მას შემდეგ რაც განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა პრობლემები თავად უნდა მოაგვარონ და მათ ამისათვის სრული თავისუფლება აქვთ მინიჭებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა იმ პრობლემებზე, რაც წლების მანძილზე დაგროვდა, ღიად საუბარი გადაწყვიტეს.
ყოფილი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) ეკონომიკის თეორიული საფუძვლების პროგრამული მიმართულების (კათედრის) ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ლამარა ბერიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თეუსუ-ს აკადემიურ პერსონალს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მათი უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა.
თუმცა ერთია საერთო პრობლემები, რაც თეუსუ-ს ყოფილ ლექტორებს შეექმნათ, მაგრამ ის, რასაც ლამარა ბერიძე აცხადებს, არც უყურადღებობაა, არც უპასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური ნიშნით ვინმეს წახალისება ან დაჩაგვრა - ლამარა ბერიძე ამბობს, რომ მისი ნაშრომი სხვა პროფესორმა მიითვისა. სამართლებრივ ენაზე ამას ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა ჰქვია. თუკი შესაბამისი უწყებები ამ ფაქტს დაადასტურებენ, შესაბამის კვალიფიკაციასაც მიანიჭებენ. ხოლო ის დოკუმენტაცია, რაც ლამარა ბერიძემ წარმოგვიდგინა, ასეთი ვარაუდის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს. ასეთ შემთხვევაში კი, თსუ სკანდალს ნამდვილად ვერ აიცილებს.
ლამარა ბერიძე: თეუსუ-ში აკადემიური პერსონალის შესარჩევი ბოლო კონკურსი 2009 წლის აგვისტოში ჩატარდა და მთელი აკადემიური პერსონალი არჩეული ვიყავით 4 წლის ვადით, 2013 წლის აგვისტომდე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის № 346 დადგენილების თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან განხორციელდა თეუსუ-ს რეორგანიზაცია და რეორგანიზაციის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა. მანამდე იყო ათასგვარი დაპირება, მათ შორის სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიები და ა.შ...
მოლაპარაკებების თანახმად, თსუ-ში 2011 წლის გაზაფხულზე უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი, რომ თეუსუს პროფესორ-მასწავლებლებს სამუშაოს მიღების შესაძლებლობა მოგვცემოდა. ეს დაპირება მოგვცა სანდრო კვიტაშვილმა, 2 დღით ადრე, ვიდრე მას რექტორად აირჩევდნენ. როგორც კი აირჩიეს, 2010 წლის 29 დეკემბრის №147/2010 დადგენილების თანახმად თეუსუ-ს აკადემიურ პერსონალს სტატუსი შეგვიწყვიტეს. დავრჩით უმუშევრები და მთელი აკადემიური პერსონალი მოწვეულ ლექტორებად გადაგვიყვანეს. მანამდე ჩემი ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომ შეგვნარჩუნებოდა სტატუსი კონკურსის ჩატარებამდე. ამ მოთხოვნას 98 კაცი აწერდა ხელს, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არავის გაუთვალისწინებია.
სტატუსის შენარჩუნება რას გულისხმობდა?
- სამუშაო ადგილისა და ხელფასის შენარჩუნებას კონკურსამდე. თუმცა როგორც გითხარით, ჩვენი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს. ჩვენ თანახმანი ვიყავით, რომ თუკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ იქნებოდა ამდენი სრული პროფესორის ადგილი, ასოცირებულ პროფესორებად გადავსულიყავით.
ვინმემ აგიხსნათ რატომ შეერთდა ეს უნივერსიტეტები?
- როგორც გვითხრეს, ეს იყო სასწავლო პროცესის ოპტიმიზაცია. მაგრამ როგორც ჩანს, ისიც კი არ იცოდნენ, ზარალიანი უნივერსიტეტი ვიყავით თუ მომგებიანი.
რეალურად თქვენ პრობლემები არ გქონიათ?
