„კონსორციუმის“ ბოლო შანსი

„კონსორციუმის“ ბოლო შანსი

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, უწყება ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და დროულად აწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე, უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.

როგორც მაია ცქიტიშვილის უწყებაში აცადებენ, საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, პრაქტიკულად, ყველა ვალდებულების შესრულების ვადა, 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რამდენჯერმე გადაუვადა.

როგორც უწყებაში ასევე აღნიშნავენ, მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები: შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე; საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება; ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა; პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ პროექტის მიმართ საქართველოს მთავრობის მორიგი მხარდაჭერა შედეგიანი იქნება და კონსორციუმი ამჯერად შეძლებს საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას.

„გადავწვიტეთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო წლის ბოლომდე მივცეთ, რათა შეასრულოს დროულად ეს ვალდებულებები, რაც აქვს აღებული და ნაკისრი საინვესტიციო ხელშეკრულებით და წლის ბოლომდე მოახერხოს, როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან 400 მილიონი დოლარის მოზიდვის ნაწილში საკუთარი ვალდებულებების შესრულება.

მე ასე შევაფასებდი, რომ დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას და ეს უკვე მეექვსე გადავადებაა. ბოლო გადავადებით სწორედ რომ, წლის ბოლომდე ჰქონდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, ალბათ, დაგვეთანხმებით და მგონია, რომ საზოგადოებაშიც უკვე არსებობს კონსენსუნსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ გადავადებას“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის კონსორციუმი“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას მიესალმება და მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს. „კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ხელშეკრულების არ შეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დასხდენენ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადაჭრან ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

„ჩვენ, ჩვენი პოზიცია და ზოგადად, კომპანიისა და პროექტის სტატუსი გუშინ, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ამ პოზიციას და ვთვლით, რომ კონკრეტული დაბრკოლებებია პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი და გადასაწყვეტი. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით.

ინვესტორებთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგემელი, თუნდაც წერილი გასაგზავნი, შეხვედრაა ჩასატარებელი. ასევე ვფიქრობ, დაუყოვნებლივ შეხვედრაა ჩასატარებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ის საკითხები, რომლებიც აქამდეც იყო, ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ერთობლივი ძალებითაა გადასაწყვეტი“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის მთავარმა ფიგურამ მამუკა ხაზარაძემ კი „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა 2017 წელს შეხვედრა ბიძინა ივანიშვლთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში.

„არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ივანიშვილთან 2017 წელს. ეს ის დროა როცა 20 მილიონი ინვესტირება გვქონდა უკვე პორტში. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი რეზიდენციაში, სადაც ივანიშვილმა მითხრა, შევეშვათ ამ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო?

ვიცი, რომ ხვალ გამოვა „ოცნება“ და იტყვიან, რომ ხაზარაძე ჭორაობს. მე გეუბნებით პირდაპირ, ქვეყანა არის დიდი საფრთხის წინაშე, ქვეყანას უკვდება პერსპექტივა იმიტომ, რომ ანაკლია არის ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი უსაფრთხოების წერტილი, ანაკლია არის ათასობით სამუშაო ადგილი.

ვერაფერი არგუმენტი ვერ მოვიფიქრე. დავინახე რომ ერთ კაცს შეუძლია ყველაფერი გადაშალოს, მინისტრთა კაბინეტი, ინვესტირება. ხალხს რა ვუთხრა-მეთქი? მიპასუხა, რომ ინტერვიუს მივცემო და ავხსნიო.

2017-ში ვხსნით მშენებლობას, 2018 წლის გაზაფხულზე ივანიშვილი ხდება კვლავ თავმჯდომარე და ბრუნდება პოლიტიკაში. მალევე, კვირიკაშვილი მირეკავს და მეუბნება, რომ დაბარებული ვართ ივანიშვილთან და ანაკლიის თემა უნდა განვიხილოთ. იმ შეხვედრას ესწრებოდა გახარია, ცქიტიშვილი, ლევან ახვლედიანი, კვირიკაშვილი და მე.

