწიფო მისი ოჯახის წინაშე ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, ბრძოლას არ შეწყვეტს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. თემირლანის საქმე არ დაიხურება. თემირლანის საქმე ამ ხელისუფლებას ჩამოამხობს. მოვითხოვ, სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. ამ სისხლიან და ბოროტ სისტემას ვაიძულებ, შეცდომა აღიაროს. რას ჰქვია დანაშაულს არ აღიარებენ? აღიარებენ! მე იმისთვის ვიბრძვი, რომ სახელმწიფომ დანაშაული აღიაროს. თუ არ აღიარეს, მე მაქვს შესაბამისი მოქმედების გეგმა“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, გამოძიების ასეთი უთქმელი შეწყვეტა არ იქნება სწორი და მეტ კითხვას გააჩენს.

„მეც ასე მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს. შეწყვეტა ერთია, მაგრამ ასეთი უთქმელი შეწყვეტა არ იქნება სწორი. საერთოდ გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება იმიტომ, რომ დახურულ სხდომაზე რა მასალაც უშიშროებამ ყველა ფრაქციას წარმოგვიდგინა, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ დასკვნები გააკეთოს არამხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, არამედ საზოგადოებამ. როგორ აისახება ეს სამართლებრივ ნაწილზე – შეწყდება გამოძიება, გაგრძელდება თუ სასამართლოში გადაინაცვლებს, ამაზე მე დღეს კომპეტენტური არ ვარ, რომ პასუხი გაგცეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საგამოძიებო სტრუქტურის პასუხისმგებლობაა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე დეტალები სუს–ის ხელმძღვანელობისგან კომიტეტის დახურულ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს. თუმცა, საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებენ.

„საქართველოს პარლამენტში, დახურულ სხდომაზე მოხდა სუს–ის ხელმძღვანელების მოსმენა კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც იქნა გაცხადებული ყველა ის ნიუანსი, რომლის გაცხადება ღიად და საჯაროდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხდება. გამოძიებას აწარმოებს საგამოძიებო ორგანო.

ეს არის მისი პრეროგატივა, ყველა მტკიცებულებების შეფასება და შემდგომი საპროცესო მოქმედებების და ნაბიჯების გადადგმა. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად საგამოძობო სტრუქტურის პასუხისმგებლობა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, გააგრძელებს გამოძიებას თუ შეწყვეტს, იმიტომ, რომ ის აუცილებლად აფასებს ყველაფერს იმ მტკიცებულებებით, რომელიც აქვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, თუ მთლიანობაში გავითვალისწინებთ იმ პროცესს და პერიოდს, რა პერიოდშიც ეს გამოძიება მიმდინარეობდა და დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, დიდი ალბათობით, ხელისუფლება სწორედ ცდილობდა გარკვეული დრო გასულიყო, ამ თემას საზოგადოებრივი აქტუალურობა დაეკარგა და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, დიდი ალბათობით, რომ ამ თემამ აქტუალურობა უკვე დაკარგა საზოგადოების თვალში, იმიტომ, რომ წელზე მეტია უკვე გასული ამ მოვლენიდან და მთელი ეს პერიოდი მიდიოდა საპროტესტო აქციები. ეს საპროტესტო აქციებიც მინელდა და აღარ არის ისე აქტუალური. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ დაივიწყა, მაგრამ ხელისუფლებას დღეს უმტკივნეულოდ ანუ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ნაკლები აქტიურობის ხარჯზე, თუ საერთოდ ნულოვანი აქტიურობა არ იქნება, ჩათვალა, რომ დრო არის გამოძიების ის შედეგი დაედო, რაც ვთქვათ, რომ ხელისუფლებას აძლევს ხელს და არა იმათ, ვინც აპროტესტებდა სპეცრაზმის მოქმედებას პანკისის ხეობაში. მალხაზ მაჩალიკაშვილს, რა თქმა უნდა, შეუძლია სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება, თუმცა, ამ თემას იმხელა საზოგადოებრივი რეზონანსი აღარ ექნება“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ფიქრობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შეწყვეტა მთელი პროცესის მიმართ კითხვებს მხოლოდ გაზრდის. აქვე სალაძე აცხადებს, რომ საქმის მუდმივად, დაუსრულებლად გამოძიებაში არსებობა, არც ხელისუფლებისთვის და არც გამოძიებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

„უნდა დაველოდოთ ოფიცილურად ამ თემაზე განცხადებას და ამ განცხადებას ალბათ, გამოძიება მოაყოლებს გარკვეულ არგუმენტებს, თუ საერთოდ შეწყვეტს გამოძიებას, რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ გადაწყვეტილების წინაპირობებთან დაკავშირებით.

რასაც ამ საკითხის ირგვლივ ვხედავთ ესაა, ერთი მხრივ ის, რომ შეიძლება ეს არ იყო მარტივად გამოსაძიებელი საქმე და მეორე მხრივ, მუდმივად ამ საკითხს თან გასდევდა კითხვა – შეიძლება ყოფილიყო თუ არა პოლიტიკური წინაპირობა, იმისთვის, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო სათანადოდ გამოძიებული. პირველ ეტაპზე, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს არის გამოძიების პასუხი, თუ შეწყდება გამოძიება, რატომ წყდება გამოძიება და არა მხოლოდ ზოგადი შეფასება,“ – განაცხადა სულხან სალაძემ.

 

სოციალისტი ვინც რაც არ უნდა თქვას, for.ge ძალიან მაგარი საიტია. კვალიფიციური და შინაგანად პატიოსანი ჟურნალისტები ამუშავებენ ამ საიტს. მადლობა მინდა გითხრათ. კარგები ხართ!
4 წლის უკან