იაპონიაში ამომრჩევლების ნესვებითა და ზღვის პროდუქტებით მოსყიდვაში დადანაშაულებული მინისტრი გადადგა

იაპონიაში ამომრჩევლების ნესვებითა და ზღვის პროდუქტებით მოსყიდვაში დადანაშაულებული მინისტრი გადადგა

იაპონიის ეკონომიკის მინისტრი ისიუ სუგავარა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისა და მოქალაქეთა მოსყიდვის ბრალდებების გამო გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ The Japan Times -ი ავრცელებს.

მინისტრმა პრესკონფერენციაზე საჯაროდ მოიხადა ბოდიში და ერთი თვის წინ დაკავებული თანამდებობა დატოვა. პრემიერმინისტრმა სინძო აბემ ასევე მოუხადა ბოდიში მოსახლეობას და განაცხადა, რომ სუგავარას დანიშვნაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ეკონომიკის სამინისტროს ჰიროსი კაძიამა უხელმძღვანელებს.

​მანამდე გამოცემა Shukan Bunshun-ი წერდა, რომ ტოკიოს საარჩევნო ოლქში, საიდანაც სუგავარა პარლამენტში იყრიდა კენჭს, ​მისი საარჩევნო შტაბი მოსახლეობას რეგულარულად ურიგებდა საჩუქრებს, მათ შორის ნესვებსა და ზღვის პროდუქტებს.

24 ოქტომბერს გამოცემამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მინისტრის წარმომადგენელი მისი ერთ-ერთი გარდაცვლილი მხარდამჭერის ნათესავებს ფულად საჩუქარს გადასცემს.