პრეზიდენტმა არ იცის როდის შეიწყალებს მამალაძეს

პრეზიდენტმა არ იცის როდის შეიწყალებს მამალაძეს

საპატრიარქოს წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ყოფილი დეკანოზის შეწყალება მორატორიუმის ფონზე, ამ ეტაპზე გაურკვეველია. ბრალდებულის ძმა, თორნიკე მამალაძე იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მიმართავს და სთხოვს, დეკანოზს სასჯელი გადაუვადოს და მისი მკურნალობის პარალელურად, პრეზიდენტმა გადაწყეტილება მიიღოს. თორნიკე მამალაძე იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სინოდის შუამდლომლობას გაითვალისწინებს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება დადგმული სპექტაკლი და ამ ადამიანებს რეალურად სურთ ჩემი ძმის გათავისუფლება. ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას ალტერნატიულ გზას, იუსტიციის სამინისტროს იურიდიულად შეუძლია სასჯელის გადავადება. გადაავადონ სასჯელი, გამოვიყვანთ ჩემს ძმას, დავიწყებთ მკურნალობას და პრეზიდენტსაც ექნება საიმისოდ დრო, რომ გადაწყვიტოს ეს საკითხი“, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

მამალაძის შეწყალების იმედი არ აქვს ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს. როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პრეზიდენტმა ისევ „დაფრანგულობის“ გზა აირჩია, ეს არის დადგმული სცენარი. მისი თქმით, საპატრიარქოს გულწრფელობის შემთხვევაში ერთი ალტერნატივა არსებობს.

„ვინაიდან მიზნები იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, არსებობს კანონი, რის თანახმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით. პატიმარს ათავისუფლებენ ციხიდან სამკურნალოდ, შემდეგ ის ისევ უბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ „დაფრანგულობის“ გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვაზე, მაშინ როდესაც ის ამბობს, რომ გმობს პატრიარქის შეურაცხყოფას, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი 23 ნოემბერს შეიწყალოს. როგორც ჩანს, „ციანდის საქმეზე“ ბარალდებული გიორგი მამალაძის შეწყალებას არ ჩქარობს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გავიგებთ.

„შეწყალება არის სენსიტიური საკითხი, საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა. ძალიან გავუფრთხილდები ჩემს გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით. ისედაც ჯერ წესები არ არის ჩამოყალიბებული. ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად ახალი ბრძანება, გაგაცნობთ და მერე დავფიქრდები. დავფიქრდები, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ყველასთვის გასაგები იყოს. დღევანდელ საზოგადოებას არ სჭირდება კიდევ ერთი შფოთის მიზეზი და ამიტომ დავფიქრდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უმრავლესობას პოზიცია არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მის პირად დამოკიდებულებებზე პენსიაზე გასვლის მერე ილაპარაკებს. მისი თქმით, აშკარაა, ინტენსიური შეტევა ქართულ ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, პირადად პატრიარქზე. შანტაჟის თემა, რასაკვირველია, მიუღებელი და წარმოუდგენელია. როგორც ვოლსკი აცხადებს, თუ ვინმეს რამე გააჩნია, ეკლესიის ან ნებისმიერი უწყების წინააღმდეგ, უნდა წარმოადგინოს.

„არ მჯერა, რომ გიორგი მამალაძეს, ან ვინმეს გააჩნია რაღაც კადრები და ხმამაღალი შეძახილებით შეიძლება დააშანტაჟოს საპატრიარქო. რაც შეეხება გიორგი მამალაძის შეწყალებას, ჩემს პირად დამოკიდებულებებზე დაგელაპარაკებით მას მერე, რაც პენსიაზე გავალ. მორატორიუმი აქ არ არის მთავარი.

მორატორიუმს საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ფორმა არ აქვს, ის შეწყდება მაშინ, როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც კრიტერიუმები ჰქვია, ვიქნებით სრულ თანხვედრაში საზოგადოებასთან. საზოგადოებისთვის უნდა იყოს მისაღები კრიტერიუმები. შეწყალება ისეთი რამეა, კონსენსუსი არ უნდა ირღვეოდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს არ შეიწყალებს და 28 აგვისტოს განხორციელებულ შეწყალების საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. „ევროპულმა საქართველომ“ შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს წარუდგინა. სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველ პარტიას უნდა ესმოდეს, რომ ინიციატივის ჩაგდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს.

„არ მიკვირს, რომ იცავთ პრეზიდენტს და თქვენ მიერ გაყვანილ და იქ დასმულ ადამიანს, ქალბატონ ზურაბიშვილს, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე, ახლა რომ ამბრაზურასავით გადაეფარეთ ანუ თქვენ უკვე თვლით, რომ არანაირი დანაშაული არ ყოფილა? ანუ თქვენ უკვე წინასწარ ამბობთ, რომ არანაირი კორუფციული პოტენციური პრობლემაც კი არ არის? ამას ამბობთ?

