პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS“-თან თბილისის მერის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კახა კალაძე აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასა და მერე ვადით მერობას არ აპირებს.
როგორც კალაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ის რთული სამუშაო რუტინაა, რომელსაც ის თბილისის მერის რანგში ახორციელებს.
პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ განცხადებით თბილისის მერმა ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა და პოლიტიკიდან წასვლა დაანონსა. ამასთან, როგორც ზაქარეიშვილი აღნიშნავს, საქართველოში პოლიტიკა იმდენად ბინძურია, რომ იქ კახა კალაძის ადგილი არ არის.
“პოლიტიკოსის მხრიდან დაღლაზე საუბარი ჩემთვის უცნობი ნამდვილად არ არის. კახა კალაძე გულწრფელი ადამინია. ის პოლიტიკაში უამრავ დაუმსახურებელ წინაღობას აწყდება ხოლმე. კალაძე ერთადერთი ადამიანია, რომელიც “ქართული ოცნების“ პარტიაში პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების არ ეშინია და ბიძინა ივანიშვილს მუდმივად თვალებში არ შეციცინებს. იმ შემთხვევაში, თუ კახა კალაძე მართლა დაიღალა, რასაც პირდაპირ აცხადებს, არაა გამორიცხული, რომ პოლიტიკიდან წავიდეს. მით უფრო, როცა მას ახლა კარგი ფინანსური რესურსები გააჩნია. კალაძისნაირ წარმატებულ ადამიანს პოლიტიკაში რა უნდა?! საქართველოში პოლიტიკა ისეთი მანკიერია, რომ ნებისმიერ ადამიანს აბინძურებს“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასა და მერე ვადით მერობას არ აპირებს. „დღეს რომ მკითხოთ, გულწრფელად გეტყვით, რომ მეორე ვადით მერობას არ ვაპირებ. იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე მაქვს გაერთიანებული. ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ მართლა საქმე გააკეთო, უნდა იყო იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღეს არის მერიც და მერიის თანამშრომლებიც. სხვანაირად შეუძლებელია, ამიტომ ძალიან რთულია. ოჯახი მყავს, შვილები… ძალიან მიჭირს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც აღებული მაქვს, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული და იმის ამბიცია მაქვს, რომ როდესაც ჩემს უფლებამოსილებას დავამთავრებ, რომელიც თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მომანიჭა, თბილისი განსხვავებული იყო (სტილი დაცულია)“,- განაცხადა კახა კალაძემ გადაცემა „კვირის თემაში“.
ცნობისთვის, 2017 წლის 21 ოქტომბერს კახა კალაძე დედაქალაქის მერად 4 წლის ვადით აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს ეწურება.