რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა

რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა

რუსეთის არმია სირიის ქალაქ მანბიჯში შევიდა, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ამერიკული ბაზა იყო დისლოცირებული. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, სამხედროები სირიელ და თურქ ჯარისკაცებს შორის არსებულ „გამყოფ ხაზთან“ პატრულირებენ. სირიაში რუსეთის სპეციალური დესპანი კი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებს.

კრიტიკოსების განცხადებით, სირიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანამ თურქეთს "მწვანე შუქი აუნთო". რუსეთი ბაშარ ასადისა და შესაბამისად სირიის სამთავრობო ძალების მთავარი მოკავშირეა.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამხედროებმა 525 ქურთი ტერორისტი გაანეიტრალეს. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება. 14 ოქტომბერს კი სირიის ხელისუფლებამ ქურთების დასახმარებლად თურქეთის საზღვართან სამხედროები გაგზავნა.

15 ოქტომბერს აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.