ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ვითარება სხვადასხვა სფეროში უკიდურესად გამწვავდა. ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ეს ეხება, სასჯელაღსრულების სისტემაა. პატიმრები ჯერ რუსთავის ციხეში აჯანყდნენ, რასაც ციხის ახლადდანიშნული დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. ამჟამად კი ვითარება უკიდურესად დაძაბულია სასჯელაღსრულების ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმრები აცხადებენ, რომ ციხის ადმინისტრაციას საპყრობილეში სპეც-რაზმის შეყვანა აქვს დაგეგმილი. პატიმრები ციხესთან შეკრებილ თავიანთ ოჯახის წევრებს სთხოვენ, იქაურობა არ დატოვონ, რადგან მათი თქმით, მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები იგეგმება. ქსნის N15 დაწესებულების პატიმრები ციხის დირექტორის, ნუკრი ხუხუას და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომლის განთავისუფლებას ითხოვენ იმ მოტივით, რომ ეს ადამიანები ადრე პატიმრების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში არიან შემჩნეულები.
აღსანიშნავია, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გარკვეულ ნაწილს აქვს ეჭვი, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვითარების დაძაბვა ხელოვნურად ხდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა, სოზარ სუბარმაც გააკეთა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ციხეებში სიტუაციის დაძაბვა წინა ხელისუფლებას უკავშირდება და მან აღნიშნა, რომ ყველა პატიმარი, ვინც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. ამასთანავე, სუბარმა განაცხადა, რომ ციხის გარე პერიმეტრზე მყოფი ადამიანების მიმართაც კანონით გათვალისწინებული სანქციები გატარდება.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ მოგვეხდინა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის N1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
ციხეებში ვითარების ხელოვნურად გამწვავებაზე საუბრობს უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ვითარების დაძაბვას ე.წ. „მაყურებლები“ ცდილობენ.
გელა ნიკოლაიშვილი: „ეს ყველაფერი, ციხეების მართვის იმ ცნობილი სადისტური რეჟიმიდან, შემდეგი რეჟიმის მოშლაზე გადასვლას მოჰყვა. ცხადია, არც ერთია ნორმალური (წინა ხელისუფლების პირობებში არსებული სადისტური მოპყრობა) და არც მეორე, რომ რეჟიმი მართოს არა ციხის ადმინისტრაციამ, არამედ პატიმრებმა. როდესაც ახალმა ხელმძღვანელობამ მოინდომა რეჟიმის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა და ქაოსიდან სიტუაციის გამოყვანა, ანუ, იმ რეჟიმის დამყარება, რომელიც ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში არის მიღებული, როგორც ჩანს, პატიმრებმა ეს იმ მდგომარეობის შეზღუდვად ჩათვალეს, რაც მათ იმ გაუსაძლისი პირობების შემდეგ მოიპოვეს, ანუ ისინი დღეს ფაქტობრივად რეჟიმის გარეშე არსებობას აპროტესტებენ.
ხშირ შემთხვევაში, ასეთი რამ ბუნებრივად ხდება, როდესაც მთლად უჟანგბადოდ მყოფ ადამიანს ზედმეტ ჟანგბადს მისცემ. შემდეგ თუ ზომიერად მიაწვდი ჟანგბადს, ეს ადამიანი მაინცდამაინც ამის მომხრე არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ აუცილებელია, ციხეში რეჟიმი ადმინისტრაციამ მართოს, რეჟიმი იყოს ადამიანური და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისი, და არა სადისტური. თუმცა შეუძლებელია, ციხე იყოს მიშვებული. ამით, რა თქმა უნდა, სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებიც ციხეში სიტუაციის დაძაბვით არიან დაინტერესებულები და ამას ისინიც უწევენ პროვოცირებას, მაგრამ მთავარი მიზეზი არის ეს. ანუ, საფუძველი არსებობს და იქ შემდეგ ხდება წაქეზება, პატიმრების ოჯახის წევრების განწყობით მანიპულირება, სპეც-რაზმის შეყვანასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელება და ა.შ. ეს უკვე ტექნიკის საკითხია და დღევანდელ ხელმძღვანელობას სისტემის კალაპოტში მოქცევა ამიტომაც უჭირს.
ამდენად, თქვენ ამბობთ, რომ პატიმრები იმ მდგომარეობის აღდგენას ითხოვენ, როდესაც გარდამავალ პერიოდში, ანუ ხელისუფლების ცვლილების დროს, სადავეები მიშვებული იყო და ციხეებს ფაქტობრივად პატიმრები მართავდნენ?
- დიახ, მე სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იმ 51 კაცის სიაში, რომელიც ტუღუშმა შეადგინა და რომლებიც ციხეში დაუბრკოლებლად შედიან. მე მხოლოდ ჩემს დასაცავ პირებთან შევდივარ, როგორც ადვოკატი. რაც მათგან მესმის და კიდევ სხვებისგან, თუკი ციხეში შესვლისას შემთხვევით სხვა პატიმრებსაც შევხვდი, აქედან გამომდინარე სწორედ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რაც მოგახსენეთ.
ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ არსებობენ ე.წ. მაყურებლები, რომლებიც ცდილობენ, ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეებზე კონტროლი თვითონ მოიპოვონ და ამ მოვლენების ხელოვნურად ინსპირირებას ეწევიან. ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?
- სწორედ ამას ვამბობ, მათ ფაქტობრივად უკვე ჩაიგდეს ხელში მართვის სადავეები იმ ქაოსის პერიოდში, როდესაც არანაირი რეჟიმი არ იყო და ახლა ამის ხელიდან გაშვება არ სურთ. ეს მომენტიც არის. მოკლედ ამ პრობლემას სხვადასხვა ასპექტები აქვს და ერთ-ერთი ესეც არის, დანარჩენზე კი ზემოთ უკვე ვისაუბრე.
რუსთავის ციხეში არეულობის დროს პატიმრები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ადმინისტრაცია ციხეში სპეც-რაზმის შეყვანას აპირებდა, მაგრამ შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. იგივე ხდება ქსნის დაწესებულებაშიც. თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეც-რაზმის შეყვანა ციხეში მართლაც იგეგმებოდა და ამ ხმაურის ატეხვის შემდეგ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება, თუ ესეც პატიმრების მიერ აგორებული ჭორია?
- სიტუაციის დაძაბვისთვის ეს ძალიან კარგი თემაა, რომ აი თურმე ციხეში სპეცრაზმი შეჰყავთ. ასევე კარგი თემაა ციხესთან პატიმრების ოჯახის წევრების მობილიზებისთვის. მიმაჩნია, რომ კანონიერების ფარგლებში წესრიგი აუცილებლად უნდა აღდგეს. ეს არც გადამეტებული ზეწოლა უნდა იყოს პატიმრებზე და არც სიტუაციის მთლად მიშვება არის კარგი. ძალიან მარტივია ამ სისტემის მართვა ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, ანუ სადისტური მეთოდებით. ასევე ძალიან მარტივია მართვა ქაოსით და ეს ციხის მაყურებლები და ე.წ. ავტორიტეტები ამ ქაოსში ვითარებას კარგად აკონტროლებენ, მაგრამ ყველაზე რთულია დაიცვა ბალანსი, ანუ ერთის მხრივ დაიცვა პატიმრების უფლებები, ხოლო მეორეს მხრივ, დაიცვა კანონი და წესრიგი. სწორედ ამიტომ არის ამ ვითარების კონტროლი რთული, მაგრამ ხელისუფლებამ ეს უნდა მოახერხოს.
რუსთავის ციხეში არეულობას საპყრობილის დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა. ამჟამად ქსნის ციხის პატიმრები ციხის დირექტორის და რამდენიმე თანამშრომლის განთავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც მათი თქმით, პატიმრების წამებაში არიან მხილებულები. თქვენი ინფორმაციით, ეს მოთხოვნა რეალურ საფუძველს ემყარება, თუ ესეც პატიმრების მიერ ხელოვნურად აგორებული თემაა?
- ვერ გეტყვით, ეს არის გამოძიების საგანი. შესაძლოა, ეს არის რეალური მოთხოვნა და შესაძლოა, ეს იმისთვის არის პროვოცირებული, რომ პატიმრებმა ასე ვთქვათ, თავისი გაიტანონ. გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს და გამოძიების ფარგლებში ყველაფერ ამის გარკვევა უნდა მოხდეს. აბურჯანიასთან დაკავშირებით მე მქონდა რაღაცეები გაგონილი და პატიმრების ამ მოთხოვნას საფუძველი ჰქონდა. ნუკრი ხუხუასთან დაკავშირებით ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. პატიმრების უმეტესობისგან მასზე დადებითი შეფასება მაქვს მოსმენილი, თუმცა როდესაც სისტემაში ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობს, მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება არიან პატიმრები, რომლებიც მასზე განაწყენებულები არიან, შეიძლება საფუძვლიანად, შეიძლება - უსაფუძვლოდ. რა თქმა უნდა, ასეთი პატიმრები ყოველთვის მოიძებნებიან. ამიტომ უნდა გაირკვეს, მის მიმართ ასეთი ბრალდებები რამდენად საფუძვლიანია. თუ პრეტენზიებს აქვს საფუძველი, რა თქმა უნდა, მაშინ ხუხუაც გადაყენებული უნდა იქნას. თუმცა აქვე ახალ ხელმძღვანელობას ვურჩევდი, სანამ ადამიანს კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშნავენ, მანამ დაინტერესდნენ მისი რეპუტაციით, რათა შემდეგ ამ კადრის შეცვლა აღარ დასჭირდეთ. სჯობს საკადრო გადაწყვეტილებებს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდნონ.