იბრაჰიმ კალინი: თურქეთი არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს

იბრაჰიმ კალინი: თურქეთი არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევს

თურქეთი არ აპირებს სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შეწყვეტას, სანამ სამხედროები დასახულ მიზანს არ მიაღწევენ. ამის შესახებ Twitter-ზე თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი წერს.

„ისინი, ვინც მოსულზე, რაკასა და დეირ-ეზ-ზორზე თავდასხმებისას ათასობით მშვიდობიანი მოსახლის გარდაცვალებას არ იმჩნევდა, ახლა ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შეწყვეტას ითხოვენ და თურქეთს სანქციებით ემუქრებიან. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევთ“, - წერს კალინი.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამხედროებმა 525 ქურთი ტერორისტი გაანეიტრალეს. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება.

13 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა სირიის ქალაქ რას-ელ-აინის დიდ ნაწილზე კონტროლი დაიბრუნეს. 14 ოქტომბერს სირიის ხელისუფლებამ ქურთების დასახმარებლად თურქეთის საზღვართან სამხედროები გაგზავნა.