გამოდის, რომ აკადემია, კონსერვატორია, ეკლესიები, სკოლები, მუცო და აბასთუმანი იმიტომ კეთდება, რომ არჩევნებში „ლელოს“ მოვუგოთ, ეს აბსურდიცაა და უზნეობასთან ახლოს მყოფი განაცხადიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საუბრისას განაცხადა, რომელიც წყალტუბოს განვითარების პროექტის თაობაზე „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.
„რაც შეეხება ვაშაძეს, მან საკუთარი თავი რევიზორად დანიშნა, რომ არა მხოლოდ შეაფასოს, არამედ გააკონტროლოს, რა ხდება და ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პროექტები გრაფიკში როგორ ჯდება. პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის მიერ სცენა აბსურდის სცენას დაემსგავსა, სადაც პერიოდულად გამოდიან და განცხადებებს იმ პროექტებზე აკეთებენ, რაც მსოფლიოსთვის მისაღებია, დაფასებულია. პარიზში მუცო აღიარეს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი. ამ ფონზე ასეთი განცხადებების კეთება არასერიოზული და უზნეობასთან ჯვარდაწერილია. ოპოზიცია გამოდის და ამბობს, რომ არქიტექტურული ძეგლი დაინგრევა, ბეტონი შენდება, ხალხი ქუჩაში გამოიყრება, ნახატები წაიშლება. დიდი ბოდიში, რომ ამდენ პროექტთან ერთად გემოვნებაში ვერ ჩაჯდა ლაგუნა ვერეს სწრაფად გაკეთება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.