„თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, ყველაფერს მოვყვები, რა და როგორ იყო“, – აცხადებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, რომლის განმარტებით, მთავრობის ქმედებებმა დააზიანა პროექტი, რომელიც ართულებს ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესებს. პარლამენტში, სადაც ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, ლევან ახვლედიანმა პროექტის გადარჩენის 3 პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
როგორც ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, გეგმის შესახებ მთავრობა ზაფხულის შემდეგ იყო ინფორმირებული. ერთ–ერთი პუნქტი მთავრობისა და ინვესტორების ურთიერთობას ეხება, ხოლო ორ დანარჩენ პუნქტში კი საუბარია საკითხებზე, რაშიც მთავრობა უნდა ჩაერთოს. მისი თქმით, თუ ეს დაკმყოფილდება, პროექტი შედგება. ლაპარაკია საერთაშორისო ბანკების მიერ სესხის გარანტიის შექმნაზე, რომელიც ნაწილობრივ უზრუნველყოფს სესხის უზრუნველყოფას.
ეს არის ვარიანტი, რომელიც ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმმა შესთავაზა მთავრობას – 150 მილიონის მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა კონსორციუმის ინვესტორები 50 მილიონით, ევროკავშირი 50 მილიონით, მაგრამ მისი თქმით, ევროკავშირმა დააყენა წინაპირობა, რომ მთავრობამაც დადოს 50 მილიონი.
„მთავარი ასევე არის პორტოპერატორის მიერ დაყენებული ახალი მოთხოვნა 2019 წლის ზაფხულში, რომელიც ითვალისწინებს მთავრობამ არ გაუწიოს კონკურენცია ანაკლიის პორტს თავისი ინვესტირებით ან სხვა რესურსით სხვა ღრმაწყლოვან პორტს, სანამ ანაკლიის პროექტის პირველი ფაზა არ იქნება მიღწეული 70%–იან უტილიზაციამდე. ინვესტორების მოთხოვნა არის ის, რომ ამ რთულ ვითარებაში მთავრობამ პირდაპირ დაინტერესებულ კანდიდატებს, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი ამ პროექტის ინვესტირებაში, გამოუცხადოს მხარდაჭერა“, – აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებას, კრიტიკით უპასუხა უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ, რომლის განცხადებით, გამოდის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაიმარჯვა და შემსყიდველი, პრაქტიკულად, მძევლად არის აყვანილი. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ტენდერში კონსორციუმის კონკურენტს პრობლემა იმიტომ შეექმნა, რომ სწორედ იგივე გარანტიას ითხოვდა, რაზეც დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საუბრობს.
„არსებობს მძევლად აყვანის ტაქტიკა. როდესაც გარკვეული შესაძლებლობა იქმნება, შედიხარ ერთი წინადადებით, პრაქტიკულად იმარჯვებ ამ ერთი წინადადებით და მერე ხდება მეორე წინადადების დამატება. რამდენადაც ვიცი და როგორც გვეუბნებიან, ძირითადი ფაქტორი რატომაც მაშინ თქვენმა კონკურენტმა არ მიიღო მონაწილეობა, ვერ გაიმარჯვა, თუ პრობლემა შეექმნა, სწორედ ის იყო, რომ იგივე გარანტიას ითხოვდა, რასაც დღეს თქვენ ითხოვთ. დღეს რა გამოდის, რომ თქვენ გაიმარჯვეთ და პრაქტიკულად, შემსყიდველი არის მძევლად აყვანილი. მე არ ვაკრიტიკებ სახელმწიფოს, რატომ ცდილობს ამ პროექტისთვის მაქსიმალურის გაკეთებას“, – მიმართა აკაკი ზოიძემ.
დეპუტატს ახვლედიანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ტენდერის პირობების თანახმად, სხვადასხვა საკითხი მოლაპარაკებას ექვემდებარება.
