საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მიტროპოლიტი პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი. როგორც ოქმშია აღნიშნული, ილია მეორემ აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე გამორჩეული მღვდელმთავარი იყო და მისი ამგვარი ცვლილება მეტად სამწუხაროა.
„წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს–პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.
მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55–ე კანონის საფუძველზე, მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი, რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს. აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“, – ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.
წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა განაცხადა, რომ ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის. როგორც უწმინდესმა ბრძანა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს უფიქრია ვინმეს დასჯა.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ საბაბი საზოგადოებას დაბრკოლდეს ეკლესიისა და სარწმუნოების მიმართ. აქ შევიკრიბეთ არა იმისათვის, რომ ვინმე დავსაჯოთ, არამედ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ კი არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ტვირთი, არამედ უნდა შევუმსუბუქოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა. მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ.
მე აღვიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ იყო დიდი კრძალვა ღვთისადმი და თანაგრძნობა მოყვასისადმი. ჩვენი ოჯახი არაერთხელ იფარავდა დევნილ სამღვდელოებას. დღეს რთული დროა. ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერი არ დაბრკოლდეს, ჩვენი ქცევისა და გამოსვლების გამო. ყოველ მღვდელმთავარს აქვს დადებული ფიცი ღვთისა და პატრიარქის წინაშე ერთგულებისა და ამ ფიცის დარღვევის შემთხვევაში, იგი დიდ ცოდვას იდებს საკუთარ თავზე“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წმინდა სინოდის სხდომაზე.
სინოდის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სადაც სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილია შეკრებილი, რომლებიც მეუფე პეტრეს მხარდაჭერას უცხადებენ. მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის იღუმენია თამარი სინოდის დღევანდელ გადაწყვეტილებას პილატეს სასამართლოს უწოდებს.
„მიუღებელია სინოდის გადაწყვეტილება, ეს დღე იყო პილატეს სასამართლო. თუკი ვინმეს შერჩენია საღი აზრი, უნდა ფიქრობდეს საერთო კრებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სასულიერო პირები, ასევე ერისკაცები. ამ გადაწყვეტილებით სინოდმა კი არ გადაწყვიტა პრობლემები არამედ ჩიხში შეიყვანა ეკლესია“, -განაცხადა იღუმენია თამარმა.
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, როდესაც ამბობდა, რომ პეტრე ცაავას პატრიარქის ფიზიკური და სულიერი მოკვდინება სურდა, გულისხმობდა სწორედ იმ სიბინძურეს, რაზეც დღეს პეტრე ცაავამ უკვე ღიად ისაუბრა.
„ფარდა აეხადა იმ გარემოებას, რომ როდესაც გამოვედი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ და ვამბობდი, მას უნდა მოკვდინება პატრიარქის, მას უნდა მისი სულიერი და ფიზიკური მკვლელობა პატრიარქის, სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი. საჯაროდ ვერც გავიმეორებდი, ღმერთმა დამიფაროს, ის სიტყვები, ცილისწამება, ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მან იკადრა, მაშინ მე მეთქვა. მაგრამ მე ვთქვი, რომ მას უნდა პატრიარქის მკვლელობა, მოკვდინება, ანუ სულიერი და ფიზიკური. შეიძლებოდა ადამიანს ელემენტარულად გულიც კი გასკდომოდა იმ ცილისწამებისათვის, იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელიც მან, აი, იმ ბოროტმა ვერ დაითმინა და მისი ბაგეებიდან ათქმევინა.
ამ განცხადებით, ამ ბინძური კამპანიით, თავისი დედაოებით, თავისი დამქაშებით, მრევლით, ის აპირებდა რამდენიმე წლის უკან, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი შეერყია, დედა ეკლესიის ავტორიტეტი შეერყია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია. მე არ ვიცი, ვის და რის მიზანს ემსახურება, მაგრამ ფაქტია, მას ამოძრავებდა პირადი ამბიცია, ან გარკვეული ძალები აშანტაჟებდნენ ან აიძულებდნენ“ , – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ედიშერ ქარჩავამ.
სინოდის გადაწყვეტილებას მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. საგანგებო განცხადება გააკეთა თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები საქართველოს პატრიარქზე, ქვეყნის სულიერ სიმბოლოზე, არის შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე.
„საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქის ლოცვა–კურთხევით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სინოდმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც მოემსახურება ეკლესიაში პროცესების უკეთ წარმართვას. რაც შეეხება პეტრე ცაავას ბრალდებას, კობახიძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„ეს არის განცხადება, რომელიც თავის თავზე თავისთავად მეტყველებს. ეს იყო მთლიანად სინოდის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც შესაძლებლობა, სიღრმეში შევიდეთ, ამ მსჯელობისას უკეთ იცოდა, რა თქმა უნდა, სინოდმა, უკეთ იცოდნენ სინოდის წევრებმა, უკეთ იცოდა პატრიარქმა, თუ რა მდგომარეობა იყო შექმნილი, რა იყო გადაწყვეტილების კონტექსტი და აქედან გამომდინარე, სწორედ მათ ჰქონდათ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მიეღოთ. ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ეკლესიის ინტერესებს. ჩვენთვის მთავარია, ბუნებრივია, ეკლესიის სიძლიერე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედაც ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას მოემსახურება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ამბობს, რომ ასეთი რაღაცეები ბოლო ჟამს არის დამახასიათებელი, ინტრიგები, ჩაშვებები, დაპატიმრებები, საშინელი მხილებები. მისი თქმით, ის ბრალდებები, რომელიც პეტრე ცაავას მხრიდან გაისმა, უკეთესი იქნებოდა მაშინ გაჟრღერებულიყო, სანამ მისი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრობიდან განყენება მოხდებოდა. როგორც გიგი უგულავა ამბობს, ქვეყანაში უნდა შეწყდეს ადამიანების დევნა სექსუალური ნიშნით, რომლის ავანგარდშიც სწორედ ეკლესიის დიდი ნაწილი დგას.
„ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, ბუნებრივია, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის შოკის მომგვრელია. მე არ მინდა ზედმეტად გავართულო ის უმძიმესი მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოს ეკლესიაშია შექმნილი. რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი, ურთიერთბრალდებები რომელიც გაისმა, უკეთესი იქნებოდა ყოფილიყო მეუფე პეტრეს თანამდებობაზე ყოფნის დროს და არა გადაყენების შემდეგ.
ამას უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა. მეორე, მე საქართველოს ერთი მოქალაქე, მეუფე პეტრეს ბრალდებას სხვანაირად ვუყურებ. კერძოდ ის, რომ პრობლემა არა ჰომოსექსუალიზმია, არამედ ის, რომ ღვთის სახელით, ეკლესია ტაბურეტკებით დასდევდა ჩვენი საზოგადოების ამ მოწყვლად ჯგუფს. დღეს საქართველოს საპატრიარქოზე რუსული გავლენა პრობლემად რჩება. მეტსაც გეტყვით, თუ რამით აშანტაჟებს ქართულ სასულიერო პირებს რუსული ФСБ , სწორედ ის ბრალდებებია, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ“, – აცხადებს გიგი უგულავა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერს, დავით უსუფაშვილს უნდა სჯეროდეს, რომ სინოდის გადაწყვეტილება არ არის გუშინ გაჟღერებული შანტაჟის შედეგი. უსუფაშვილის შეფასებით, ეკლესია უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც სათნოებას ასხივებს.
„ძალიან მძიმე პროცესია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს. საეკლესიო წრეებში იმ ადამიანების მეტი აქტიურობით, ვისთვისაც ასევე მოუთმენელია ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო ხანების განმავლობაში. ეკლესია, ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტი და ჩვენ გვინდა, რომ ეს ინსტიტუტი ასხივებდეს სიყვარულს, სათნოებასა და შემრიგებლობას და არა იმას, რასაც ვხედავთ ბოლო ხანებში.
ამის იქით კონკრეტულად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს თავად საეკლესიო წრეების გადასაწყვეტია. მე მინდა ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდეს და ეკლესიიდან გვესმოდეს ის, რაც უნდა გვესმოდეს. ამა თუ იმ მეუფეების საკითხები, ეს არის ეკლესიის შიგნით მოსაგვარებელი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თუ ეს სკანდალები გაგრძელდა, ქვეყანა დაკარგავს სულიერ საყრდენს, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდა და რომლის სიმყარეში ლომის წილი აქვს პატრიარქს. მისი თქმით, როგორც ჩანს, საპატრიარქომ გადაწყვიტა, უფრო გაბედულად იმოქმედოს და აღარ ჰქონდეს სტრატეგია – ვნახოთ, იქნებ ყველაფერმა ჩაიაროს თავისით. მისი შეფასებით, სწორედ ასეთმა სტრატეგიამ გამოიწვია პრობლემების ზრდა.
