ბულგარეთის პოლიციამ დაადგინა 15 გულშემატკივრის ვინაობა, რომელიც ტრიბუნიდან ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების მისამართით რასისტულ შეძახილებს სკანდირებდა, 6 მათგანი უკვე დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
რაც შეეხება კიდევ 9 იდენტიფიცირებულ პირს, მათგან 3-ს პოლიცია ეძებს, 6 კი გამოძიების დასრულებას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაელოდება.
გულშემატკივართა მხრიდან რასისტული შეძახილების გამო, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბორისლავ მიხაილოვი თანამდებობიდან გადადგა.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული მატჩი, რომელიც ინგლისის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა, რამდენჯერმე ინგლისის ნაკრების ფერადკანიანი ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილების გამო შეჩერდა.