სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჯიშკარიანს გულმა უმტყუნა

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჯიშკარიანს გულმა უმტყუნა

ძალადობა; სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ნივთის დაზიანება – შს სამინისტრომ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ასევე, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და მისი თანაშემწე თამთა თოდაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თამთა თოდაძემ, რომელიც ისან–სამგორის პოლიციის სამმართველოში დაკითხეს, პოლიციის სამმართველო ტირილით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეჭვიც არ ეპარება, ჯიშკარიანი უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, დანაშაულის ადგილას მაშინვე მივიდოდნენ და იმ დღესვე მოხდებოდა მისი გამოკითხვა.

თოდაძის განმარტებით, აღნიშნული ბრალდების ქვეშ არ მოხვდა დანაშაულის ადგილზე სწრაფად მისვლა, არ მოხდა ილია ჯიშკარიანის დროულად დაკითხვა და მხოლოდ მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე, როდესაც უშუალოდ საზოგადოებამ მოითხოვა მისთვის ბრალის წაყენება.

„სანამ ეს ყველაფერი არ გასაჯაროვდა, მანამდე ამ საქმეს არ ჰქონია ისეთი რეაგირება, როგორიც უნდა ჰქონოდა. ეჭვიც არ მეპარება, ის თანამდებობის პირი და საკრებულოს დეპუტატი კი არა, უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, დანაშაულის ადგილას მაშინვე მივიდოდნენ და იმ დღესვე მოხდებოდა მისი გამოკითხვა. თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩვენ ველოდეთ ღამის 2–3 საათამდე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოხდება სრული სამართლის დაცვით და ამ ქვეყანაში სამართლიანობა დაცული იქნება“, – აღნიშნა თამთა თოდაძემ.

როგორც ირკვევა, თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია ილია ჯიშკარიანის მეგობარს, რომელმაც გადასცა ოჯხას, რომ ჯიშკარიანის და მისი ოჯახის წევრის თხოვნა იყო - მორიგებულიყვნენ და არ გახმაურებულიყო ეს ამბავი. ამ ფაქტს ადასტურებს თოდაძის ადვოკატი თამუნა ლუკავა, რომლის განცხადებით, ეს კომუნიკაცია 2 ოქტომბერს შედგა. მისივე ინფორმაციით, იმ პირს, ვისაც თამთა თოდაძის დედასთან ჰქონდა კომუნიკაცია, მას შემდეგ, რაც გამოძიებას ჩვენებას მისცემს, თავად თამთას დედა, ხათუნა ოქროპირიძე დაასახელებს.

„გამომძიებელს ჰქონდა შეკითხვები თამთასთან და თამთას დედასთან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ილია ჯიშკარიანის ახლობლების მხრიდან, მისი თხოვნით, როგორც ჩანს, განხორციელდა კომუნიკაცია თამთას დედასთან, რომ მომხდარიყო მორიგება, რათა მომხდარიყო ამ ფაქტის უარყოფა და არ მომხდარიყო შემდგომი წარმართვა გამოძიების.

ამ საკითხთან დაკავშირებით მისცა თამთამ ჩვენება, რადგან მას აქვს დედისგან ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენს მიერ გამოძიებას მიეწოდა ინფორმაცია თამთას ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას დაუმძიმდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ საღამოდან და ჩავრთეთ მასთან სამუშაოდ ფსიქოლოგი“, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, მან ასევე, გაარკვია, რომ გამოძიებამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო-კამერების ჩანაწერები ამოიღო.

„გამომძიებელის ინფორმაციით, მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეო–კამერების ჩანაწერები, სადაც ნამდვილად ჩანს, რომ თამთა გამოდის შემთხვევის ადგილიდან. დათვალიერება რადგან ჩატარდა, შესაბამისად, დათვალიერების ოქმიც საქმეში დევს“, – აღნიშნა თამუნა ლუკავამ.

თამთა თოდაძის დედის განმარტებით, ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და ჰყვება, რომ თანაშემწე დაწინაურებას ითხოვდა. მისივე განმარტებით, ჯიშკარიანის მეგობარმა, მამუკა ფეიქრიშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ დეპუტატი გავლენიანია, მასთან მაინც ვერაფერს გახდებოდა და მოლაპარაკება შესთავაზა.

„მოვიდა ჩემი მეზობელი მამუკა ფეიქრიშვილი, რომელსაც, რაც მანდ ვცხოვრობ, ვიცნობ. არის ილია ჯიშკარიანის მეგობარი. ერთი თაობაა. ალბათ, ერთ უბანში არიან გაზრდილები. თვითონ ილია ჯიშკარიანიც მეზობელია. გზის იქით ის ცხოვრობს და გზის მეორე მხარეს ჩვენ. ასეთი ამბავი გავიგე, მართალიაო?! დავუდასტურე. მან თქვა, რომ ჯერ არ მინახავს ილიაო, მაგრამ მე მივხვდი, ისეთი შეკითხვა დამისვა, რომ ნანახი ჰყავდა. თქვა, რომ ის ამბობს, თვითონ დაამტვრია პრინტერიო. მე ვუთხარი გამორიცხულია მსგავსი ფაქტის მოგონება–მეთქი.

