კახა კალაძე: საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

კახა კალაძე: საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის მოედანზე განაცხადა, სადაც მოედნის განვითარების კონცეფცია „ქარავანი ორბელიანზე" წარადგინა.

კონცეფციის მიხედვით, განახლებული ორბელიანის მოედანი უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი განვითარების, მომავალზე ორიენტირებულ, სავაჭრო, გასართობ და შემეცნებით სივრცედ.

„გულს უხარია, როდესაც ვხედავ რეაბილიტირებულ ძველ თბილისს, თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა ძველი თბილისის განვითარებას. სწორედ ეს პროექტი არის ერთ-ერთი ჩვენი დანაპირები. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო აქ. ჩვენი გუნდის, თითოეული ჩემი თანამშრომლის პრიორიტეტი გახლავთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია, მოწესრიგება, ძეგლების განახლება, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. როგორც ორბელიანის მოედანი მოწესრიგდა, მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება სხვა კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი თბილისი ძალიან მალე იქნება ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, თავისი ისტორიული უბნებით, ქუჩებით, შენობა-ნაგებობებით", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას ასევე წარუდგინა ყვავილებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე და საბავშვო მოედანი.

„ძალიან მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღევანდელ ღონისძიებაზე. ზოგადად, ახალგაზრდები ძალიან აქტიურობენ, ჩართული არიან ყველა იმ რეფორმაში, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მინდა, ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას, თბილისის გაკეთილშობილებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და შეუშლის ხელს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია, რომელსაც გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გული შესტკივათ იმაზე, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კონცეფცია კომპანია „ვინდფორსის" დირექტორმა ვახტანგ ქავთარაძემ წარადგინა.