როგორ უნდა მივხვდეთ, რომ მატრასის გამოცვლის დროა. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. რჩევების შესახებ მასალა Meduza-მ მოამზადა.
პირველი რჩევა ის არის, რომ მატრასის გამოყენების ვადა მაქსიმუმ 8 წელია. თუ თქვენ დილით ზურგის არეში ტკივილი გაწუხებთ, მიზეზი მართალია, ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა მათ შორის მოძველებული ან არასწორად შერჩეული მატრასიც არის.
გასათვალისწინებელია, რომ მატრასები გარკვეული წონისთვის არის განკუთვნილი. თუ თქვენ, ან თქვენმა პარტნიორმა წონაში მოიმატეთ, იცოდეთ, რომ მატრასის შეცვლის დრო დადგა.
თუ გრძნობთ, რომ მატრასზე ზოგი ადგილი ჩაიღუნა და ძილის დროს ცენტრისკენ ან ნაპირებისკენ იხრებით, ესეც მიუთითებს, რომ მატრასი დაძველდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთი ნიშანი მატრასზე წოლის დროს ერთი გვერდიდან მეორეზე გადაბრუნების გართულებაა.
ასევე თუ გრძნობთ როდის გადატრიალდა საწოლში თქვენი პარტნიორი და თუ დილით საწოლიდან ადგომის შემდეგ მატრასზე თქვენი სხეულის ფორმას ამჩნევთ, ეს ნიშნავს, რომ მატრასი დაძველდა.
თუ თქვენი საწოლი ჭრიალებს, ერთ-ერთი მიზეზი მატრასის სიძველე შეიძლება იყოს. მთავარ სიგნალად ჩათვალეთ ისიც, თუ თქვენ სხვაგან უფრო კომფორტულად გძინავთ, ვიდრე თქვენ საწოლში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - ახალი საწოლი იყიდეთ, მაგრამ მატრასი მას კარგად არ ერგება, ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ კარგი მატრასის ყიდვა, რადგან შეუსაბამო ზომაზე ძილი გაგიჭირდებათ.