როი კინი:

როი კინი: "ეს ამაზრზენია, "ლივერპულის" და "მანჩესტერის" ფეხბურთელები ომის ნაცვლად ერთმანეთს კოცნიან"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა როი კინმა „წითელი ეშმაკებისა“ და „ლივერპულის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა.

საქმე ისაა, რომ მატჩის დაწყებამდე „ოლდ ტრაფორდის“ გვირაბში მოთამაშეები ერთმანეთს თბილად შეეგებნენ. მაგალითად დავიდ დე ხეა და ალისონი, სკოტ მაკტომინეი და ენდრიუ რობერტსონი, რობერტო ფირმინო, ფაბინიო და ანდრეას პერეირა, მარკუს რაშფორდი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი.

აღნიშნულმა სცენამ კი, ვეტერან ირლანდიელზე უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინა და თქვა, რომ ფეხბურთელები მოედანზე საომრად უნდა გადიოდნენ, მაგრამ ისინი ერთმანეთს ეხუტებიან.

„ეს სცენა საზიზღრობაა. ისინი ომში მიდიან და ამ დროს ერთმანეთს კოცნიან, ეხუტებიან. რეალურად თამაშამდე ერთმანეთს არც კი უნდა შეხედონ და მოედანზე ბრძოლა დაიწყონ. ფეხბურთი არ შეცვლილა, ფეხბურთელები შეიცვალნენ. თამაშის წინ ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან, თამაშის შემდეგ კი საუბრობენ“, - აღნიშნა კინმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლივერპულს“ მარკუს რაშფორდის გოლით ამარცხებდა, თუმცა ადამ ლალანამ ანგარიში გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს.