„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა იტალიის ნაკრებში დაბრუნდეს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთჯერადად მოხდება და ჯიჯის საშუალება მიეცემა „სკუადრა აძურას“ ქომაგებს დაემშვიდობოს.
იტალიური მედიის ცნობით, რობერტო მანჩინი სერიოზულად ფიქრობს, რომ ეროვნულ ნაკრებში ბუფონი და დე როსი მიიწვიოს, რომ ნაკრებს სათანადოდ დაემშვიდობონ.
„დე როსის შემთხვევაშიც იგივენაირად ვაფასებთ სიტუაციას, როგორც ბუფონის. ჯიჯის გამოძახება შარშან, ტურინში ჰოლანდიასთან მატჩისთვის მინდოდა. მოხარული ვიქნებით თუ ფუნდამენტურ მოთამაშეებს კიდევ ერთხელ მივცემთ შანსს ქომაგებს დაემშვიდობნონ. ვნახოთ თუ იქნება ამის შესაძლებლობა ახლო მომავალში“, - თქვა მანჩინიმ.
ბუფონმა იტალიის ნაკრებში ბოლოს 2018 წლის გაზაფხულზე არგენტინასთან ითამაშა, მთლიანობაში კი, 176-ჯერ მოირგო „აძურის“ მაისური, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ჯერჯერობით, უცნობია, რომელი მატჩისთვის გეგმავს მანჩინი ბუფონის გამოძახებას. თუმცა, სავარაუდოდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც იტალია ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს. ამასთან კი, ძალიან ახლოსაა და ერთადერთი ქულა აშორებს.