- საკმაოდ წარმატებული და ცნობილი უნივერსიტეტი ვიყავით, ჩვენთან 3000-მდე სტუდენტი, მაგისტრანტი და დოქტორანტი სწავლობდა, იმ წელსაც ბევრი სტუდენტი გადმოვიდა, როგორც ჯავახიშვილიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან. თან იმ წელს 600-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. თუ აპირებდნენ, ნოემბრიდან რეორგანიზაცია ჩაეტარებინათ, გაუგებარია, რატომ დაგვამატებინეს კონტინგენტი, ან იმ ზაფხულს რატომ დაამტკიცეს სასწავლო გეგმები და პროგრამები ახალი მოთხოვნების შესაბამისად. თეუსუ-ში 80-მდე აკადემიური პერსონალი ასწავლიდა. ამასთან, შეერთების დროისთვის ჩვენ ბიუჯეტში 1,5 მილიონზე მეტი ეკონომია და 5 მილიონი შემოსავალი გვქონდა. როგორც მახსოვს, მაშინ არც შაშკინმა და არც გილაურმა ჩვენი უნივერსიტეტის დასახელებაც კი არ იცოდნენ ზუსტად, იმდენად სპონტანურად მოხდა ყველაფერი. მაინც მგონია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ნოემბერში რექტორის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ამას უკავშირდება ეს ყველაფერი.
რას გულისხმობთ?
- იქ რა გარიგებას ჰქონდა ადგილი არ ვიცი, კოკა სეფერთელაძეც რამდენჯერმე იყო მოსული. ზუსტად რა მოხდა, ალბათ, ძიების საკითხია და ჩემს კომპეტენციაში არ შედის.
როგორც თქვენ ამბობთ, შეერთებაზე დაგითანხმეს და შემდეგ პირობები არ შეასრულეს...
- ეს თავისთავად, მაგრამ ჩემთან მიმართებაში უარესი რამ მოხდა. იმის გამო, რომ მოწვეულ პროფესორებს საკმაოდ მცირე ხელფასი აქვთ, შევეცადე სხვა სამსახურიც მომეძებნა. ახალი სამსახურის დასაწყებად დამჭირდა ცნობა იმ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომლის ავტორიც მე ვიყავი. ბატონმა გიორგი ღაღანიძემ, ამჟამად ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ (თეუსუ-ს ყოფილი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი), არ მომცა ასეთი ცნობა. მითხრა, რომ ბეჭედს ვერავინ ვერ დამირტყამდა, რადგან უნივერსიტეტი გაუქმებული იყო. გაუგებარი იყო, 18 წელი სადაც ვიშრომე და მთელი ენერგია შევალიე, წყალში როგორ უნდა ჩაყრილიყო. ამის შემდეგ მივედი თეუსუ-ს კანცელარიაში, სადაც ასეთი ჩანაწერი წესით, უნდა ყოფილიყო. მართლაც, მოვძებნე ბრძანება, მაგრამ იმ სამაგისტრო პროგრამაზე - „საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება“, რომელიც მე მოვამზადე და ამისი უამრავი მოწმე მყავს, ავტორად მიეწერათ სრული პროფესორი გიორგი ღაღანიძე. ეს არის 2010 წლის 10 ივნისის ბრძანება №01-08/30 საგანმანათლებლო პროგრამებისა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ, რომელსაც ხელს თეუსუ-ს მაშინდელი რექტორი ავთანდილ ჩუთლაშვილი აწერს.
გიორგი ღაღანიძეს არ უთხარით ამის შესახებ, ან საქმის ვითარება გააცანით ვინმეს?
- რა თქმა უნდა, საშინლად აღვშფოთდი, ღაღანიძემ ამაზე პასუხი არ გამცა, თავი ამარიდა. ავთანდილ ჩუთლაშვილთან (თსუ-ს რექტორის მოადგილე, თეუსუ-ს ყოფილი რექტორი) რომ შევედი მითხრა, რომ მაშინ საქმისათვის ასე იყო საჭირო.
ანუ?
