გურია-აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად გოჩა კუპრაძე დაინიშნა. ეს და კუპრაძის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ინფორმაცია ფორ.გე-ს სარწმუნო წყარომ მოაწოდა. ჩვენთვის ცნობილი ისაა, რომ კუპრაძის კანდიდატურა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა დავით ცინარიძემ, რომელიც 31 ოქტომბერს დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
გოჩა კუპრაძე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის, ჯონი ბაკურიძის მოადგილედ მუშაობდა, სანამ ბაკურიძეს გაათავისუფლებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯონი ბაკურიძე 2012 წლის 16 თებერვალს “პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელის“ გამო გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მან “ტვ 25“-ის ჟურნალისტს თეონა თურმანიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა წაართვა.
ჩვენს მიერ მოპოვებული, ბოლომდე დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბაკურიძის გათავისუფლების შემდეგ გოჩა კუპრაძე დაინიშნა ბათუმის პორტისა და აეროპორტის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელად და იგი ამ თანამდებობაზე დღემდე მუშაობდა.
სარწმუნო წყაროს ცნობით, გოჩა კუპრაძე მონაწილეობდა 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნვერსიტეტში სტუდენტების აქციის დარბევაში. ამასთან, გოჩა კუპრაძე უშუალოდ მონაწილეობდა 2011 წლის 21 მაისს, ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დარბევაში, აჭარის ტელევიზიასთან მომხდარ ინცინდენტში, რა დროსაც ტელევიზიის შენობის მინები ჩაიმსხვრა და “სახალხო კრების“ აქტივისტების დაკავებაში. ჩვენი წყაროს ცნობით, აჭარის ტელევიზიის მინების ჩამსხვრევის და შემდეგ ამ ფაქტის საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორებისთვის გადაბრალების ავტორი სწორედ გოჩა კუპრაძეა.
ბათუმის აქციის დარბევაში კუპრაძის მონაწილეობა “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე 2011 წლის 26 მაისს გამოქვეყნებული რეპიორტაჟითაც დასტურდება, რომელშიც ასახულია 21 მაისის ამბები. სტატიის სათაურია - “პროტესტი "ხელმარჯვე" და "ენამახვილი" პოლიციელების თანხლებით“. გთავაზობთ ამონარიდს შორენა ღლონტისა და ჟანა მეგრელიშვილის მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან:
“20:00 -24:00 საათი. აქციის დარბევის შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერები ისევ ერას მოედანს დაუბრუნდნენ, თუმცა, როგორც ისინი აცხადებდნენ, სამოქმედო გეგმა შემუშავებული არ ჰქონდათ. მიუხედავად, წვიმისა, ერას მოედანზე დაახლოებით 200 მომიტინგე რჩებოდა. ლიდერებმა კი "სახალხო კრების" ოფისში, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაინაცვლეს. ერას მოედანზე, ამ დროისთვის მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თითქმის ყველა წარმომადგენელი განურჩევლად ჩინისა. დაახლოებით 23:00 საათზე, ხალხში ყვირილის ხმა გაისმა და ჩოჩქოლი ატყდა - რამდენიმე პირი, მათ შორის ერთი ოზურგეთელი სპეცრაზმმა მანქანაში "ჩატენა" და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. "გურია ნიუსს" დაკავების ამსახველი ფოტოების გადაღების დროს კუდის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "კეთილი რჩევა" მისცა: - "ჩაჯექი ახლა მანქანაში და რაც გადაიღე, შეირგე". მიუხედავად მისი რჩევისა, რამდენიმე კადრის გადაღება მაინც მოვახერხეთ. სიტუაციის დაშოშმინების შემდეგ, ტერიტორია, სადაც დაკავების ფაქტი დაფიქსირდა, სპეცრაზმის თანამშრომლებით აივსო. ასე აღმოვჩნდით ალყაში და ტელეფონით ჩვენს კოლეგებს დახმარება ვთხოვეთ. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილას სხვა ჟურნალისტებიც მოვიდნენ. როცა ვარკვევდით, რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს დაკავებულები, კუდის, სოდის და პოლიციის თანამშრომლები ხუმრობის ხასიათზე დადგნენ. ჟურნალისტებმა იქვე მდგომ სამართალდამცავს კითხვებით მივმართეთ.
ვინ დააკავეთ?
- არავინ.
დაკავების კადრები გვაქვს...
- მე არაფერი დამინახავს(?!)
ანუ, არავინ დაგიკავებიათ?
- მე მეკითხებით და გპასუხობთ, არა-მეთქი!
ყველას გეკითხებით....
_-ჰოდა, ჩვენც გეუბნებით - არ დაგვინახავს, რადგან სავახშმოდ ვიყავით გასული.
მაშინ გვიპასუხეთ, აქ რატომ ხართ?
- ჩვენ რატომ ვართ აქ...? გენაცვალე, ხალხი რომ არის აქ იმიტომ - ვინმეს რომ არ მოუვიდეს რამე.
"ვინმეს" უკვე მოუვიდა და მანქანაშიც ძალის გამოყენებით ჩასვეს.
- არ ყოფილა ასეთი რამ, ცრუ ინფორმაცია გაქვთ.
არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
-არა. მე არ ვადასტურებ. იმათ ჰკითხეთ, გენაცვალეთ, - და ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირა.
ისინი ამბობენ, რომ სცემეს და მანქანაში ძალით ჩასვეს რამდენიმე აქტივისტი, ანუ გვატყუებენ?
- გეუბნებით, არავინ გვიცემია. რა ვიცი, ნახეთ, იქნებ არ გატყუებენ, გადაამოწმეთ, იქნებ მართალია, რა ვიცი, აბა(?!).
თქვენი სახელი და გვარი, თუ შეიძლება...
- გოჩა კუპრაძე.
სტატუსიც, ვინ ბრძანდებით...
- კიდევ რა გაინტერესებთ? გულს გადაგიხსნით, ყველაფერს ერთბაშად გეტყვით. ვარ უცოლო, სურათიც გადაგვიღეთ კარგ ფონზე... ახლა მე გეკითხებით, თქვენ საიდან ხართ? გული გაგვისკდა, ხომ უნდა გვითხრათ ვინ ხართ? საერთოდ, რომ იცოდეთ, პოლიციას არ უნდა მიმართოთ კითხვებით, არის სპეციალური ბრძანება.
თქვენი ოჯახური მდგომარეობა არ გვაინტერესებს, თუმცა რა ბრძანებაზე საუბრობთ, ეს ძალიან საინტერესოა!
- პრესსამსახურს მიმართეთ, მას უნდა შეუთანხმოთ ყველა ინტერვიუ.
თუ შეგიძლიათ, ბრძანების ნომერი გვითხრათ?
-ნუ, ასე ჰაერზე არ ვიცით, მობრძანდით ხვალ დილით განყოფილებაში და გაგაცნობთ“.