„ტენდერის პირობები იყო ძალიან მარტივი. იყო ხელშეკრულება, რომლის დასაწყისშიც ძალიან დიდი ასოებით, წითლად ეწერა: ამ ხელშეკრულების ყველა პირობა არის მოლაპარაკებადი, გარდა ერთისა, ხელშეკრულება მართული უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენ, კონსორციუმმა, გადავწყვიტეთ, რომ შევსულიყავით ამ მოლაპარაკებებში, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, არ შესულიყვნენ“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ არის კონკრეტული პიროვნებების კუთვნილება, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილის ან მამუკა ხაზარაძის.
„ანაკლიის პორტი არ არის არც ივანიშვილის, არც ხაზარაძის, არც მთავრობის და არც კონსორციუმის კუთვნილება, ეს არის ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავლის კუთვნილება. ძალიან სამწუხაროა, რომ კონსორციუმი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაპირისპირებულ მხარეებად წარმოგვიდგება, იმედი გვაქვს დღევანდელი შეხვედრა პროცესის მეტად კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სამსჯელოდ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ლევან ახვლედიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და კობა ნარჩემაშვილმა მიიწვიეს. შეხვედრას არ დასწრებია მაია ცქიტიშვილი. ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომელიც განხილვას ესწრებოდა, აცხადებს, რომ დააკვირდებიან, როგორ გაგრძელდება ანაკლიის პროექტში ინვესტორების მოზიდვის პროცესი.
„ეს არის პროექტი, რომელსაც ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს, რადგან გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია და საქართველოსთვის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. ორივე მხარის პოზიციის თანახმად, არსებობს ამბიცია, რომ პროექტი წინ წავიდეს. ჩვენ დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება ინვესტორების მოზიდვის პროცესი მომდევნო თვეებში და როგორც ორივე მხარისგან მოვისმინე, არსებობს ამბიცია, რომ ანაკლიის პროექტმა წინ წაიწიოს. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტთან მიმართებაში, რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მისი თქმით, ეს პროექტი არის მომავლის საქართველოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი, არამარტო პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც.
„სწორედ ამიტომ ხვდება ამხელა წინააღმდეგობა ანაკლიის პორტს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, რომ გავარკვიოთ ვინ დგას ამ ხელის შეშლის მიღმა რეალურად - არის თუ არა ანაკლიის პორტის შეფერხებაში თავად კონსორციუმის დანაშაული ან შეცდომა; რა წვლილი მიუძღვის ამაში საქართველოს ხელისუფლებას; როგორია რუსეთის ზეწოლის მასშტაბები საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ხორციელდება“, – აღნიშნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გაკეთდეს ობიექტური შეფასება, ვის რა წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ანაკლიის პორტის სახით საქართველოს უსაფრთხოების ბერკეტებს ადგება უზარმაზარი დარტყმა.
„გასაგებია, რუსული ინტერესი, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, ვინ ახორციელებს რუსულ ინტერესს საქართველოში იმითი, რომ საქართველოს უსაფრთხოების ქვაკუთხედის განვითარებას, ანაკლიის პორტის პროექტის სახით აფერხებს. ვხედავთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლება ხაზარაძის და მისი გუნდის მიმართ იმგვარი სახის დევნას ახორციელებს, რომელიც პირდაპირ აისახება ანაკლიის კონსორციუმზე და ითარგმნება ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებაში.
ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები ნაკლებია. ვგულისხმობ იმას, უშლიან თუ არა ისინი ხელს. რა თქმა უნდა, უშლიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინტერესებს ანაკლიის კონსორციუმის წილიც. ვიდრე დაიწყებოდა ხელისუფლების მხრიდან, პირდაპირ ვთქვათ, ანაკლიის კონსორციუმის დევნა, რატომ ვერ მოახერხეს მათ ინვესტიციების მოზიდვა, იმ პირობებში, როცა ხელსაყრელი გარემო იყო ამისთვის?“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ზოგადად ამ დროს, რომელშიდაც ჩვენ ვიმყოფებით, ყველაფერი არჩევნების ჭრილში არის განსახილველი, თუმცა მისი თქმით, არჩევნები ნაკლებად აინტერესებდა, ალბათ, მამუკა ხაზარაძეს, რომელსაც აწუხებს ის პრობლემები, რომელიც შეექმნა და ამ ცნობილმა პრობლემებმა აიძულა ნაბიჯი გადაედგა პოლიტიკისკენ.
