სტუდენტური თვითმმართველობის ზოგიერთმა წევრმა უცხოეთს შეაფარა თავი

სტუდენტური თვითმმართველობის ზოგიერთმა წევრმა უცხოეთს შეაფარა თავი

ნაციონალებთან სიახლოვისა და მათი დაკვეთის შესრულების გამო სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დანარჩენი სტუდენტების გაღიზიანებას იმსახურებდნენ. ერთგულების ნიშნად ხელისუფლება მათ არა მარტო სოლიდური თანხით ასაჩუქრებდა, არამედ უცხოეთში არაფრისმთქმელ კონფერენციებზე გზავნიდა, რაც, სინამდვილეში, მათ გართობა-დროსტარებას ემსახურებოდა.

ისინიც წლების მანძილზე სარგებლობდნენ ხელისუფლებისგან მიღებული სიკეთეებით და სხვა სტუდენტების მიმართ იდეოლოგიურ დაპირისპირებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ცემა-ტყეპას არ ერიდებოდნენ, რაც, წესისამებრ, მათ დაუსჯელად მთავრდებოდა.

დამოუკიდებელი სტუდენტები იმთავითვე აპროტესტებდნენ სტუდენტური, ვითომც, „თვითმმართველობის“ ქმედებებს და მათ ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებლებად, უნივერსიტეტებში ჩანერგილ კადრად მოიხსენებდნენ.

დღესაც სტუდენტთა ნაწილი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს, რადგან თვეების წინ ეს არჩევნები უსამართლოდ, ზეწოლის ფონზე ჩატარდა. მოძრაობა „ივერიელის“ წევრები სტუდენტებს შორის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რათა აჩვენონ, რამდენ სტუდენტს სურს არსებული თვითმმართველობა. ამასთან, „ივერიელები“ თსუ-ში ვადამდელი არჩევნების გამართვას მოითხოვენ.

„დებულების თანახმად, იმისათვის, რომ თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს, თვითმმართველობა წევრების 2/3-მა უნდა დატოვოს.  ვფიქრობთ, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან ყოველწლიურად თვითმართველობისთვის 700 ათასი ლარია გამოყოფილი. მიგვაჩნია, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება“, - აცხადებენ „ივერიელების“ წარმომადგენლები.

For.ge დაინტერესდა, რა როლი აქვს არსებულ სტუდენტურ თვითმმართველობას მაშინ, როცა მათი ძველი მფარველები დღეს უკვე ხელისუფლებაში აღარ არიან.

„ლაბორატორია 1918“-ის წევრი ანი ჭანკოტაძე ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ თსუ-ში არჩევნები მაისში არაერთი დარღვევის ფონზე ჩატარდა. მათ შორის, ხელს უშლიდნენ კანდიდატების დარეგისტრირებას და ძალით მიჰყავდათ ამომრჩევლები.

„თვითმმართველობის წევრები კარგა ხანია, უნივერსიტეტებში გვევლინებიან. ისინი ძველი კადრები არიან. უბრალოდ, აქამდე ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ ნაციონალური მოძრაობის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. აქედან გამომდინარე, მათ ვერავინ აიძულებდა არჩევნების შეცვლასა და გაუქმებას. ახლა ვითარება შეიცვალა და ამიტომაც გაჩნდა ასეთი მოლოდინი“.

ანი ჭანკოტაძის თქმით, რა თანხა იხარჯებოდა თვთმმართველობის სასიკეთოდ, მისთვის უცნობია, რადგან ზუსტად მოჭრილი ბიუჯეტი არ ჰქონდა თვითმმართველობას. თუმცა, მათ უფინანსებდნენ სხვადასხვა პროექტებს. უფრო მეტიც, „ლაბორატორიის“ წევრებმა რამდენჯერმე გამოითხოვეს მათი ხარჯთაღრიცხვა, მაგრამ ამაოდ. ამას ემატებოდა სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმებიც მათ საქმიანობაზე, თუმცა ზუსტი ხარჯთაღრიცხვა მაშინაც ვერ აღმოჩნდა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს სტუდენტების დიდი ხნის ეჭვს, რომ თვითმმართველობა საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა უნივერსიტეტის ფულს.

რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის დღევანდელ ფუნქციას, ანი ჭანკოტაძე მიიჩნევს, რომ ისინი დღესაც იმ ადამიანების დაკვეთას ასრულებენ, ვის დაკვეთასაც აქამდე ასრულებდნენ. თუმცა, ბოლო დროს, საგრძნობლად  შეირყა მათი პოზიცია უნივერსიტეტში.

