„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მონოპოლიზებული უმაღლესი განათლების სისტემა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მონოპოლიზებული უმაღლესი განათლების სისტემა

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში „პროფესორთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენლებმა საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და სიტუაციის გამოსასწორებლად კონკრეტული მოთხოვნებიც წამოაყენეს. For.ge-ს პრეს-კლუბის სტუმრები იყვნენ „პროფესორთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენლები, პროფესორი კახა ჭეიშვილი, ისტორიკოსი ვანო ოსაძე, კონსტიტუციონალისტი ნინო ნიშნიანიძე და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა შუბითიძე.

პროფესორი კახა ჭეიშვილი ამბობს, რომ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი საუნივერსიტეტო განათლების საკითხია და ეს პრობლემა მხოლოდ უკანასკნელ ცხრა წელში არ შექმნილა, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს პროცესი საუნივერსიტეტო განათლების აშკარა ნგრევაში გადავიდა, ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკური და იდეური შეხედულებების გამო უნივერსიტეტს მიღმა აღმოჩნდა. პროფესორის თქმით, 150-მდე ადამიანმა უნივერსიტეტში ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა, ხოლო ვინც მიიღო მონაწილეობა, მათი საბუთები არც კი გახსნილა, რადგან განათლების სამინისტროდან უნივერსიტეტში მივიდა სია იმ ადამიანებისა, ვინც სამსახურიდან უნდა გაენთავისუფლებინათ.

„სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ ახალგაზრდობა განათლების მიღების პერსპექტივის გარეშე დარჩა, რადგან უნივერსიტეტი არ არის ადგილი, სადაც ადამიანს მხოლოდ რაღაც უნარ-ჩვევების გამომუშავება შეუძლია“, - ამბობს კახა ჭეიშვილი.

იგი ამბობს, რომ არასწორია სახელმწიფო უნივერსიტეტების საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან არასამეწარმეო იურიდიულ პირებად (აიპ) გადაკეთება, რაც შარშან განხორციელდა და მრავალ სხვა საფრთხესთან ერთად, აქ მნიშვნელოვანია ქონების საკითხიც. ამ ცვლილების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონებას უნივერსიტეტს გადასცემს, რეგენტთა საბჭოს კი შეუძლია ქონება ერთპიროვნულად განკარგოს, გაასხვისოს, იჯარით გასცეს და ა.შ. აქვე პროფესორი ამბობს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ბენდუქიძის პროექტი იყო და უნივერსიტეტებთან დაკავშირებით მას გარკვეული მოსაზრებები ჰქონდა. კახა ჭეიშვილის განცხადებით, კერძო უნივერსიტეტების (როგორიც არის მაგალითად „თავისუფალი უნივერსიტეტი“, „საქართველოს უნივერსიტეტი“ და ა.შ.) აღზევება სახელმწიფო უნივერსიტეტების დისკრედიტაციის ხარჯზე მოხდა. კერძოდ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაწუნებული პროფესორების დიდი ნაწილი კერძო უნივერსიტეტებში აღმოჩნდა. აქვე პროფესორი აღნიშნავს, რომ საუნივერსიტეტო განათლებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად პირველ რიგში რექტორებისა და კანცლერების საკითხი უნდა დადგეს. კახა ჭეიშვილის განცხადებით, თავის დროზე რექტორები და კანცლერები პოლიტიკური ნიშნით, ხელისუფლებისათვის მისაღებობის პრინციპით დაინიშნენ და ისინი ცდილობდნენ სტუდენტური თვითმმართველობა კომკავშირული ორგანიზაციის მსგავს სტრუქტურად ჩამოეყალიბებინათ. ამიტომაც პროფესორი მოუწოდებს ამ ადამიანებს, საკუთარ თავში ჩაიხედონ და გადაწყვიტონ, აქვთ თუ არა მორალური და ზნეობრივი უფლება, რომ ამ თანამდებობებზე მუშაობა გააგრძელონ.

კახა ჭეიშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ რექტორები და კანცლერები უნივერსიტეტელებს იცავდნენ, ისინი ხელისუფლების ინტერესების გამტარებლები იყვნენ. ამის მაგალითად მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის საერთაშორისო სკოლა მოჰყავს, რომელსაც პროფესორის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ყოფილი დეპუტატის, გიორგი მელაძის მამა, სერგო მელაძე პრაქტიკულად ძალადობრივი გზით დაეუფლა. უნივერსიტეტის რექტორმა და კანცლერმა კი არათუ დაიცვეს უნივერსიტეტის ინტერესები, არამედ ისინი ამ საქმეში თავადაც მონაწილეობდნენ.

„პროფესორთა დაცვის ლიგის“ წევრები უნივერსიტეტებში სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ არ სურთ, ამას პოლიტიკური დევნის ელფერი დაედოს და საკითხის სამართლიანი გზით მოგვარებას ითხოვენ. კახა ჭეიშვილის განცხადებით, უნივერსიტეტებში დღეს არსებული აკადემიური თანამდებობის შტატები უნივერტიტეტების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის საკმარისი არ არის. მისი თქმით, უნდა აღდგეს კათედრები და ამ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სამართლიანი კონკურსები ჩატარდეს. „პროფესორთა დაცვის ლიგა“ განათლების სამინისტროსადმი მიმართვასაც აპირებს, თუმცა ჯერ გარკვეულ დროს აძლევს სამინისტროს, რათა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბოს. ამასანავე, ისინი ითხოვენ, რომ უნივერსიტეტების სამართლებრივი ფორმა შეიცვალოს, ისინი ისევ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად უნდა გადაკეთდნენ და სახელმწიფომ მათზე უნდა იზრუნოს.    

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც „პროფესორთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენლები აყენებენ, ეს არის ქვეყნის პრეზიდენტის უფლება-მოსილების ვადის განსაზღვრა. კერძოდ, კონსტიტუციონალისტი ნინო ნიშნიანიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს უფლება-მოსილების ვადა 2013 წლის 5 იანვარს ეწურება და ამის შემდეგ მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს. ნინო ნიშნიანიძის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოდან არ ამოვარდეს, ის და მისი კოლეგები იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას (საუბარია 200 000 ხელმოწერაზე, რაც საკონსტიტუციო ცვლილებისთვის არის საჭირო), რათა ეს საკითხი გადაიჭრას. აქვე კონსტიტუციონალისტი მისი კოლეგების ნათქვამს ეთანხმება და ამბობს, რომ უნივერსიტეტები კვლავ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად უნდა გადაკეთდნენ და მათ სრული ავტონომია უნა მიენიჭოთ.

„ორხელისუფლებიანობა, რომელიც უნივერსიტეტებში არის შექმნილი, უნდა დამთავრდეს და უნივერსიტეტში ყველაფერი არჩევითი უნდა იყოს. გაუგებარია, არსებობს ჩატარებული კონკურსები, სადაც არის ვაკანსიები, მეორეს მხრივ კი არიან არაჩვეულებრივი, კვალიფიციური კადრები, მაგრამ მათი საკონკურსო განაცხადები დაკმაყოფილებული არ არის. ასეთი რამ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში თუ შეიძლება რომ მოხდეს. მე მინდა, რომ აღდგეს კათედრები და იქ კვალიფიციური კადრები დაბრუნდნენ. ქართული საუნივერსიტეტო სკოლა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საუნივერსიტეტო სკოლაა. ამიტომ ჩვენ არ ვიმსახურებთ ისეთ მოპყრობას, როგორც ამ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მოგვექცნენ“, - აცხადებს ნინო ნიშნიანიძე.

ისტორიკოსი ვანო ოსაძე კი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უმაღლესი განათლების მიღების საფასური ძალიან მაღალია და საჭიროა როგორც მისი გადახედვა, ასევე ადრე არსებული სტიპენდიების სისტემის შემოღება, რათა წარჩინებული სტუდენტი არათუ სწავლის გადასახადისგან განთავისუფლდეს, არამედ სტიპენდიაც მიიღოს. აქვე პროფესორი აღნიშნავს, რომ სწავლის საფასურის დადგენას გარკვეული პოლიტიკური ელფერიც დაკრავს, რადგან თუკი სტუდენტს მისი გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, მას პრაქტიკულად ერთმევა მისი ფუნდამენტური, კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლება.

„ორი წლის წინ სემინარს ვატარებდი. ერთი გოგონა გამოვკითხე, ბრწყინვალედ მიპასუხა და მას შემდეგ, რაც დავამთავრე მისი გამოკითხვა და უმაღლესი ქულა დავუწერე, ამ გოგონას ჩაეძინა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ გოგონა გვიანობამდე მიმტანად მუშაობს და ვინაიდან სამსახურს ძალიან გვიან ამთავრებს, ამიტომ ჩაეძინა სემინარზე. აღმოჩნდა, რომ გოგონა ობოლი იყო, მას არ ჰყავდა მამა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და თავის უმცროს ძმასა და დედას თვითონვე არჩენს. ამის გამო გოგონას განცხადება დავაწერინე და მინდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ არჩილ ფრანგიშვილს მადლობა გადავუხადო, რადგან რაც შესაძლებელი იყო, ამ გოგონას შეღავათი გაუწია. აქვე იმასაც აღვნიშნავ, როდესაც კონტროლის პალატამ ტექნიკური უნივერსიტეტი შეამოწმა, რექტორს ხარვეზად დაუდგინეს ის, რომ სტუდენტების სწავლის გადასახადის გადავადება ხდებოდა. კერძოდ, როდესაც სტუდენტს ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, წერდა განცხადებას და ვთქვათ, იანვრის ბოლომდე გადავადებას ითხოვდა. რექტორს კი ხარვეზად ჩაუთვალეს ის, რომ იგი სტუდენტების გვერდით იყო“, - ამბობს ვანო ოსაძე.

პროფესორი ვაჟა შუბითიძე კი აცხადებს, რომ სტიპენდიები არასამართლიანად ნაწილდებოდა და ძირითადად მათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იღებდნენ, რომლებიც სტუდენტურ თვითმმართველობებში იყვნენ გაწევრიანებულები. „პროფესორთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენლები პრეზიდენტის სტიპენდიის გაუქმებას და ჩვეულებრივი სტიპენდიების აღდგენას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი კერძო უნივერსიტეტების მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტების მითვისებული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

„საქართველოს უნივერსიტეტმა ტექნიკურ უნივერსიტეტს 16 000 კვ მეტრი ფართი წაართვა, ასევე ორი კორპუსი და ვეებერთელა სტადიონი. ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, იგი ალბათ ტექნიკურ უნივერსიტეტს კიდევ რამეს წაართმევდა. „კავკასიის უნივერსიტეტმა“ კი ხუთი კორპუსი ააშენა, მათ შორის ორი, ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზეა აშენებული. ამასთანავე, მეექვსე კორპუსის მეოთხე სართული წლებია უკავიათ, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის რამდენიმე მილიონი ლარი აქვთ გადასახდელი და არ იხდიან, რადგან პრეზიდენტმა პოლიტიკური ინდულგენციები მისცა. როგორც ბატონმა ბიძინამ თქვა, სამართლიანობა უნდა აღდგეს და ამიტომ ამ უნივერსიტეტებმა კორპუსები საკუთარი ნებით დააბრუნონ და დაგროვილი დავალიანებებიც დაფარონ“, - აცხადებს პროფესორი ვაჟა შუბითიძე.