რუსეთში, ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში პოლიციას ნარკოკურიერი კატა გაექცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
გამოძიების მტკიცებით, მე-6 ციხის პატიმარი ე.დ. საპატიმრო დაწესებულებაში ნარკოტიკების შესატანად კატას იყენებდა. კერძოდ, კატის საყელურში სპეციალური ჯიბე იყო მოწყობილი, რომელშიც პატიმრის მეგობრები ნარკოტიკებს ათავსებდნენ, შემდეგ კი კატას ციხის ტერიტორიაზე უშვებდნენ.
გამოძიების ვერსიას ამყარებს სამი საიდუმლო მოწმის ჩვენება, რომლებიც ე.დ-სგან ციხეში ნარკოტიკებს ყიდულობდნენ, კატა კი საქმეში ნივთმტკიცებას წარმოადგენდა.
2018 წლის აგვისტოში ნარკოკურიერი კატა სპეციალურ დაწესებულებას გადასცეს, სადაც ის სასამართლო პროცესამდე უნდა შეენახათ. რამდენიმე დღის წინ ბრალდებულის ადვოკატმა კატის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მოითხოვა, თუმცა, როგორც გაირკვა, კატა გალიიდან ჯერ კიდევ ზამთარში გაიქცა.
ადვოკატების მტკიცებით, მნიშვნელოვანი ნივთმტკიცების დაკარგვის გამო საქმე შესაძლოა დაიხუროს.