2013 წლიდან საქართველოს საგარეო ვალების გასტუმრება მოუწევს

2013 წლიდან საქართველოს საგარეო ვალების გასტუმრება მოუწევს

2013 წლისთვის საქართველოს ახალი ხარჯები ექნება გასაწევი, რადგან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს, როგორც საგარეო სესხის მომსახურების თანხა. ამიტომ მომავალი წლიდან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის მობილიზაციაა საჭირო.  

მარტო 2012 წელს ვალების ოდენობა ერთი მილიარდით გაიზარდა. For.ge-ს ექსპერტი ეკონიმიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ესაუბრება.

მომავალი წლიდან საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია იწყება. პირველ რიგში, რომელი ქვეყნის ვალი უნდა გავისტუმროთ?

- 2013 წლიდან რესტრუქტურიზებული ვალების გასტუმრება მოგვიწევს. ჰიუსტონის სქემით მოხდა ჩვენი ვალების რესტრუქტურიზება. ჰიუსტონის სქემა გულისხმობდა შეღავათიან პერიოდს, რომელიც გავიარეთ და 2013 წლიდან უკვე გრაფიკით იწყება ვალების გადახდა. ეს ერთდროულად ეხება ორმხრივ და მრავალმხრივ ვალებს. მაშინ მოხდა მთლიანი დავალიანების რესტრუქტურიზაცია, რაც საქართველოს ჰიუსტონის სქემით ჰქონდა.

რამდენი გვქონდა საგარეო ვალი და რისთვის ავიღეთ?

- საერთოდ, ვალების 80 % მრავალმხრივი გვაქვს, 20 % კი ორმხრივი ვალებია. ორმხრივი ვალების უმრავლესობა წარმოშობილია საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად - გვქონდა ვალი რუსეთთან, სომხეთთან და სხვა რესპუბლიკებთან. ეს იყო ბალანსების ურთიერთჩათვლის დროს. შემდგომ ამას დაემატა თურქეთის ვალი (50 მილიონი), იაპონიის, ჩინეთის ვალი და  სხვა. მერე უკვე გადავედით მრავალმხრივ ვალებზე და ამ ვალებს ძირითადად მსოფლიო ბანკიდან ვიზიდავდით. ჩვენი მსესხებელი უფრო მეტად მსოფლიო ბანკია, ასევე, ევროპული განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი - იბიარდი და სავალუტო ფონდი.

რა თანხებზეა საუბარი?

- 2 მილიარდ 200 მილიონი იყო მაშინ რესტრუქტურიზაციის თანხა და ამ თანხის მთლიანი რესტრუქტურიზაცია მოხდა ჰიუსტონის სქემით და მოგვცეს შეღავათიანი პერიოდი.

2013 წლიდან დაწყებული, ვალები რამდენ ხანში უნდა გავისტუმროთ?

- 2013 წლიდან იწყება ვალის მომსახურეობა, რაც გრძელდება 10 -15 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ვალები ვერ გავისტუმრეთ, რა მოხდება?

- აუცილებლად უნდა გავისტუმროთ. ამ შემთხვევაში, სიტყვა „ვერ“ არ არსებობს. ეს ვალები ერთხელ უკვე რესტრუქტურიზებულია და აუცილებლად უნდა გავისტუმროთ.

თუ მაინც წარმოვიდგინთ უარეს სქემას, ვალების გადაუხდელობის შემთხვევაში, რა მოხდება? დამატებითი თანხები გვექნება გასასტუმრებელი?

- დამატებითის გარდა, აუცილებლად უნდა მოველაპარაკოთ ჩვენი მევალეების კლუბს. არ შეიძლება, ვალი არ გადავიხადოთ, ერთხელ უკვე გვაპატიეს, შეღავათიანი პერიოდი გავიარეთ და უნდა გავისტუმროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადებითი რეიტინგი შეგვეცვლება და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის კარგი არ იქნება.

როგორ უნდა გავისტუმროთ ეს თანხა და პირველ ეტაპზე რამდენი უნდა გადავიხადოთ?

- საბიუჯეტო შემოსავლებით უნდა გავისტუმროთ. პირველ რიგში - საგადასახადო შემოსავლებით, რაც, იმედი მაქვს, სადღაც 6 მილიარდ ნახევარი იქნება 2013 წლისთვის და ჩვენ შევძლებთ ამის გასტუმრებას.

ეს არ იქნება მძიმე ტვირთი ჩვენი ბიუჯეტისთვის?

- არა მგონია, მძიმე ტვირთი იყოს.

პირველ ეტაპზე რა თანხა უნდა გავისტუმროთ?

- კვარტალურად მოხდება გაწერა და პირველ ეტაპზე გასასტუმრებელი თანხების ოდენობა ხაზინაში უნდა მოინახოს.

თუ გაქვთ წარმოდგენა, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ის თანხები, რომლებიც  თავის დროზე ვალად აიღო ჩვენმა ხელისუფლებამ?

- თანხების ნაწილი საბჭოთა კავშირის დროინდელია. შემდეგ უკვე საკმაოდ არის საწვავის, ენერგეტიკის ვალი. ბევრ შემთხვევაში, ეს ვალები უმიზნოდ იყო, ზოგ შემთხვევაში კი, ვალები მიმდინარე ხარჯებს მოხმარდა - პენსიების დარიგებას, საწვავის პრობლემებს. ძირითადში, ალბათ, არაეფექტურად იყო გამოყენებული.

