როგორ დააბრუნეს თსუ-ში ნოდარ ხადური და დავით ნარმანია

როგორ დააბრუნეს თსუ-ში ნოდარ ხადური და დავით ნარმანია

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწუნა. მაშინვე ითქვა, რომ პროფესორ-მასწავლებლები პოლიტიკური ნიშნით დატოვეს უნივერსიტეტის გარეთ და ეს თემა სხვათა შორის, მედიაშიც საკმაოდ პოპულარული იყო... რამდენიმე დღის წინ კი აღმოჩნდა, რომ კვიტაშვილის მიერ დაწუნებული ორი მინისტრი, ნოდარ ხადური და დავით ნარმანია უცებ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და სრული პროფესორების თანამდებობებზე დაამტკიცეს.

როგორ ტარდება პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსები და ამ კუთხით რა პოლიტიკა ტარდება ამ თემებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ასოცირებული პროფესორი მაია გიორგობიანი გვესაუბრება.

ქალბატონო მაია, დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. განსაკუთრებით საინტერესოა კონკურსების თემა, რადგან ფაქტობრივად, ამ კონკურსების შედეგად კომპლექტდება უნივესიტეტი პროფესორ-მასწავლებლებით. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე?

- უნივერსიტეტში კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე ტარდება და ვინც გაიმარჯვებს, ისინი ხდებიან არჩეული პროფესორები. არსებობს სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ა.შ. ეს საშტატო ერთეულები მიბმული უნდა იყოს საათების რაოდენობაზე - რამდენი საათიცაა თითო საგანში, ამის მიხედვით... თუმცა ეკონომიის მიზნით ნაკლებ ადგილებს აცხადებენ საკონკურსოდ, ვიდრე საჭიროა.

პირველი კონკურსი უნივერსიტეტში გია ხუბუას მოსვლას უკავშირდება. 2006 წელს, ასე თუ ისე, რაღაც პრინციპების გათვალისწინებით ჩატარდა კონკურსი.

როცა ხუბუა უნივერსიტეტში მოვიდა, მაშინ პრორექტორი იყო ავთანდილ სილაგაძე, ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი - მიხეილ ჯიბუტი. ავთანდილ სილაგაძემ და მიხეილ ჯიბუტმა მალევე დატოვეს თანამდებობები, რადგან არ დაეთანხმნენ ხუბუას პოლიტიკას.

შემდეგ რა ხდებოდა?

- ხელოვნურად შემცირდა საათები, საგნები ამოიღეს სპეციალურად, რაკი საშტატო ადგილები საათებზე იყო მიბმული. მიუხედავად ამისა, საათებსაც კი აღარ უყურებდნენ, მიკერძოებულად აცხადებდნენ კონკურსებს. 2009 წელს ჩატარდა ისეთი კონკურსი, რომლის მსგავსიც ალბათ არსად არაფერი არ მომხდარა.

კონკურსი გერმანელმა მრჩეველმა იოჰენ ციმერმანმა ჩაატარა. ციმერმანისა და მაშინდელი ადმინისტრაციის ინიციატივით გამოცხადდა ვაკანსიები მხოლოდ და მხოლოდ სიმპათია-ანტიპათიის შესაბამისად. ეს დღემდე დისბალანსს იწვევს სასწავლო პროცსში. იქ, სადაც ნაკლები ადგილი იყო და მეტი პროფესურა მიიღეს, მერე ადგნენ და სხვა სპეციალობებში აკითხებდნენ საგნებს - მათი წაკითხული საგნები, გასაგებია, რამდენად დააკმაყოფილებდა სტუდენტების სწავლის ხარიხს.

როგორც უკვე ვთქვი, 2009 წელს, როდესაც ძალზე სამარცხვინო კონკურსი ჩატარდა, შედეგები სასამართლოში გავასაჩივრეთ. მოსამართლე თინათინ შავერდაშვილმა ოქმის გარეშე ისიც აღნიშნა, თქვენ მართლები ხართო, მაგრამ შემდეგ მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოგვიტანა. მაშინ, დაახლოებით, 20-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა გავასაჩივრეთ კონკურსის შედეგები.