ამ შეხვედრაზე მან თქვა, რომ ჰქონდა ადრე სხვა აზრები და ახლა თვლის, რომ ანაკლია არის მნიშვნელოვანი და მადლობას უხდის კვირიკაშვილს. ამის მერე კვირიკაშვილი მიდის ამერიკაში, მაღალი დონის შეხვედრას ატარებს ტრამპთან. ორ კვირაში გიორგის ხსნიან და სამ კვირაში იწყებენ გამოძიებას „თიბისი ჯგუფის“ მიმართ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი თვლის, რომ ანაკლიის პროექტის გადარჩენის ერთ-ერთი გამოსავალია, მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი მთავრობის კაბინეტისგან, გადაფრინდეს ინვესტორებთან, გადასცეს მთავრობის სახელით წერილი და დაარწმუნოს ისინი, რომ სახელმწიფო ელოდება მათ ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად.

„რა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? ერთ-ერთი გამოსავალია, რომ მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი მთავრობის კაბინეტისგან, დაიწეროს სერიოზული წერილი, ჩაჯდეს თვითმფრინავში, გადაფრინდეს ლონდონში, იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ, გადაფრინდეს ნიუ–იორკში მეორე კომპანიასთან, რომელიც ასევე ჩვენ შემოვიყვანეთ და რომელსაც ვერ აღირსეს ვერანაირი კომფორტის წერილი, რომ მათ მიესალმებიან საქართველოში, შეხვდეს მათ ხელმძღვანელობას, რასაც ორგანიზებას ჩვენ გავუკეთებთ.

გაიაროს ჰოლანდიასა და გერმანიაში ორ ინვესტორ ბანკთან, რომელიც ასევე მზად იყო ჯერ კიდევ იანვარში, ფული ჩაედო ანაკლიაში და იანვარშივე დაგვეხურა ფინანსურად ეს პროექტი, გადასცეს ოფიციალურად, მთავრობის სახელით ეს წერილი, დაარწმუნონ ისინი, რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ საქართველოში და კონკრეტულად ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად. ეს იქნება ზუსტი, მკაფიო გამოხატულება მათი, მთავრობის, სახელმწიფოს პოზიციისა და ამითაა ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ეს პროექტი გაჩერებას“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს „ლელოს“ სპიკერი, რომლის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ კლავს ანაკლიის პორტის იდეას. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლება ვალდებულია ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

„ამიტომ, თუ ხელისუფლების ინტერესებში ეს შედის, ისინი ვალდებულნი არიან შექმნან საპარლამენტო კომისია, რომელიც ღიად, გამჭვირვალედ იმუშავებს, სადაც ყველა დოკუმენტი თავიდან ბოლომდე იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა გაიგოს, ვინ და რატომ კლავს ანაკლიის პორტის იდეას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ ანაკლიის პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო.

 „აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზე, რომლისთვისაც სახელმწიფომ რესურსი გამოჰყო. აქ არის საუბარი სუბორდინირებულ სესხზე, აქ არის საუბარი ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატა ამ პროექტის მისამართით, დარჩენილია მეორე მხარე, რომ კერძო სექტორმა, კონსორციუმმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავისი ვალდებულებები. სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით დამოკიდებულება არის ის, რომ ამ პროექტის განხორციელებას სახელმწიფო მაქსიმალურად უჭერს მხარს და მომავალშიც მაქსიმალურად დაუჭერს. თუ კონსორციუმს რეალურად ჰქონდა თავისი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, ეს უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, არ გამოვა არბიტრობა, როცა ხარ დაინტერესებული მხარე. დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა, საუბედუროდ, დაინტერესებული მხარეა, რომელიც ცდილობს ანაკლიის პროექტის ჩაშლას. როგორც ბაქრაძე ამბობს, თუკი კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, ეს მთავრობის ბრალი იქნება, რადგან სწორედ მთავრობამ შეუქმნა პროექტს პრობლემები.

„მთავრობა ერთი ხელით ყველანაირად უქმნის პრობლემებს, რომ ანაკლიის კონსორციუმი წარმატებული არ იყოს და ვალდებულებები ვერ შეასრულოს, მეორე ხელით კი ცდილობს ისე იმოქმედოს, როგორც ნეიტრალურმა არბიტრმა, რომ განსაჯოს, შეასრულა თუ არა კონსორციუმმა ვალდებულებები. გაგვიკვირდება, რომ კონსორციუმმა ამ პირობებში ვერ შეასრულოს ვალდებულებები?! როცა მისი მთავარი დამფუძნებელი და სახე სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ იმყოფება, როდესაც კონსორციუმი დატოვა ყველაზე მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა, როდესაც კონსორციუმში მოყვანილი ახალი ინვესტორები ხელისუფლებამ დაიწუნა და მინისტრმა, რომელიც დღეს არბიტრის სახით გამოდის.

ამ პირობებში, როდესაც მთავრობა ყველანაირად უშლის ხელს კონსორციუმს, რომ ვალდებულებები შეასრულოს, როცა მთავრობა ყველა სიგნალს უგზავნის საერთაშორისო ინვესტორებს, რომ ამ პროექტს გააჩნია პრობლემა და პროექტი არ უნდა განხორციელდეს, სრულიად არ იქნება გასაკვირი, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულოს. ოღონდ ეს მთავრობის ბრალი იქნება და არა კონსორციუმის“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

თავის მხრივ რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ ანაკლიის პროექტი რუსეთის სურვილით ბიძინა ივანიშვილმა დაასამარა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, პროექტი არ განხორციელდება.

„ანაკლიის პროექტი დამთავრდა, ჩაიძირა ანაკლიის პროექტი ანაკლიის ზღვაში. ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდება. სამი თვით გაგრძელება დროის გაჭიანურებაა. ხაზარაძის განცხადება, თურმე, ივანიშვილს უთქვამს: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“, - ეს არის ანაკლიის პროექტისადმი ძირის გამოთხრის ყველაზე მთავარი ფორმულა, ეს არის დოქტრინა. რუსები ამბობენ, რომ – შავი ზღვა არის ჩვენი, ცხვირს ვერ შემოყოფს ვერავინ, ვერც პორტს ააშენებს, ვერც წყალქვეშა ნავებს განალაგებს, ვერც სამხედრო კომპონენტს შექმნის პორტში და ვერც კონკურენციას გამიწევს, ეს არის რუსეთის დოქტრინა და ეს დოქტრინა გაუმეორებია თურმე ივანიშვილს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

tngh ქალაქ ლაზიკას აშენება იყო საუკუნის აფიორა. საამშენებლო, ფინასური, ტექნიკური, ენერგო, განსახლების... უზრუნველყოფის საპროექტო გათვლების გარეშე ქალაქის აშენება... ფანტასტიკის სფეროა. სამწუხაროდ, არც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამიგია მსგავსი გათვლების არსებობა. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვინმეს ვიღაცის ინტერესებისათვის სურს, ასეტი პროექტის განხორციელება არ შეიძლება. საჭიროა საფუძვლიანი დასაბუთება პროექტის დანერგვისათვის...
5 წლის უკან
tngh ქალაქ ლაზიკას აშენება იყო საუკუნის აფიორა. საამშენებლო, ფინასური, ტექნიკური, ენერგო, განსახლების... უზრუნველყოფის საპროექტო გათვლების გარეშე ქალაქის აშენება... ფანტასტიკის სფეროა. სამწუხაროდ, არც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამიგია მსგავსი გათვლების არსებობა. მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვინმეს ვიღაცის ინტერესებისათვის სურს, ასეტი პროექტის განხორციელება არ შეიძლება. საჭიროა საფუძვლიანი დასაბუთება პროექტის დანერგვისათვის...
5 წლის უკან
Katana . tngh, რა მაგის პასუხია, მაგრამ სულ მაინტერესებს: კომენტარებს რომ ყველგან 2-2, 3-3 და ზოგან 4-4-ჯერაც კი დებ, განგებ აკეთებ, თუ შენი კომპიუტერი მხოლოდ "ზალპით" ისვრის და "ადინოჩკა" არა აქვს? :)))
(არ გეწყინოს, მართლა მაინტერესებს).
5 წლის უკან
tngh ჩემის აზრით, გაცილებით უფრო საინტერესოა ანაკლიის პორტის ეკონომიური დასაბუთება, ვინემ ჩემი კომენტარების რაოდენობა...
5 წლის უკან