ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 23-წლამდელთა ნაკრების წევრები ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) ფინალში გავიდნენ.
2 ნოემბერს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სპორტსმენები ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, ბრინჯაოსთვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან ბექა მამუკაშვილი (77 კგ) განაგრძობს.
ქავჟარაძემ საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა, ნახევარფინალში რუსი ვალიტოვი დაამარცხა და ფინალში ირანელ დალხანის შეხვდება.
ფინალამდე სამ მეტოქეს მოუგო გურამ ხეცურიანმა, მათ შორის რუსს სპორტსმენს, ფინალში ხეცურიანი უკრაინელ ნოვიკოვს შეხვდება.
ზვიად პატარიძემ ფინალამდე სამი მეტოქე მარტივად დაამარცხა, ქუთაისელი მძიმეწონოსანი 6-გზის მსოფლიოს ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის და 2 ნოემბერს მეშვიდე მსოფლიო ოქროს მედალისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე ირანელი იოსოფიაჰმადჩალი იქნება.
შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.