„მგონია, მეუფის ეს განცხადება არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული“

„მგონია, მეუფის ეს განცხადება არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული“

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადადგომა ნიშნავს, რომ მალე ამას პატრიარქის გადადგომა მოჰყვება. მისი თქმით, მეუფე იაკობი იყო „უკანასკნელი მოჰიკანი“ და უკანასკნელი საყრდენი პატრიარქის: „ხელისუფლებამ აჯობა პატრიარქს“.

„2 წლის წინ for.ge–სთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი – ბუნებრივია, თუკი ქორეპისკოპოსის მოშორების ვერსიას შესაძლებლად ჩავთვლით, პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება იქნებოდა პირველი საშუალება, რომ პატრიარქამდე უფრო ადვილად მისულიყვნენ. ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსი იაკობი ხელს უშლის პატრიარქის ლიკვიდაციის პროცესს, ამიტომაც ამ ჯგუფებისათვის მოსაშორებელი სუბიექტი უნდა იყოს ქორეპისკოპოსი იაკობი.

პირველი ძალისხმევა იქნებოდა პატრიარქის ქორეპისკოპოსის მოშორება და შემდეგ უკვე პირდაპირ პატრიარქზე გასვლა, აი, ეს სურათი იხატება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბრე პატრიარქის ქორეპისკოპოსის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე, რომელიც უსწრებდა პატრიარქის ლიკვიდაციის მცდელობას - ქორეპისკოპოსის იანვარში, პატრიარქის - თებერვალში. რადგან ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა, ახლა უკვე სხვა ხერხით შეეცადა. რაც ვთქვი 2 წლის წინ, ისე მიდის პროცესი“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში პატრიარქის ჩამოშორების შესახებ შეხვედრა შედგა და მთავრობის წევრებს ეს საქმე უშუალოდ ივანიშვილისგან ჰქონდათ დავალებული. მისი თქმით, გახარია, კვირიკაშვილი და გომელაური „ეჩალიჩებოდნენ“, პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობი ამას იმით ხსნის, რომ მათ პატრიარქად მეუფე შიოს დანიშვნა სურდათ. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც და ირწმუნება, რომ ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.

„დამიძახეს... კვირიკაშვილი იყო, ვახო იყო გომელაური, შემდეგ მოვიდა გახარია და თქვეს, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო იყოს პატრიარქადო... მე ვუთხარი, თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო... მე იმასაც ბძროლას ვუცხადებ უკვე, ვინც მაგათ დაავალა. ამ საქმეში ჩართული იყო ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულდებდა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამ სკანდალური განცხადებიდან სამ დღეში მთავარეპისქოპოსი იაკობი პირადი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა ქორეპისკოპოსის და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან. ბრალდება მძმეა, თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ მსგავსი სახის შეთქმულება უწმინდესის წინააღმდეგ არ შემდგარა. თბილისის მერი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ მეუფე იაკობის განცხადებები გიორგი გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული. კალაძის თქმით, საჭიროა, მეუფე იაკობმა ახსნა–განმარტება გააკეთოს.

„საპატრიარქოს განცხადება არ მომისმენია. მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა, გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ. საჭიროა, ახსნა–განმარტებები მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან. მე მგონია, რომ ეს არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან მიმართებაში და მგონია, რომ ეს არის ამ განცხადებების გაგრძელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეუფე იაკობის ბრალდების არ სჯერა პარლამენტის თავმჯდომარეს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია. მისი თქმით, თუ ვინმეს არ მოსწონს რას ამბობს ერთი მოძღვარი, ყოველთვის შეუძლია, რომ მივიდეს სხვა მოძღვართან.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა და კულტურული საზოგადოება. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა კანონმდებლობით დარეგულირებულია. მართლმადიდებლურ, ქრისტიანულ ეკლესიას ძალიან დიდი როლი აქვს და ძალიან დიდი მისია აქვს ისტორიულად ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის და განვითარების პროცესში.

ეს როლი ვერ დაკნინდება ვერც დღეს და ეს როლი იქნება მნიშვნელოვანი ხვალაც. თქვენ გჯერათ, რომ ხელისუფლებას უნდოდა პატრიარქის გადაყენება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას უნდა პატრიარქის გადაყენება და საერთოდ პატრიარქის გადაყენება, როგორც ტერმინი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ამას არანაირი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეუფე იაკობის გადადგომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც თავისი ადგილი და განსაკუთრებული როლი აქვთ ეკლესიასა და სახელმწიფოს.

„სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს, რომ ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ და ეკლესიის განსაკუთრებული როლი უნდა გვახსოვდეს როგორც წარსულში, ასევე აწმყოსა და მომავალში. ამ ყველაფერს პატივი უნდა ვცეთ. ამ ყველაფერს მავნებელი პოლიტიკური ძალა თავისი მიზნებისთვის იყენებს და ჩვენ ისეთი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ, რაც დააზიანებს ეკლესიას, სახელმწიფოებრიობას. განსაკუთრებით, ჩვენს პატრიარქს უნდა გავუფრთხილდეთ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, გაუგონარი ამბები მოყვა მეუფე იაკობმა. დეპუტატის განცხადებით, უფრო დაინტერესდებოდა, რამ აიძულა მეუფე ასეთი ამბების მოეყოლა.

