ანჯელინა ჯოლის აზრით, ქალს სიძლიერისთვის კაცთან დაპირისპირება არ სჭირდება

ანჯელინა ჯოლის აზრით, ქალს სიძლიერისთვის კაცთან დაპირისპირება არ სჭირდება

სულ რამდენიმე დღეში ფილმ Maleficent: Mistress of Evil პრემიერა შედგება, რომელსაც ანჯელინა ჯოლის გულმხურვალე ფანები დიდი ხანია ელოდებიან, რადგან ფილმის წინა ნაწილში თავისი მომხიბვლელი შესრულებით ყველას დაამახსოვრა თავი.

ფილმის პრემიერამდე გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ამ ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, რომელიც ფილმში საკმაოდ დასამახსოვრებელი ანტაგონისტის, მალეფისენტის როლს ასრულებს, კინოში ძლიერი ქალი პერსონაჟების გამომსახველობაზე ისაუბრა:

"ვფიქრობ, როცა ამბავს ძლიერი ქალის შესახებ გვიყვებიან, ძალიან ხშირად ასეთი ქალი ყოველთვის ან კაცს უპირისპირდება და ამარცხებს, ან კაცივით გამოიყურება, ან კიდევ იმას უსვამს ხაზს, რომ კაცი საერთოდ არ სჭირდება."

ანჯელინა ჯოლიმ ფილმ Maleficent-ში მის მიერ შესრულებული გმირისა და კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟის, პრინცესა აურორას მაგალითი მოიყვანა:

"ორივე ჩვენგანის პერსონაჟს ძალიან სჭირდება და უყვარს კაცები და მათგან ბევრ რამესაც სწავლობენ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებმაც უნდა იპოვონ ძალა საკუთარ თავებში, მაგრამ, ამავდროულად, პატივი უნდა სცენ და ბევრი რამ ისწავლონ მათ ირგვლივ მყოფები კაცებისგან."

მან Maleficent-ში ქალი და კაცი პერსონაჟების რეპრეზენტაციაზეც ისაუბრა:

"ფილმში არიან ძლიერი ქალები, მაგრამ ასევე ამ ფილმის მთავარი ბოროტი გმირიც სწორედ ქალია. ჩვენ სხვადასხვაგვარი ტიპის ქალებთან ერთად განსხვავებულ კაცებსაც წარმოვაჩენთ და მინდა, რომ ამას ბევრმა მიაქციოს ყურადღება."

ამ საკითხზე ისაუბრა ფილმში პრინცესა აურორას როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ელ ფენინგმაც:

"აურორას სიძლიერე მისი სიკეთეა. ის ნაზი და ფემინურია. მას სურს, რომ დაქორწინდეს და შვილები ჰყავდეს, რაც მშვენიერია. ამ ტიპის სიძლიერეს ხშირად ეკრანებზე არ აჩვენებენ. ხშირად პრინცესებზე ფილმების გადაღებისას გეგმავენ, რომ ისინი ძლიერი პრინცესები გახადონ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პრინცესები უხეშები უნდა იყვნენ და ბრძოლა დაიწყონ. ნუთუ ეს ნიშნავს სიძლიერეს? მახვილი ავიღოთ, აბჯარი ავისხათ და საბრძოლველად წავიდეთ? აურორას თავისი სიძლიერის გამოვლენა ამის გარეშეც შეუძლია, თუნდაც ვარდისფერ კაბაში. და ეს მშვენიერია, რაც მას მისთვის დამახასიათებელ სინაზესა და სისუსტეებსაც უნარჩუნებს."