პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწმინდესს ამ ეტაპზე რაიმე დამატებითი კვლევები არ ესაჭიროება, თუმცა პრევენციის მიზნით, კარდიოლოგის კონსულტაცია პირადმა ექიმმა საჭიროდ მიიჩნია. მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებით, სინოდის სხომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი არ ადასტურებს მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებს განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით.
როგორც ბოტკოველი აცხადებს, მისი უწმინდესობა ხშირად ტოვებს ხოლმე დედაქალს, ატარებს რამდენიმე დღეს რეზიდენციაში და ისევ ბრუნდება ქალაქში.
„მინდა ძალიან გთხოვოთ ჟურნალისტებს, სანამ არ გექნებათ დაზუსტებული ინფორმაცია ეკლესიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ წინდაწინ მკვეთრ განცხადებებს. საზოგადოება ისედაც დაძაბულია და ელოდება ეკლესიისაგან განმარტებების გაკეთებას, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და გზაჯვარედინებზე მოსმენილ ამბებს ნუ მოუყვებით ქართველ საზოგადოებას, რომელიც ძაბავს მათ და იწვევს მათი კიდევ უფრო უარყოფითად დამუხტვას“, –განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
ამასთან, როგორც დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, მეუფე იაკობი დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას და სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
„რა თქმა უნდა, მეუფე იაკობი არის სინოდის წევრი და ის დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მეუფე იაკობმა გადაიხადა ფასი იმასთან დაკავშირებით, რა აჟიოტაჟიც მოჰყვა მის განცხადებებს. ის არის ბოდბელი მთავარესპისკოპოსი და მის სინოდის წევრობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – განაცახადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, სინოდის სხდომაზე იქნება შეკითხვები – რა ხდებოდა, რატომ ხდებოდა, რა საჭიროება მოითხოვდა? მისი თქმით, ჯერ უნდა მოისმინონ, რა მოხდა და შემდეგ იმსჯელონ საკითხის გარშემო.
„დავესწრები სინოდის სხდომას. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად, ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა, აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაში ვართ. სინოდის სხდომაზე, რა თქმა უნდა, იქნება შეკითხვები, მაგალითად – რა ხდებოდა, რა კონტექსტში, რატომ ხდებოდა, რა საჭიროება მოითხოვდა?“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
მეუფე იაკობის განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს გენერალური პროკურორი, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია. შალვა თადუმაძის თქმით, თუ არსებობს რამე კონკრეტული ფაქტები, ყველას და მათ შორის სასულიერო პირს უფლება აქვს, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
„სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას იწყებენ იმ განცხადების შესაბამისად, რომელიც მიმართულია საგამოძიებო ორგანოში ან სინამდვილის რაღაც ელემენტებს შეიცავს. განცხადება, რომელშიც დროის, მოვლენების და ფაქტების ერთმანეთში აღრევაა და რეალობისგან არის აცდენილი, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანო მასზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. დროში აცდენილია, რადგან საუბარი მაღალი თანამდებობის პირებზეა, რომლებიც იმ დროს არ იყვნენ იმ თანამდებობებზე და მეორეც, დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადება არ ყოფილა“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
რაც შეეხება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის კიდევ ერთ ხმაურიან განცხადებას, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობისთვის 15 მლნ დოლარს სთხოვდნენ, გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება.
„გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება. ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია, გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული. ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ იწყება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ხედავს ოპოზიცია. რომან გოცირიძის განცხადებით, საკითხი შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობდა, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. გოცირიძის თქმით, საქმის გამოუძიებლობა ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის აღიარება იქნება.
„როდესაც ეკლესიის უმღლესი იერარქი ამბობს ერთს და მინისტრები ამბობენ მეორეს, თავისთავად, ეს უკვე არის გამოძიების საგანი. რომელს დავუჯეროთ, ერთს თუ მეორეს? მით უმეტეს, საკითხი ეხება ისეთ სკანდალურ თემას, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობდა.
ძალიან კარგად ვიცით ხელისუფლების კავშირი საპატრიარქოსთან, თუ როგორ დაიარებოდნენ საპატრიარქოში მინისტრები, პროკურორები და როგორ წყდებოდა დეკანოზ მამალაძის საქმე, არა სასამართლოში, არამედ საპატრიარქოს კულისებში. ამიტომ, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. თუკი ხელისუფლება არ გამოიძიებს, ფაქტობრივად, მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე, რომლის განცხადებით, ნათელია, რომ ასეთი მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ხელისუფლებას ტყუილად აქვს იმედი, რომ ეს საკითხი დროის გასვლასთან ერთად, საზოგადოებას გადაავიწყდება. აბესაძის თქმით, ამ საკითხზე გამოძიების დაწყება აუცილებელია და ხელისუფლებამ არსებულ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები უნდა გასცეს.
„ნათელია, რომ ასეთი მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გაკეთებული განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სულ ცოტა იმ თანამდებობის პირთა მხრიდან, რომლებიც მის მიერ იქნა დასახელებული. საერო ხელისუფლების თანამდებობის პირებს არაფერი ესაქმებათ საეკლესიო იერარქებთან, არაფერი ესაქმებათ პატრიარქის თანამდებობაზე ყოფნა–არყოფნასთან მიმართებით. ამიტომ ამაზე ცალსახად უნდა დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, რომლის შეფასებით, მეუფე იაკობს საკუთარი განცხადებებით სახელმწიფოზე, ეკლესიასა და კონკრეტულ პირებზე დარტყმა მიაქვს. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, რამაზ ნიკოლაიშვილის საკითხი ძალიან ფანტასტიკურ თემად ეჩვენება. თუ ნიკოლაიშვილი დაადასტურებს, რომ მასზე ზემოქმედება იყო, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ერთი ადამიანის შეძახილით, არ თვლის, რომ საქმეს მსვლელობა უნდა მიეცეს, რადგან ასეთი განცხადებები და უფრო მძიმე ბრალდებები ყოველდღე გვესმის.
„მძიმე ბრალდებები მედიაში, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ასპარეზზე ყოველდღიურ ნორმად იქცა და გამოდის, რომ გენერალურმა პროკურატურამ გარკვეული საქმე ყოველდღიურად უნდა აღძრას. ადამიანები, რომლებსაც მეუფე იაკობი ასახელებს, მის მონაყოლს არ ადასტურებენ. თავად მეუფე იაკობმაც ორჭოფული განცხადება გააკეთა, რომ საუბარი ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მეუფე შიო უნდოდა და აქედან გამომდინარე, ჩანაცვლების საკითხს არ ეხებოდა. საკმაოდ გაუგებარი და ორაზროვანი განცხადებები გააკეთა. მორალურად არ განვიკითხავ, მაგრამ სამართლებრივ საკითხში პროკურატურას რჩევას ვერ მივცემ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.