- რომ მე ვიყავი ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შეიძლებოდა ამის გამო განათლების სამინისტროში რაღაც უხერხულობა შექმნილიყო. ესეც გაუგებარია - როცა ვაკეთებდი, როცა ვმუშაობდი, მაშინ არ იქმნებოდა ეს უხერხულობა და მერე შეიქმნებოდა? ანდა ასეთ თვალისახვევას თუ აპირებდნენ, ჩემთან მაინც რატომ არ შეათანხმეს?
სადაც საბუთები უნდა წარმედგინა, იქ უკვე ნათქვამი მქონდა, რომელი პროგრამების ხელმძღვანელი ვიყავი და თუ ამ პროგრამაზე უარს ვიტყოდი, იქ უკვე ტყუილი გამომდიოდა. ჩუთლაშვილს დაჟინებით მოვთხოვე, რომ ეს საკითხი როგორც სურდა, ისე მოეგვარებინა. დავპირდი, რომ ვიჩივლებდი ყალბი საბუთით მანიპულირების გამო, რომ ამ საქმეს ასე არ დავტოვებდი. ჩუთლაშვილმა მთხოვა, რომ დავმშვიდებულიყავი და დამპირდა, რომ გამოსავალს მოძებნიდა. ამის შემდეგ მომცა ცნობა, სადაც წერია, რომ ეს პროგრამა ნამდვილად ჩემი გაკეთებულია. ცნობას სადაც დადასტურებულია, რომ სამაგისტრო პროგრამის, „საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება“ ავტორი, 2006, 2008 და 2010 წლებში მე ვიყავი, ხელს თსუ-ს რექტორის მოადგილე ავთანდილ ჩუთლაშვილი აწერს.
ავთანდილ ჩუთლაშვილმა აგიხსნათ, რა საქმეს სჭირდებოდა ერთი პროფესორის ნაშრომის მეორისთვის მიწერა?
- როდესაც 2012 წლის ზაფხულში კონკურსი უნდა ჩატარებულიყო თსუ-ში, სადაც თეუსუ-ს აკადემიური პერსონალი მივიღებდით მონაწილეობას, იმ კათედრებზე, რომლებსაც ჩვენი სტუდენტები შეემატა, გარდა ფინანსების კათედრისა, კონკურსი არ გამოცხადებულა ( მაგ. ჩემი კათედრის საგნები თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, 4 კათედრაზე გადანაწილდა, მაგრამ ერთი ადგილიც კი არ დაუმატებიათ საკონკურსოდ). სავარაუდოდ ეს ადგილი ავთანდილ ჩუთლაშვილისთვის იყო. გიორგი ღაღანიძეს კი მენეჯმენტის კათედრაზე უნდა შეეტანა საბუთები, სადაც სრული პროფესორის ვაკანსია არსებობდა. სავარაუდოდ, ღაღანიძეს სწორედ ამისათვის სჭირდებოდა სასწავლო პროგრამის ავტორობა. მოკლედ, რომ ვთქვათ, თეუსუ-ს ზემოხსენებულმა პირებმა კონკურსში კი არ გაიმარჯვეს, ისინი დაინიშნენ, ხოლო კონკურსი მათთვის შირმა იყო.
ინფორმატიკის კათედრა, სადაც კონკურშში თეუსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებიც მონაწილეობდნენ, კონკურსის მსვლელობის დროს საერთოდ გააუქმეს და ამდენი ხალხი ფაქტობრივად, ჰაერში დატოვეს. მხოლოდ მოწვეულ ლექტორებად გადააქციეს. თეუსუ-დან სულ 5 კაცი მოხვდა თსუ-ში. კონკურსის პროცესში კათედრის გაუქმება, ვფიქრობ, ცალკე სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
როდის აღმოაჩინეთ, რომ თქვენი პროგრამით სხვა სარგებლობდა?
- 2011 წლის გაზაფხულზე, მაგრამ მას შემდეგ რაც ცნობა ავიღე, რომ ნამდვილად ამ პროგრამის ავტორი ვიყავი, ხმა აღარ ამომიღია. ჩავთვალე, რომ დავას აზრი არ ჰქონდა. ამის გარდა 2012 წელს თსუ-ში კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო და მინდოდა მონაწილეობა მიმეღო. მანამდე იმ ხელმოწერების შეგროვებასაც მახსენებდნენ ხოლმე და არ მინდოდა, კონფლიქტის გაღრმავება.
ძალიან მაინტერესებს 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული კონკურსის კომისიის წევრებს კითხვა არ გაუჩნდათ, როდესაც თეუსუ-ს ორ პროფესორს ერთი და იგივე პროგრამის ავტორობა ჰქონდა მითითებული საბუთებში, რა ხდებოდა და რასთან გვქონდა საქმე? ხომ უნდა შეემჩნიათ და კითხვები გასჩენოდათ? თუმცა, როგორც ამბობენ, ვინ უნდა მიეღოთ, სია წინასწარ იყო შედგენილი და შესაძლოა, საბუთები მართლაც არ შეუსწავლიათ.
ახლა რას აპირებთ?
- ჯერ შევეცდები, განათლების სამინისტროში გავარკვიო სიმართლე, ახალმა მინისტრმა როგორც თქვა, სპეციალური კომისია შეისწავლის ასეთ საქმეებს. თუ აქაც არაფერი გამომივა, შემდგომ იძულებული ვიქნები, სიმართლე სასამართლოში ვეძებო.
For.ge თსუ-ს რექტორის მოადგილეს, ავთანდილ ჩუთლაშვილს დაუკავშირდა.
ავთანდილ ჩუთლაშვილი: მე ასეთი დეტალები არ მახსოვს, მაგრამ, თუ არ ვცდები, ჩვენთან იყო სამი პროგრამის ხელმძღვანელი.
ბერიძე ამბობს რომ ოთხი პროგრამის ხელმძღვანელი იყო...
- ქალბატონი ლამარა ძალიან ენერგიული ქალბატონია და როგორც მახსოვს, სამი პროგრამის ხელმძღვანელია. მეტი მე არ მახსოვს. ეს უფრო გონივრულიც არის, ოთხი და ხუთი პროგრამის შედგენა და შემდეგ მისი ხელმძღვანელობა ძალიან რთულია. ეს იყო 2008 თუ 2009 წელი და ასეთი დეტალები არ მახსოვს.
2010 წელია და თქვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ის ოთხი პროგრამის ავტორია, მათ შორისაა სამაგისტრო პროგრამა - „საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება“. არსებობს ასევე ბრძანება, სადაც იგივე სამაგისტრო პროგრამის ავტორად გიორგი ღაღანიძეა მითითებული. თუ შეგიძლიათ ახსნათ, ეს რას ნიშნავს?
- ასე უცებ ძალიან მიჭირს გავიხსენო, თუმცა მზად ვარ ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ასეთ დეტალებს ვერ ვიხსენებ. თუ რამე გაურკვეველია, შეცდომაა ან გადაცდომა, მზად ვარ ამაზე ღიად ვისაუბრო. მაშინ იმ ინსტიტუტის რექტორი ვიყავი, მახსოვს, რომ ქალბატონი ლამარა საკმაოდ ენერგიულად მუშაობდა. იყო ორი თუ სამი პროგრამის ავტორი, შესაძლოა ოთხისაც - დეტალები არ მახსოვს.
როგორც ლამარა ბერიძე ამბობს, მას ამ თემაზე თქვენთან საუბარი ჰქონდა და თქვენ აუხსენით, რომ ამდენი პროგრამის ხელმძღვანელობა უხერხულობას შექმნიდა...
- თუ თქვენ ამბობთ, რომ ჩემი ხელმოწერაა ოთხ პროგრამაზე, მაშინ ასეთ რამეს არ ვეტყოდი. ალბათ, ვუნდერკინდი ადამიანებიც არსებობენ, რომ შეუძლიათ ოთხ და ხუთ პროგრამას უხელმძღვანელონ. ასეთი დეტალები არ მახსოვს. ისე კი, თუ საჭიროა, მზად ვარ, მოვაწყოთ ღია დისკუსია. თუ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საჯაროდ განვიხილოთ, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.