ქურთი მებრძოლები სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობას ასახელებენ

ქურთი მებრძოლები სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობას ასახელებენ

17 ოქტომბერს თურქეთში მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მხარს უჭერენ ქურთი მებრძოლებიც. სამხედროები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხმდებიან. ქურთების მიერ დასახელებულ მთავარ პირობებს შორისაა მიგრანტების შინ დაბრუნება და დემოგრაფიული ცვლილებების გამორიცხვა.

სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ეს კომენტარი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც აშშ და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.

პენსის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტისა და თურქეთის ლიდერის ერდოღანის შეხვედრა. უფრო ადრე კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციამდე დონალდ ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა.

9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპი ერდოღანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო ოპერაციისგან. „ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს“, - მიმართავს ტრამპი ერდოღანს.

თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ მცირე 160 000 ადამიანს მოუწია. თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.