საქართველოს პირველი არხის ოპერატორის სანდრო ბერაძის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“გული მიკვდება – სანდრო ბერაძე, რომელიც 1-ლი არხის ოპერატორი იყო, გარდაცვლილი ნახეს. ის 3 დღის წინათ დაიკარგა.
ირკვევა, რომ ჩათრეული იყო სათამაშო ბიზნესში და ახლობლების ვარაუდით, მან ამის გამო მოიკლა თავი. სათამაშო ბიზნესი კლავს ადამიანებს. ეს არ არის 1-ლი შემთხვევა.
დიდი ხანია ვითხოვ მათი რეკლამების ყველა დონეზე აკრძალვასა და ინტერნეტთამაშებზე ასაკობრივი შეზღუდვის ქაღალდსმიღმა ამოქმედებას.
სამორინე მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულიერადაც კლავს ადამიანს, მას პიროვნულად ანადგურებს. ანგრევს ოჯახებს. ხელს უწყობს თაღლითობასა და კერძო კომპანიების გაკოტრებასაც კი. არაერთმა ბუღალტერმა თუ ფინანსურმა თანამშრომელმა კომპანიების ფული სწორედ ინტერნეტთამაშებსა და სამორინეებში წააგო. თანაც, როგორც წესი, ისინი კომპანიების პირველი პირების ახლობლები არიან და თავდაპირველად ეჭვის საბაბიც კი არ ეძლევათ.
რამდენმა ადამიანმა უნდა მოიკლას თავი, რომ სათამაშო ბიზნესის სრული რეკლამა აიკრძალოს?
ვიზიარებ სანდროს ოჯახის ტკივილს”, – წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს.
ახლობლები და პოლიცია სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და ცხედარს დღეს, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მიაგნეს.
სამძებრო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში დღეს დილიდან განახლდა. ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებენ, საუბარია თვითმკვლელობის ვერსიაზეც.
ბოლო ინფორმაციით გამოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომლის განცხადებითაც სანდრო ბერაძე სოფელ ზემოლელუბანში დატოვა. 29 წლის სანდრო ბერაძეს ოჯახი 4 დღე ეძებდა.