დოლიძის გაწვევით პრეზიდენტი კონსტიტუციას დაარღვევს

დოლიძის გაწვევით პრეზიდენტი კონსტიტუციას დაარღვევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა, საბჭოში ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილის სახით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულია. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი მას საბჭოს წევრობიდან გაიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს. დოლიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უამრავი გადაუწყვეტელი საქმე აქვს, თუმცა ახერხებს მის ჩამოშორებაზე იმსჯელოს.

„ყველაზე დიდი ხაფანგი სალომე ზურაბიშვილისათვის არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, იქიდან გამომიდინარე, რომ მას არ აქვს უფლება საბჭოს წევრი გამოიწვიოს. თუ ის მე გამომიწვევს, რა თქმა უნდა, დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და თავს იმპიჩმენტის საფრთხის ქვეშ ჩაიყენებს.

თითქმის ყველა მოქალაქეს გადაწყვეტილებები უგვიანდება. უამრავი ადამიანია, რომელიც ვერ ახერხებს სამართლის პოვნას მართლმსაჯულების სისტემაში. ამ პირობებში იუსტიციის საბჭომ საქმედ დაისახა ჩემი განდევნა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე პრეზიდენტმა წარადგინა, მისი გამოწვევის პროცედურაზე კანონდებლობაში არაფერი წერია. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს განცხადებით, პრეზიდენტს მხოლოდ იმის უფლებამოსილება აქვს, რაც კონსტიტუციით პირდაპირ აქვს მინიჭებული. „ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის უფლება და გათავისუფლება, მის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის“, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

მაშ ასე, პრეზიდენტს დოლიძის განთავისუფლების უფლებამოსილება არ გააჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციის თანახმად, ზურაბიშვილი ვერ დააკამყოფილებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას. ა–ო „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ მას ათავისუფლებს. მისი თქმით, დავით ნარმანიასთან დაკავშირებით, როცა ზუსტად მსგავსი საკითხი დადგა, პარლამენტი იძულებული გახდა შეეცვალა კანონმდებლობა და პრეზიდენტის ნაცვლად ეს უფლებამოსილება გადაეცა სხვა ორგანოს.

„პასუხი მარტივია, საკმარისია გადაშალო კონსტიტუცია, მის 52-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალია პრეზიდენტის უფლებამოსილებების და კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ნებისმიერი უფლებამისილება, რომელსაც პრეზიდენტი განახორციელებს, უნდა იყოს თავად კონსტიტუციით გათვალისწინებული. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ მას ათავისუფლებს. ამ ნორმის სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალება, ალბათ, არსებობს.

ზუსტად იგივე პრობლემა იყო ბატონ ნარმანიასთან დაკავშირებით, არ ეწერა პრეზიდენტის უფლებამოსილებებში სემეკის თავმჯდომარის ნომინირების უფლებამოსილება, სწორად ამიტომაც, პარლამენტი იძულებული გახდა შეეცვალა კანონმდებლობა და პრეზიდენტის ნაცვლად, ეს უფლებამოსილება გადაეცა სხვა ორგანოს“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლების უფლება არ აქვს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონკრეტულად არის გაწერილი კონსტიტუციაში.

„არ უწერია პრეზიდენტს თავის უფლებამოსილებაში მის მიერ წარდგენილი კანდიდატის უკან გამოწვევა. კანონში რომ ეს წერია, არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციით ამის უფლება პრეზიდენტს აქვს. ამიტომ, ეს არის წინააღმდეგობრივი ნორმა. იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ ჯერ, რადგან კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი კანონი.

ამიტომ, ვერაფერი დაემატება იმ უფლებამოსილებებს, რაც კონსტიტუციაში ჩაწერილი არ არის. პარლამენტს უწერია ეს კანონში, რეგლამენტში და კონსტიტუციით აკრძალული არ არის. სურვილი იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ, საბჭოს წევრებმა ჩანაწერი წიკითხონ ისე, როგორც სურთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ანა დოლიძის პოლიტიკური განცხადებები საბჭოდან მისი გაწვევის საფუძველი არ უნდა გახდეს. როგორც მდინარაძე აცხადებს, ზედმეტად მიაჩნია დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ ანა დოლიძე, მისივე განცხადებების გამო, ვინმემ უნდა გაიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში შეიქმნება პრობლემა, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ხომ არ გვაქვს საქმე.

„სიმართლეა და მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ანა დოლიძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ძალიან ხშირად. ეს შეიძლება იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრმა მიიჩნია მისი გაწვევის საფუძვლად. თუმცა, მე არ მგონია ეს იყოს მისი გაწვევის საფუძველი, მაშინ განსაკუთრებით, როცა კანონის და კონსტიტუციის მოთხოვნები შესაძლოა ისე განმარტოს რომელიმე იურისტმა, რომ შეუსაბამოა ერთმანეთთან. ასეც რომ არ იყოს, ცოტა ზედმეტად მიმაჩნია დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ მისი განცხადებების გამო ვინმემ ის უნდა გაიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვექმნება პრობლემები ზოგადად, არა მმართველ გუნდს, პრეზიდენტს, იუსტიციის საბჭოს ან ანა დოლიძეს ან რომელიმე სუბიექტს, არამედ ზოგადად შეიქმნება პრობლემა, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ხომ არ გვაქვს საქმე და ამაზე იქნება აქცენტები გადატანილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ანა დოლიძის გაწვევის საკითხის ნაცვლად, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საკუთარი ინიციატივით დანიშნული წევრები უნდა გამოიწვიოს.

„იუსტიციის საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების გამოწვევის საკითხი დავაყენოთ, ნაზი ჯანეზაშვილის გარდა. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ამ ადამიანებმა, პრაქტიკულად, ნდობა ვერ გაამართლეს. შესაბამისად, როდესაც ნდობის გამართლება არ ხდება, ვფიქრობ, რომ პარლამენტმა უნდა გამოასწოროს თავისი დაშვებული შეცდომა და ის წევრები, რომლებმაც რეალურად ხელის შეუწყო მახინჯ პროცესს, გამოიწვიოს საბჭოდან“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ინიციატივა არ მოსწონს საბჭოს არამოსამართლე წევრს, ლევან გზირიშვილს, რომლის შეფასებით, იმისთვის, რომ შეფასდეს საბჭოს წევრის საქმიანობა, კონკრეტულმა პოლიტიკოსმა თუ ჟურნალისტმა სტატისიტიკა უნდა გამოითხოვოს.

„არაჯეროვანი“ ძალიან საშიში ტერმინია, თუნდაც იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე ზემოქმედება მოახდინო. მაინც მგონია, რომ არაჯეროვნობის შეფასება თანაბრად უნდა მოხდეს ყველა წევრისა იმის მიხედვით, თუ ვინ რა საქმიანობას ეწევა,“ – განაცხადა ლევან გზირიშვილმა.

tngh საქართველოში ყველაზე დიდი... "მეგრანტეების" კლანია. სხვა ყველა კლანი, ბაგა-ბაღია ამ კლანთან შედარებით.
4 წლის უკან
tngh საქართველოში ყველაზე დიდი... "მეგრანტეების" კლანია. სხვა ყველა კლანი, ბაგა-ბაღია ამ კლანთან შედარებით.
4 წლის უკან
სოციალისტი რაფერ უპატივცემულოდაა დარჩენილი ეს ლამაზი ქალბატონი! აფსუს, აფსუს!!!
4 წლის უკან