გამოდის, ეს ვალები ახალი ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის მაინც ტვირთი იქნება.

- დიახ, ახალი ხელისუფლებისთვისაც ტვირთია და საქართველოს მოსახლეობისთვისაც.

ამ გადასახედიდან შეგიძლიათ გვითხრათ, შესაძლებელი იყო თუ არა, აღნიშნული ვალები არ აგვეღო?

- რა გითხრათ, იცით, რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლის დროინდელ ვალებს, რაც დაძალებითი და თავსმოხვეული იყო, მაშინ შიმშილით კვდებოდა საქართველო და ან უნდა გვეღიარებინა, ან არ გვაძლევდნენ პროდუქტებს. რაც შეეხება შემდგომ ვალებს, მაშინაც ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქვეყანა ფეხზე დგებოდა და ჯერ არ იყო შემდგარი ქვეყანა. ამიტომ ნებისმიერი მოზიდული თანხა რაღაცას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, არ აგვეღო ვალები ან ნაკლები ვალი აგვეღო, შესაბამისად, ნაკლები ვალი გვექნებოდა გასასტუმრებელი.

რაც შეეხება ვარდების რევოლუციის შემდეგ აღებულ ვალებს, რა თანხებზეა საუბარი და რამდენად მიზნობრივი იყო ეს ვალები?

- ერთი იმდენით გაიზარდა შემდგომ და დღეს ოთხ მილიარდამდეა ვალი. ეს არის ევროპისგან მიღებული დახმარება. შარშან, მაგალითად, მარტო 2012 წელს ერთი მილიარდით გაიზარდა საგარეო ვალი, 2011 წელს სამი მილიარდი იყო და ოთხ მილიარდამდე გაიზარდა.

რისთვის, რა მიზნით აიღეს ეს ვალი?

- არ ვიცი, 2012 წლის ბიუჯეტის ანგარიშის გაცნობა რომ მოხდება, მაშინ გავიგებთ, თუ რას მოხმარდა ეს თანხა. ისე კი, 25 % წავიდა რეგიონული განვითარების პროგრამებზე.

ალბათ, გზებისთვისაც დაიხარჯა თანხები.

- 20 % წავიდა კომუნიკაციებისთვის და გზების მშენებლობაზე, ეს ნამდვილად ვიცი, კიდევ 20 % კი ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენეს და ა.შ. ეტყობა, ეს სჭირდებოდა ქვეყანას, რათა ელემენტარულ დონეზე შეენარჩუნებინათ წარმოება, მშენებლობის მხარდაჭერა და დღესაც, ყველა მონაცემებით, რეცესიაში ვართ. ჩვენ მუდმივად გვჭირდება ეკონომიკის პროვოცირება, განსაკუთრებით, ეს ეხება კომუნიკაციის დარგს, გზებს, ხიდებს. სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩემი აზრით, ძალიან საშიში ტენდენციაა ბიუჯეტის ზედმეტი სოციალიზაცია. მესმის, რომ ახლა უჭირთ პენსიონრებს, ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანებს, მაგრამ ბიუჯეტის მეტად გასოციალურებით ჩვენ მივიღებთ იმას, რომ წარმოება არ განვითარდება და ეს კატასტროფაა.       

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გარკვეულ თანამდებობის პირთა ახირებებს ხმარდებოდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ გასასტუმრებელი ვალების თანხა შეიძლება ამ ადამიანებისგან ამოიღონ, იმ შემთხვევაში, თუ ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დადგინდება?

- ვერ გეტყვით, მაგრამ, მე მგონი, ამაში დაეჭვება არ შეიძლება. ეს მართლაც ასე ხდებოდა და გადახარჯვა ყველა სამინისტროს ჰქონდა. საარჩევნო წელიწადი იყო და, აქედან გამომდინარე, არა მგონია, დიდი პრობლემა იყოს ამის დამტკიცება. დანარჩენი, იურისტების საქმეა.

გასასტუმრებელი საგარეო ვალის თანხა საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი თანხაა. ამ თვალსაზრისით, რომელ ქვეყანას ვედრებით, რომელსაც ამხელა ვალი ექნება გასასტუმრებელი?

- მართლაც მნიშვნელოვანი თანხაა. სხვათა შორის, ასეთნაირად თუ შევადარებთ, ცუდი მდგომარეობა არ გვაქვს, რადგან მთელ მსოფლიოში დღეს ვალების პრობლემაა. იაპონიას 220 % აქვს, გერმანიას, ამერიკას და ა.შ. ხოლო, თუ უზბეკეთს  შევედრებით, რომელსაც საგარეო ვალი საერთოდ არ აქვს, მაშინ ცუდად გვქონია საქმე. ციფრობრივად ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღაცასთან შედარებით უარესი მდგომარეობა გვაქვს.

მაგრამ იმ ქვეყნებს ხომ უფრო შეუძლიათ ვალების გასტუმრება?

- მაგალითად, საბერძნეთს სერიოზული პრობლემები აქვს, მათ შორის, სოციალური. იქ დიდი უმუშევრობაა, თუმცა შედარებით უკეთესად არიან დაგროვილი მთლიანი შიდა პროდუქტის ხარჯზე. ამის მიუხედავად, სოციალური აფეთქება იქ ჯერ კიდევ მოსალოდნელია. მეტსაც გეტყვით, ჯერ პიკისთვისაც არ მიუღწევია.