სექსი, ცინიზმი და სკანდალები: როგორ წარიმართა უნგრეთში წინასაარჩევნო კამპანია

სექსი, ცინიზმი და სკანდალები: როგორ წარიმართა უნგრეთში წინასაარჩევნო კამპანია

უნგრეთში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა და ოპოზიციის კანდიდატებმა 23 ქალაქიდან 10-ში გაიმარჯვეს, მათ შორის ქვეყნის დედაქალაქ ბუდაპეშტში. როგორც გამოცემა Neue Zurcher Zeitung-ი წერს, წინასაარჩევნო ბრძოლა "ბინძური" იყო.

გამოცემის ცნობით, ცინიზმი უნგრეთის საარჩევნო გარემოს შემადგენელი ნაწილი იყო და ამის მაგალითად სტატიის ავტორს მოჰყავს ბუდაპეშტში, ბოშნიაკის მოედანზე მდგომი მანქანა, საიდანაც საცირკო მუსიკა ისმოდა, ამასთან, მანქანაზე გამოსახული იყო, ჯამბაზის ფორმაში გამოწყობილი, სახელისუფლებო კანდიდატის სამი ოპონენტი.

"მოსაზრებას, რომ უნგრეთის პოლიტიკა ცირკია, ასევე ხელს უწყობს მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების მრავალი სკანდალი. აქედან ყველაზე დიდი სკანდალი ასოცირდება უნგრეთის სიდიდით მეექვსე ქალაქის, დიორის მერთან, ჟოლტ ბორკაისთან. მის შესახებ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეორგოლში, ბორკაის მდიდრულ იახტაზე მეძავთან აქვს სექსი. ჩანაწერი გასულ წელს არის გაკეთებული და სავარაუდოდ მისი გავრცელება უკავშირდება პარტია "ფიდესის" წევრის ყოფილ ადვოკატს, რომელიც მას ასევე ნარკოტიკების მოხმარებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

სტატიის ავტორის თქმით, წინასაარჩევნოდ, თავის მხრივ, პროსახელისუფლებო მედია, ორ ოპოზიციონერ კანდიდატს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, ამასთან "საკმაოდ საეჭვო ფაქტები მოჰყავდა" მტკიცებულებებად.

"ჭუჭყის ასეთი კონცენტრაცია უკვალოდ არ რჩება", წერს სტატიაში ჟურნალისტი და წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით უნგრეთის მოქალაქეების მოსაზრებები მოჰყავს, რომლებიც პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ.

როგორც სტატიაში პოლიტოლოგები ამბობენ, მმართველი პარტიისთვის ეს არჩევნები, განსაკუთრებით კი ბუდაპეშტში, მნიშვნელოვანია, რადგან პარტიას მუდმივად უჭირს დედაქალაქში ხმათა უმრავლესობის მოპოვება. ახლა კი, როდესაც ოპოზიცია დედაქალაქის მერის პოსტის მოსაპოვებლად გაერთიანდა და საერთო კანდიდატი წარადგინა, ხელისუფლებისთვის მიზნის მიღწევა კიდევ უფრო გართულდა. [რაც რეალურად მართალიც აღმოჩნდა, რადგან გუშინდელ არჩევნებში ბუდაპეშტში ოპოზიციონერი კანდიდატი, გერგეი კარაჩონი ლიდერობს].

სტატიის თანახმად, ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ პარტიას სტაბილური, საბაზისო ელექტორატი ჰყავს, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს, "ამიტომ "ფიდესის" მთავარი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ დეპრესიული განწყობები გაავრცელოს - ცდილობს ამომრჩეველს უთხრას, რომ უნგრეთის პოლიტიკა იმდენად ბინძურია რომ ხმის მიცემაში მონაწილეობას აზრი არ აქვს", - წერია სტატიაში, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა.

13 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით კი ბუდაპეშტის მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გერგეი კარაჩონი ლიდერობს. მას ხმათა 50.1% აქვს, ხოლო მის ოპონენტს, სახელისუფლებო კანდიდატს ისცვან ტარლოსს 44.8% აქვს.