„ნელ-ნელა შესუსტდა მათი პოზიციები. სტუდენტებმა ამას ბრძოლით მივაღწიეთ, რადგან დიდი ხანია, „ლაბორატორიის“ წევრები მათ ვუპირისპირდებით. ამჟამად, მათ აქვთ ფორმალური ძალაუფლება, ისინი მონაწილეობენ რექტორის არჩევნებში, სხვადასხვა აკადემიურ საბჭოში წარმომადგენლობა ჰყავთ და უნივერსიტეტის მართვის საქმეში სტუდენტების სახელით ერთვებიან. აქამდე ამ რეალურ ძალაუფლებას სათავისოდ იყენებდნენ და ტერორის ქვეშ ჰყავდათ ლექტორებიც, რექტორიც და ყველა ადამიანი“, - აცხადებს „ლაბორატორია 1918“-ის წევრი.

აქვე ანი ჭანკოტაძე იმ ფაქტსაც იხსენებს, რომ ეს ახალგაზრდები უცხოეთშიც დადიოდნენ, ასევე, მათ უფინანსებდნენ მესამეხარისხოვან კონფერენციებზე ვიზიტებსა და საზაფხულო სკოლებს. ამდენად, ანი ჭანკოტაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობაში კადრების ჩანაცვლება შედეგს არ გამოიღებს, აქ მთავარია თავად თვითმმართველობის სტრუქტურის ცვლილება. თუ ასე არ მოხდება, მაშინ რომელიმე კონკრეტული სტუდენტით მათი ჩანაცვლება არაფერს შეცვლის. 

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ოთარ ლორთქიფანიძე For.ge-სთან საუბარში თვითმმართველობის არსებული მოდელის მიუღებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, უნივერსიტეტის წმინდა კლასიკური მოდელი არ ითვალისწინებს იმ დეპარტამენტების არსებობას, რომლებიც დღესდღეობითაა უნივერსიტეტში. მაგალითად, კულტურის დეპარტამენტი, სადაც უამრავი თანხა იხარჯება. ბიუჯეტიდან თანხები ისევ თვითმმართველობის მიერ გამოიყოფა და შემდეგ ქრება ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ გაუმჭვირვალეა თვითმმართველობა, შესაბამისად, დეპარტამენტები თავის ხარჯს მოითხოვენ და ამის საშუალება დღესდღეობით მართლაც არ არსებობს უნივერსიტეტში.

„მე და ჩემი მეგობრები უნივერსიტეტის კლასიკურ მოწყობას ვემხრობით, სადაც თვითმმართველობას შეზღუდული უფლებები აქვს და მხოლოდ იმ პოზიციას ინარჩუნებს, რომელიც სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის შუამავლობას გულისხმობს. თვითმმართველობასა და თვითონ უნივერსიტეტის რეორგანიზებასთან დაკავშირებით აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ. ჩვენ გვსურს, უნივერსიტეტი, მისი სტრუქტურული მოწყობა შეიცვალოს და ისეთი კლასიკური მოდელი გახდეს, როგორიც ივანე ჯავახიშვილმა დანერგა და, როგორც დასავლეთ ევროპის ძველ უნივერსიტეტებში გვხვდება“, - აცხადებს ოთარ ლორთქიფანიძე.

მისი შეხედულებაა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ინსტიტუტი არ უნდა გაუქმდეს, იგი უნდა დარჩეს, ოღონდ უნდა შეეკვეცოს უფლებები. ისინი მხოლოდ და მხოლოდ შუამავლის როლის შემსრულებლები უნდა იყვნენ და არა ფულის მხარჯველები, როგორც ადრე იყო.

ამასთან, ოთარ ლორთქიფანიძისთვისაც უცნობია, რა თანხას ხარჯავენ თვითმმართველობის წევრები, რადგან საჯაროდ ამ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. ეს კი კანონდარღვევაა.

მისი თქმით, არაფორმალურად ყველამ კარგად იცის და თვითონ შიგნიდანაც გამოდის ინფორმაცია, რომ თვითმმართველობის წევრები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ საკუთარი გართობისთვის. ისინი განსხვავებული აზრის მქონე  სტუდენტებს თვითმმართველობის ბიუჯეტს არ ახმარენ.

მანვე დაადასტურა, რომ დღესდღეობით თვითმმართველობის რამდენიმე წევრმა, რომლებიც მაღალ პოზიციებზე მოკალათებულიყვნენ, დატოვა თანამდებობა. ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთ წავიდა, რადგან შეეშინდათ იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მათ ელოდათ.   

თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება „ქართველის“ ხელმძღვანელი ვაჟა ქორიძე  აცხადებს, რომ საჭიროა სტუდენტების გააქტიურება, რათა ის კედელი, რაც თვითმმართველობის სახით იყო, საბოლოოდ დაინგრეს.

მისი თქმით, პროცესები დომინოს პრინციპით მიმდინარეობს და ვეღარც თვითმმართველობა და ვერც მათი კლანი, საბოლოო ჯამში, ვერაფერს გააკეთებს.

უფრო მეტიც, თვითმმართველობის დაშლის პროცესი მალე დაიწყება და სტუდენტების დიდი რაოდენობა მათ რიგებს დატოვებს.