პრინცი ჰარი აღიარებს, რომ ის და პრინცი უილიამი ახლა "სხვადასხვა გზით მიდიან" და რომ ძმებს ურთიერთობაში "კარგი და ცუდი დღეები" ჰქონდათ. ამის შესახებ პრინცმა ჰარიმ ITV-სთან ინტერვიუში თქვა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
პრინც ჰარის განცხადებით, მას და სამეფო ოჯახს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აკისრია და აქედან გამომდინარე, "გარდაუვალი რამეები ხდება" ხოლმე. თუმცა სასექსის ჰერცოგი ამბობს: "ჩვენ ძმები ვართ და ყოველთვის ძმები ვიქნებით".
"დღეს, ამ მომენტში, ჩვენ სხვადასხვა გზით მივდივართ, მაგრამ ყოველთვის ვიქნები მის გვერდით. დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ჩემ გვერდით იქნება. ჩვენ ადრინდელივით ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ ძალიან დაკავებულები ვართ, თუმცა ძალიან მიყვარს", - განაცხადა პრინცმა ჰარიმ.
ინტერვიუში მეგან მარკლიც მონაწილეობდა, რომლის შესახებაც არის ჭორები, რომ ქეით მიდლტონთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მეგან მარკლის თქმით, გასული წელი "მძიმე" იყო. მან თქვა, რომ ბრიტანელი მეგობრები აფრთხილებდნენ, არ დაქორწინებულიყო პრინც ჰარიზე.
38 წლის მეგან მარკლი, თავისი ოჯახისა და ამერიკული წარმომავლობის გამო, არაერთხელ გამხდარა ბრიტანული გამოცემების სამიზნე.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ბრიტანულ ტაბლოიდურ გამოცემა Mail On Sundays-ს პრივატულობის დარღვევისთვის უჩივიან. ასევე, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი დატოვონ.