მკითხველს შევახსენოთ როგორ ჩატარდა ეს კონკურსი...

- ორდღენახევარში გამოცხადდა შედეგები, მაშინ, როდესაც მთელი თვე უნდა გაგრძელებულიყო. წარმოუდგენელია, როგორ შეეძლოთ ამ დროში 180-მდე კაცის ნამუშევრის წაკითხვა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თითო ნაშრომი მინიმუმ 80 გვერდიანი მაინც იყო..

არ ვიცი, ციბერმანი იმიტომ დანიშნეს, რომ თავიდან აეცილებინათ პასუხისმგებლობა და მას დაბრალებოდა ყველაფერი თუ – რა მოტივით. თვითონვე აღიარა სასამართლოზე, ვისი გვარებიც ვიცოდით, იმის ნაშრომს წაკითხვა რად უნდოდაო. ერთ-ერთ სხდომაზე რა თქვა იცით ციბერმანმა? - როდესაც ჰკითხეს, რა ენაზე წაიკითხეთ ნაშრომებიო - ვისაც სქელტანიანი ნაშრომი ჰქონდა, ჩავთვალეთ, რომ მას უკეთესად ჰქონდა ნამუშევარიო!

უამრავი დარღვევა იყო და თვითონ წევრებიც აღიარებდნენ, მაგალითად, რომ არ უნდა ყოფილიყო კონკურსანტების საბუთები გახსნილი. ერთმა წევრმა თქვა – გახსნილი გვხვდებოდაო, მეორე ამბობდა – ჩვენ თვითონ ვხსნიდითო და ა.შ...

ვაკანსიები დარჩა მაშინ, როდესაც მთელი რიგი გამოცდილი სპეციალისტები გარეთ დატოვეს.

არსებობს კომისიის მუშაობის წესი. ჩვენ, პროფესორებს შეგვაქვს ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლის მიხედვითაც უნდა შევფასდეთ. თუ კომისიაში დარგის სპეციალისტი არ გყავს, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეგიფასოს ნაშრომი. ზოგიერთ პროფესორს სახელმძღვანელო ჰქონდა შეტანილი, ზოგს – მონოგრაფია, ესენი გაცილებით მოცულობითია, 500-800 გვერდზეა ლაპარაკი. ეს ხომ უნდა წაიკითხოს კომისიის წევრმა და დადოს დასკვნა?

კომისიის წევრები ვინ იყვნენ?

- კომისიაში იყვნენ იოსებ არჩვაძე, ქეთევან ლაფაჩი და თამარ ბერუჩაშვილი. ბერუჩაშვილმა ხელი არ მოაწერა და საერთოდ უარი თქვა კომისიის წევრობაზე. როგორც ჩანს, მაშინაც არსებობდნენ ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ხელს არ აწერდნენ.

გამოდის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიზირებული იყო?

- რა თქმა უნდა. ორჯერ დავრჩი გარეთ და დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ იცოდნენ არ ვიყავი ხელისუფლების მხარდამჭერი.

დეკანებიც ამ ნიშნით ირჩეოდნენ?

- მაგალითად, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე მოიყვანეს აკაკი ხელაძე და დასვეს ისე, რომ ის უნივერსიტეტელი არ არის - სრულმა პროფესორებმა გამოუცხადეს ნდობა და აირჩიეს. იგივე შეიძლება ითქვას ანდრო ბარნოვზეც...