„გაუგონარი ამბები მოყვა მეუფე იაკობმა. მე უფრო დავინტერესდებოდი, რამ აიძულა ასეთი ამბების მოყოლა. სწორედ ამ მიმართულებით მაქვს კითხვები. პირველ რიგში, წმინდა სინოდმა უნდა განიხილოს საქმე. რაც შეეხება ოპოზიციის შეთავაზებას პარლამენტში მეუფე იაკობის მოსვლაზე, ოპოზიციამ ოღონდ რამე გაასკანდალოს, მეტი არაფერი უნდათ. რა უნდა ისაუბროს პარლამენტში? პირველ რიგში სინოდზე ისაუბროს. ეკლესია და სახელმწიფო არის გამიჯნული, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში, ისევე როგორც ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთო კახიძე მიიჩნევს, რომ ინფორმაცია, რომელიც მეუფე იაკობმა გაავრცელა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. კახიძე თვლის, რომ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

„სახელმწიფოს საქმე არ არის, რას იზამს ეკლესია და როგორ დაარეგულირებს თავის შიდა საქმეებს, ისევე როგორც ეკლესიის საქმე არ გახლავთ ის, თუ როგორ მართავს სახელმწიფო შესაბამისი ინსტიტუტების მეშვეობით ქვეყანას. რაც შეეხება გამოძიებას, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ავრცელებს სხვადასხვა მაღალი იერარქი, რომელიც ეხება შესაძლო დანაშაულს, ეს არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დარეგულირებული საკითხი. ნებისმიერ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ სჭირდება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ოთო კახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ მეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. მისი თქმით, საუბარი, თითქოს მისი განცხადება არაფხიზელ მდგომარეობაშია გაკეთებული, სისულელეა.

„დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, მათ შორის დასახელებულია ხელისუფლების უმაღლესი პირები. გამოძიების არდაწყება ნიშნავს პირდაპირ დანაშაულის აღიარებას. განცხადება, თითქოსდა ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული, არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული ჩაუდენია, იტყვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა ან გააკეთა ეს განცხადება.

მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აწყობდა ვითომ სახელმწიფო გადატრიალებას საბურავებით, რომ დაამონტაჟეს საუბარი, ის ყველა საუბარი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული. აი, ახლა ვიტყვი მე, რომ უნდა დავამხოთ ეს 8 წლის განმავლობაში საქართველოს დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით – 2 ჭიქა არაყი მაქვს დღეს დილით დალეული, ეს იქნება გამამართლებელი საბუთი?! რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება, ხოლო იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. იქ გაირკვევა სიმართლე იყო თუ არა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, მეუფე იაკობის განცხადება არ არის გასაუბრალოებელი, თუმცა ფიქრობს, რომ ამ თემებზე საუბრისთვის რაღაც ფორმატი უნდა მოიძებნოს, რადგან ეს საკითხი ვერ დარჩება ღია, რადგან საუბარია უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებზე.

„ეკლესიასთან მიმართებაში გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულება ვიცი. მას ეკლესიასთან და საპატრიარქისთან ახლო, თბილი ურთიერთობა აქვს. ასეთივეა მისდამი დამოკიდებულებაც, ამის შემსწრეც ვყოფილვარ. ვერაფერს გეტყვით გახარიაზე, რადგან არ ვიცი. ყველაფერს მონაწილე პირების მხრიდან დამაჯერებელი საუბარი და პოზიციების მოსმენა სჭირდება.

საქმე სახელმწიფოსთვის ძალიან მგრძნობიარე და რთულ, მნიშვნელოვან საკითხს ეხება. მეუფე იაკობს ვიცნობ, მისი განწყობები და დამოკიდებულება ვიცი. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ რაღაც დავალებით მოქმედებს, ან კონკრეტული ამოცანით ვინმემ სთხოვა ან დაავალა, ან რაიმე სხვა მოტივაციით გადაწყვიტა ამ განცხადების გაკეთება. ის არის ქორეპისკოპოსი, იერარქიის ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მის ამ სიტყვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მისი სტატუსი სძენს. სწორად არ მიმაჩნია, რომ პარლამენტი უნდა გადაიქცეს ამ განცხადებების განხილვის ადგილად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

tngh საქართველოში მრავლად არის "ბრძენი" თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტი. ამ მხრივ ღრმად პატივცემული ბ-ნი არჩილ გამზარდია ნამდვილად გამორჩეულია... სრული დეგენერატია, მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
5 წლის უკან
Maverick thgh, ასე ხდება მაშინ როდესაც ძეხვს ვერ წვდებიან მჩხავანა კატები, განსაკუთრებით პარასკევ დღეს, და ეს დღეც ხომ სიმბოლურია ყველა ქრისტიანისთვის...
5 წლის უკან