„კარგი არაფერი რომ არ ხდება, მგონი, ყველა მოწმე ვართ. იმ მხრივ, რომ ეს სტრუქტურა ბევრი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა და პრაქტიკულად, ჩემი აზრით, საკმაოდ დაგვიანებით უწევს რეაგირება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც წარმოიშვა. დანარჩენი საკითხები უბრალოდ, გაჭიანურების გამო გაგრძელდა.
მეუფე პეტრეს რატომღაც დღეს გადაუწყვიტეს გაშვება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგის მიზეზი გაცილებით ადრე იყო, იმიტომ, რომ ძალიან მკვეთრ და საპატრიარქოსთვის ზიანის მომტან განცხადებებს გაცილებით ადრე აკეთებდა. ანალოგიურად, მამალაძის საქმის გადაჭრა დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა და იქაც გადაწყვეტილება შეიძლება გაცილებით ადრე მიღებულიყო“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, ეკლესიის მიმართ იმედგაცრუებამ შეიძლება საკუთარი კულტურის მიმართაც შეარყიოს საზოგადოების ერთგულება.
„თუ ეს პარადი სკანდალები გაგრძელდა, ქვეყანა დაკარგავს სულიერ საყრდენს, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდა და რომლის სიმყარეში ლომის წილი აქვს პატრიარქს. მას ყოველთვის ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა საზოგადოებაში. ამას გრძნობდა საზოგადოება. პატრიარქის მიმართ იმ აგრესიაში, რომელიც ისმის შიგადაშიგ, ფაქტობრივად, იკითხება მთელი აი, ამ კულტურული სიმყარის მიმართ აგრესია. პატრიარქის სახელის მორყევით მთელი ქართული კულტურის ავტორიტეტი ირყევა და ამისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შეფასდეს“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, რამდენი სიბინძურის მომსწრენი ვართ ამ ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე, მაგრამ რაც ამ პეტრე ცაავამ იკადრა, მისი თქმით, იმდენად ამაზრზენია, ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს.
„რაოდენ წამხდარი და ბილწი უნდა იყო, რომ მხცოვან პატრიარქს, რომლის ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია, მსგავსი ცილი დასწამო და ამით, არა მხოლოდ მის უწმინდესობას და უნეტარესობას, არამედ მთლიანად წმინდა ეკლესიასა და სრულიად საქართველოს, იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენო, რაც მრავალ ჭირგამოვლილ ჩვენს ისტორიას დღემდე არ ახსოვს?!
ესაა უკიდურესი დაცემა, თუმცა საკითხავია: სად გადის თქვენი სიბილწის ზღვარი, ნაცებო?! პეტრე ცაავა – არა მხოლოდ ნაცია, იგი, როგორც ცრუ სასულიერო პირი, ნაცების უზნეობის სახეა. ისაა მათი ურჯულოების ცოცხალი სიმბოლო. ახალაიების მოძღვარი სხვა ვინ ან რა იქნებოდა, თუ არა პატრიარქის წინაღმდგომი და მგმობელი?!
რასაკვირველია, ისევ პატრიარქისკენ ხელის გაშვერა და მისი დამუნათება, რატომ ჰყავდა ასეთი ურჯულო მღვთელმთავრადო, სრულიად უსაფუძვლოა, უსაფუძვლოა და მკრეხელობაც არის, თუნდაც მხოლოდ იმიტომაც, რომ მაცხოვრის 12 მოციქულთაგან ერთი – იუდა ისკარიოტელი იყო! ამ ურჯულო ნაცის მღვდელმთავრობიდან განყენება რაა მისთვის?! გასაპარსია და ვირზეა ეგ უკუღმა შესასმელი! არც ერთმა მრევლმა, არც ერთმა ქრისტიანულმა ტაძარმა იგი უბრალო დიაკვანადაც კი აღარ უნდა მიიღოს და დაე, წავიდეს იქ, საიდანაც მოსულა – ნაცებთან და უკუღმართულად იმათთვის სწიროს!“, – წერს დავით ზარდიაშვილი.
სულ არ მიკვირს ამ მოწყვლადი უგულავასათვის ჰომოსექსუალიზმი პრობლემა რომ არაა!!!