მარტო ეს პრობლემა კი არ იყო, საგნების „პრივატიზება“ ხდებოდა. მაგალითად, ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის საგანი წამოიღეს ბუღალტერიის კათედრაზე. შემდეგ ამ საგნის წაკითხვაზე კონკურსი გამოაცხადეს. ხელაძის წინამორბედმა ელენე ხარაბაძემ თავისი ფავორიტი თეა მუნჯიშვილი გაიყვანა კონკურსზე. როდესაც საკონკურსო კომისიის სხდომაზე ხარაბაძეს ვკითხე, ეს რატომ მოხდა, მითხრა - საგანი მაშინდელმა კათერდის გამგემ, მურთაზ მაღრაძემ მომცაო. არ მესმის რას ნიშნავს „საგანი მომცა“! თუ მუნჯიშვილს კათედრასთან კონფლიქტი ჰქონდა, პრობლემა ასე უნდა გადაწყვეტა? მაშინ, კომისიის თავმჯდომარემ იაკობ მესხიამ საკონკურსო კომისიის შემაჯამებელ ოქმში დააფიქსირა, რომ ამ საკითხის დამატებითი განხილვა იყო საჭირო, მაგრამ რა თქმა უნდა, არავის არ განუხილავს.

პრობლემა საიდან დაიწყო, იმის გარდა, რომ ხუბუა მოვიდა უნივერსიტეტში?

- პრობლემა იმით დაიწყო, რომ 102 კაციანი აკადემიური საბჭო 12 კაცამდე შეამცირეს - თქვეს, რომ თითქოს, უფრო მობილური გახდა, მაგრამ მობილური კი არა, უფრო ადვილად მართვადი გახდა ნაციონალური მოძრაობისთვის. თანაც, ამ საბჭოში გაიზარდა ისეთი წევრების რაოდენობა, ვისაც პარლამენტთან ჰქონდა კავშირი.

აკადემიური საბჭო სამეცნიერო ორგანოა და ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. აკადემიური საბჭო ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს და წარმოიდგინეთ, სად 12 კაცი რომ აირჩევს და სად 102.

ყველაზე საინტერესო რა არის იცით? უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს - გადაწყვიტეს, რომ რექტორს არ სჭირდება სამეცნიერო ხარისხი, მთავარია ის იყოს კარგი მენეჯერი, მაგრამ რექტორი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც რომ არის, ეს დაავიწყდათ.

დღესაც ასეა, აკადემიურ საბჭოს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელსაც სამეცნიერო ხარისხი არ აქვს, სანდრო კვიტაშვილზე მაქვს ლაპარაკი.

საკონკურსო კომისიის წევრებზე რას იტყვით, მათაც მხოლოდ მენეჯერობა მოეთხოვებათ?

- 2012 წელს ბიზნესისა და ეკონიმიკის ფაკულტეტის საკონკურსო კომისიაში ისეთი  წევრებიც შეიყვანეს, რომლებსაც სამეცნიერო ხარისხი არ გააჩნდათ.

კონკურსი როგორ ჩატარდა? იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც მაშინ მედიაში ვრცელდებოდა, მაშინაც მოხდა პროფესორების პოლიტიკური ნიშნით გაცხრილვა...

- კომისიის თავმჯდომარე იყო აკაკი ხელაძე, ამჟამინდელი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი. მაგალითად, კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო ალექსანდრე ჯეჯელავა. აკადემიურმა საბჭომ საკონკურსი კომისიის შემაჯამებელი ოქმი 13 აგვისტოს დაამტკიცა. სექტემბერში კი გაირკვა, რომ ჯეჯელავა დოქტორანტიც კი არ ყოფილა და თსუ-ში დღეს დოქტორანტურაში სწავლობს.

კომისიის წევრმა, რომელიც დოქტორიც კი არ იყო, აირჩია სრული და ასოცირებული პოროფესორები და მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდა სურვილი, რომ დოქტურანტურაში ესწავლა. მაშინვე გაავაპროტესტე, მივწერე რექტორსაც ადმინისტრაციის უფროსსაც, მაგრამ, უშედეგოდ.

ეს იმ კონკურსზეა საუბარი, ნოდარ ხადური და დავით ნარმანია, კიდევ სხვები გარეთ რომ დატოვეს?

- ბოლო კონკურსის შემდეგ დარჩა ვაკანსიები. კონკურსის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ხელახალი კონკურსი გამოცხადდა, მაგრამ იმ ვაკანსიებზე კი არა, რაც დარჩენილი იყო, არამედ საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიეს.

