მევლუთ ჩავუშოღლუ: სომეხთა გენოციდის ამერიკული აღიარება თურქი ხალხისთვის ბათილია

მევლუთ ჩავუშოღლუ: სომეხთა გენოციდის ამერიკული აღიარება თურქი ხალხისთვის ბათილია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარეაბას ტვიტერზე ეხმაურება.

„ცდება, ვინც თვლის, რომ ამ გზით შურს იძიებს. იმ ადამიანების ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლებიც ისტორიას პოლიტიკაში ურევენ, ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ის თურქი ხალხისთვის და თურქეთის მთავრობისთვის ბათილია“,- დაწერა მევლუთ ჩავუშოღლუმ „ტვიტერში“.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით კი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც „შიდა მოხმარებისთვის“ გამოიცა, არანაირი ისტორიული ან იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

„ამ უაზრო პოლიტიკური ნაბიჯის ერთადერთი ადრესატი სომხური ლობი და ანტითურქული ჯგუფები არიან. 1915 წელს მომხდარი მოვლენების შესახებ დებატები ისტორიას ეკუთვნის და არა პოლიტიკას“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში ჩადენილი სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად აღიარა.

რეზოლუციას, 29 ოქტომბერს, მხარი 405 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 11 წავიდა.