„რაც შეეხება სახელმწიფოს, გააჩნია რომელ სახელმწიფოს გულისხმობთ – უფრო ამერიკის საკუთრებაა, ვიდრე საქართველოსი და ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან ამერიკა არ არის ჩვეულებრივი პარტნიორი საქართველოსთვის. შესაბამისად, მთელ რიგ საკითხებში ამერიკის ინტერესს, ალბათ, გაეწევა მნიშვნელობა. ამერიკის მიმართ ანაკლიის მიმართულებით ინტერესი მკაფიოდ გამოჩნდა იმაშიც, რომ ამერიკის ელჩად დანიშნეს ის ადამიანი, რომელიც სწორედ საზღვაო–სამხედრო საკითხებშია ჩახედული. ალბათ, გარკვეული თვალსაზრისით, ანაკლიის მიმართ ინტერესმა ითამაში ამაში როლი. აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ განცხადებები, რომელიც გაკეთდა ამერიკული მხარის მხრიდან“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, თუკი ამერიკულ ინტერესს ვაღიარებთ, მაშინ ანგარიში უნდა გავუწიოთ იმას, იქნება თუ არა ამერიკის ინტერესი ასე ადვილად გასაქაჩი ვინმეს მიერ, რომელიმე მხარე შეძლებს თუ არა ასე ადვილად წაიღოს ეს ინტერესი. საყვარელიძის განცხადებით, ერთი რამ ცხადია, ამერიკა არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სახელმწიფოსთან მოვა კონფლიქტში.
„მისთვის სახელმწიფო არის ნომერ პირველი პარტნიორი. ამ ფონზე ანაკლიის საკუთრება ხაზარაძის არის თუ არა, ალაბათ, აღარ არის განსახილველი. ამავე ფონზე იცვლება იმის შეფასებაც, ივანიშვილს უნდა თუ არა პორტი. ჯერ ერთი, ივანიშვილს პორტი რომ სდომოდა, მის ხელში იყო ამ პორტის ბედ–იღბალი, საერთოდ არ მიუშვებდა ხაზარაძის ჯგუფს. მეორეც, ივანიშვილის ინტერესში წესით არ უნდა იყოს ასეთი სტრატეგიული ობიექტის პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ აღება, იმიტომ, რომ ამერიკის ინტერესი სტრატეგიული ხასიათის არის. სტრატეგიული ხასიათის რომ არის, ამიტომ არის ლაპარაკი რუსეთზე.
რაც შეეხება რუსეთს, რამდენად დაინტერესებული არ უნდა იყოს რუსეთი, ძალიან საეჭვოა მან მოახერხოს თავისი გაიტანოს, როცა ანალოგიური ინტერესი აქვს აშშ–ს. ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი რუსეთს უწევს ანგარიშს, ვფიქრობ, არ არის გამართლებული, რადგან მას ასევე მოუწევს ინტერესი გაუწიოს აშშ–ს და უფრო მეტად მოუწევს. ჩვენ უფრო მეტად დამოკიდებული ვართ აშშ–ზე და არა რუსეთზე. თვითონ რუსეთიც აშშ–ს უწევს ანგარიშს, რაც ძალიან ბევრ დეტალში ჩანს და ასე ადვილად რუსეთი აშშ–ს ვერ გადააბიჯებს. ასე რომ, ეს არ არის შიდა ქართული პროცესი, საერთაშორისო პროცესია, სადაც ქვეყნების ინტერესები ეჭიდავება ერთმანეთს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.