მაგალითად, მენეჯმენტის კათედრაზე არ დარჩენილა ვაკანსია, მაგრამ კონკურსი  გამოცხადდა. როდესაც დეკანს ვკითხე, ასე რატომ მოხდა, მიპასუხა, კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დაადგინეს, რომ დავით ნარმანიასა და გია ღაღანიძეს ერთნაირი შეფასება ჰქონდათ და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ვაკანსიის გამოცხადებაო.

ბუნებაში ორი ერთნაირი დონის მეცნიერი არ არსებობს. თუ მენეჯმენტის კათედრას ორი სრული პროფესორი სჭირდებოდა, მაშინ ეს თავის დროზე უნდა გამოეცხადებინათ. სტატისტიკის კათედრაზე დარჩა ორი ვაკანსია და კონკურსი დღემდე არ გამოცხადებულა. მარკეტინგზეც დარჩა ვაკანსია, იქაც არ არის გამოცხადებული. ინფორმატიკის კათედრაზე კი ყველა ადგილი ვაკანტურია.

როდესაც ბატონი ნოდარ ხადური დატოვეს გარეთ (მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად ეკუთვნოდა სრული პროფესორის პოზიცია. იგივეს ვიტყვი დავით ნარმანიაზეც) და რექტორს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ეს პოლიტიკური დევნის შედეგი იყო თუ არა, მან უპასუხა, რომ ნოდარ ხადური არ აკმაყოფილებდა ამ პოზიციის მოთხოვნებს.

29 ოქტომბერს დასრულდა მეორე კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე და ორივე, ნოდარ ხადურიც და დავით ნარმანიაც  დღეს სრული პროფესორები არიან, რასაც გულწრფელად ვულოცავ. თუმცა კითხვა მაქვს, თუ ერთი თვის წინ ამ პოზიციას ვერ აკმაყოფილებდნენ, მაგალითად, ნოდარ ხადური და იაკობ მესხია, რა გააკეთეს ამ ერთ თვეში ისეთი, რომ მისაღებები აღმოჩნდნენ? ასეთი კითხვაც მაქვს - წინა კომისია იყო ტენდენციური თუ ახლანდელი კომისია ტყუის? თუ იმ კომისაიამ კარგად ვერ იმუშავა, მისი თავმჯდომარე ხომ დღესაც ჩვენი დეკანია, პასუხი არავინ არ უნდა აგოს? ან აუცილებელია, მინისტრი გახდე, რომ უნივერსიტეტში შენზე აზრი შეიცვალონ?

გარეთ დატოვეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ავთანდილ სილაგაძე,  პროფესორი ბიკენტი გაბიძაშვილი, რომელიც დღევანდელ საქართველოში სტატისტიკის მეტრად შეიძლება ჩაითვალოს, პროფესორი მერაბ ხმალაძე და სხვები.  

ასე მოკლე დროში როგორ მოახერხეს, რომ ახალი მინისტრები უნივერსიტეტში დააბრუნეს?

- როდესაც პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, კვიტაშვილს და ხელაძეს გაუჩნდათ განცდა, რომ შეიძლებოდა ქვეყანაში რაღაც შეცვლილიყო. შემდეგ კონკურსზე საბუთების მიღება 5 ოქტომბერს მთავრდებოდა, როდესაც უკვე სრულიად გასაგები იქნებოდა, ვინ მოვიდოდა ხელისუფლებაში. ეჭვი მაქვს, პოლიტიკური სიტუაცია რომ არ შეცვლილიყო, ჩვენი მინისტრები ისევ გარეთ დარჩებოდნენ.

თუ ისევ ასე გაგრძელოდება, უნივერსიტეტში კონკურსების ჩატარებას აზრი არ ექნება. უკვე დიდი ხანია, ვისაც საჭიროდ თვლიან ირჩევენ აკადემიურ თანამდებობებზე, ვისაც არა - არა.

თუ ვერ ვასწავლით და მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ, მაშინ რატომღა გვიწვევენ და მოწვეული პროფესორის სტატუსით რატომ გვატარებინებენ ლექციებს, აქვს ამას ლოგიკური ახსნა?