წინა ხელისუფლებას ცუდი რაღაც ჰქონდაო გაკეთებული - გამოიძიეთ მერე, კიდევ რვა და ცხრა წლის შემდეგ აქეთ გვამადლით?! დადექით და გამოიძიეთ თუ რამე ისეთი მოხდა, მათ შორის, შეწყალების კუთხით, რომელშიც კორუფციული ნიშნები იკვეთებოდა. ვთქვათ, ცუდი იყო სააკაშვილი რომ შეიწყალა 1000 ადამიანი, ამის გამო, დღეს თუ იგივე ცუდი რაღაც გააკეთა ზურაბიშვილმა ეს ამბავი არ უნდა გამოიძიოთ? საერთოდ რა ლოგიკა არის ამაში?“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომაზე და აქვე აღნიშნა რომ ეჭვი არ ეპარება, მმართველი პარტია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ჩააგდებს.

იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირებას დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძის განცხადებით, კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ინტერესში უნდა შედიოდეს. ამასთან, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ შეწყალების საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება, რასაც დარბაზში მყოფი რამდენიმე დეპუტატის მხრიდან სიცილი მოჰყვა.

„როგორც ხედავთ, ყველა ერთ რამეზე ვთანხმდებით, რომ დანაშაულის ნიშნები იკვეთება. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომ არის დანაშაულის ნიშნები. გამოძიება მიმდინარეობს, დაიკითხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ასევე ის ადამიანი, ვისაც შეწყალებასთან ჰქონდა შეხება, იკვეთება კორუფციული ნიშნები და თქვენ იმ ფორმულირებაზე გეცინებათ? გამოძიება შეიძლება დაიწყოს დანაშაულის ნიშნების გარეშე?!

ჩვენ ეჭვი გამოძიების ობიექტურობაში გვეპარება, ვინაიდან, როგორც ყველა გამოძიება, სადაც არის ხელისუფლება ჩარეული და სადაც ხელისუფლების დანაშაული იკვეთება, ის გამოძიება ჩაიფარცხა. არც ერთი პროცესი არ იყო ბოლომდე მიყვანილი და არ მინდა ჩამოვთვალო აფგან მუხთარლით დაწყებული, დასრულებული სხვა საკითხით. ჩვენ არ ვენდობით გამოძიებას. მივეცით შანსი, პაუზა გვქონდა, ვხედავთ, რომ გამოძიება ფაქტობრივად, დასრულდა ორიოდე საოქმო გამოკითხვით, პრეზიდენტი არ დაიბარეს, არ დაკითხეს და არ გამოკითხეს“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს მხარი დაუჭირონ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან სხვა შემთხვევაში, აღნიშნულს სერიოზული პოლიტიკური რეზონანსი ექნება. ოპონენტების რეკომენდაციის გაზიარებას არ აპირებს მმართველი უმარავლესობა. დავით მათიკაშვილმა ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმე გაახსენა და დაინტერესდა, მისი იმპიჩმენტისთვის მათთან ერთად ხელმოწერებს კიდევ ვინ აგროვებდა?

„როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, მისი იმპიჩმენტისთვის თქვენთან ერთად ხელმოწერებს კიდევ ვინ აგროვებდა? რამდენი კაცი აგროვებდით ხელმოწერებს, გაეცით საზოგადოებას პასუხი. მაშინ სად იყავით, რატომ არ გახსოვდათ ეს ყველაფერი? ახლა ოპოზიციის გადასახედიდან მითითება ერთია, როდესაც ამბობთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტია ვართო, ეს პასუხისმგებლობა აი, იქიდან უნდა ჩანდეს. რაც შეეხება დღევანდელობას, სამართალდამცავი სტრუქტურები თავის საქმეს აკეთებენ.

თქვენ რომ კომისია მართლა ცირკის და პერფორმანსისთვის არ გჭირდებოდეთ, შეიძლება კიდევ აქტიურად გამოიყენოს საზოგადოებამ ეს ფორმატი, მაგრამ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა კომისიამ დაადასტურა, რომ თქვენთვის ჭეშმარიტება არ არსებობს. თქვენთვის ერთადერთი ჭეშმარიტება არის თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი. დავაცადოთ სამართალდამცავ ორგანოებს და სხვის თვალებში ბეწვის ნახვას, დირე დავინახოთ ჩვენს თვალებში ჯობია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

სოციალისტი თუ ეს კაცი სამართლიანად არის განსჯილი და დანაშაულის გამო იხდის სასჯელს, მაშინ ის არ უნდა იქნეს შეწყალებული. თუის არასწორად გასამართლდა და სასჯელს იხდის არ ცადენილი დანაშაულის გამო, მაშინ მითუმეტეს შეწყალება შეძლებელიც არის! მართალი კაცი შეწყალებული რისთვის უნდა იქნეს? მართალს ვერ შეიწყალებ! არა და ეს ციხეში მარტო არ უნდა იჯდეს, პაატა ცაავა უნდა ეჯდეს გვერდით საკანში!
4 წლის უკან