ორი შვილი გყავს, გოგონა და თქვენს შვილს რომ ასეთი რამე გაუკეთონ, როგორ მოგეწონება–მეთქი და ხელები ამიწევიაო. მითხრა, ახლა წავალ, ვნახავ მას და დილის 11 საათამდე ამოვალ და გნახავო. დილას მართლა ამოვიდა და გარიგებაზე არ ყოფილა ლაპარაკი. მხოლოდ ასე მითხრა, რომ გავლენიანია, მაგასთან ვერაფერს ვერ გავხდები და იქნებ მოვრიგებულიყავით, მაგრამ კონკრეტულად რაზე, არ ყოფილა ლაპარაკი. მორიგება ნიშნავს გაჩუმებას. მაინც ვერაფერს გახდებით და იქნებ დაგელაპარაკათო. ეს იყო მისი სათქმელი. ფაქტი დასტურდება, გამოძიების მიერ ამოღებულია ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოდის თამთა იმ ოფისიდან, სადაც შემთხვევა მოხდა“, – აღნიშნა ხათუნა ოქროპირიძემ.

ფაქტის გახმაურების შემდეგ, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დრომდე „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება და მკურნალობას აგრძელებს. კლინიკაში ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ცნობებს, პაციენტის სურვილიდან გამომდინარე, არ ასაჯაროვებენ.

გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ჯიშკარიანის მხრიდან ძალადობის ფაქტის დაჯერება არ უნდა კახა კალაძეს, რომლის განცხადებით, წლებია მას იცნობს, იცის როგორი ცხოვრებით ცხოვრობს, აქიდან გამომდინარე, თბილისის მერისთვის წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა.

„წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები, სჭირდება გამოძიება.

შეიძლება ეს იყოს ტყუილი, შეიძლება ეს იყოს მართალი, ამიტომ საჭიროებს გამოძიებას. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა საკრებულოს წევრია თუ თანამდებობის პირია, დანაშაულზე აგებს პასუხს. თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ბრალდება არის ძალიან მძიმე და ამიტომ, ერთი მხრივ, არც წინასწარი შეფასებების გაკეთება და წინსწრებით დასკვნების გამოტანა შეიძლება და მეორე მხრივ, ირწმუნება, რომ ეს ისეთი საკითხია, შემწყნარებლური დამოკიდებულებაც გამორიცხულია.

„სანამ გამოძიებას არ ექნება მტკიცებულებები, მანამდე ყოველგვარ წინასწარ შეფასებას ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. ის ადამიანი, ვის მიმართაც ბრალია გაჟღერებული, საავადმყოფოში გულის შეტევით არის მოთავსებული. ამიტომ, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და თავი შევიკავოთ წინასწარი განცხადებებისგან. შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდება ძალიან მძიმეა. ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული ჩვენთვის სენსიტიური საკითხია, რომელზეც შემწყნარებლური დამოკიდებულება არ გვექნება. მთავარია, გამოძიებამ გასცეს პასუხი შეკითხვას - ჩადენილია თუ არა საერთოდ დანაშაული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება ჯიშკარიანისთვის მანდატის შეჩერების საკითხს, დავითულიანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მანდატის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან საკრებულო თვითმმართველი ორგანოა და გამოძიების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„საკრებულო, როგორც თვითმმართველი ორგანო, ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს გამოძიებაზე. შესაბამისად, მანდატის გაუქმებაზე საუბარი დღეის მდგომარეობით არასწორია. მოგეხსენებათ, 2 წლის წინ ჩვენი კოლეგა დააკავეს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია და უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდება. მინდა გითხრათ, მას მანდატი ამ დრომდე არ გაუქმებია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პირველი ინსტანციის განაჩენი. ამის სამართლებრივი ვალდებულება და საფუძველი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფაქტზე დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს პარლამენტის ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომლის განცხადებით, ძალიან მძიმე იყო მასმედიის საშუალებით, გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.

„სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა. სამართალდამცავებმა, დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებას და მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას. საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან.

„საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას. მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა.

მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყების აქტიური ჩართულობა სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით. თავის მხრივ, სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და ამ მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

 

Katana . ილია ჯიშკარიანის გამოჯანმრთელება უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწრაფად ჩაიფარცხება ეს საქმე...
5 წლის უკან
tngh ზოგ შემთხვევაში, ზოგ ქალბატონს საკუთარი სურვილი სექს-ძალადობად ეჩვენებათ... ამიტომაც უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს. მით უმეტეს, რომ სექს-ძალადობის ბრალდებები დღეს მთელს დედამიწაზე მოდაშია...
5 წლის უკან
tngh ზოგ შემთხვევაში, ზოგ ქალბატონს საკუთარი სურვილი სექს-ძალადობად ეჩვენებათ... ამიტომაც უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს. მით უმეტეს, რომ სექს-ძალადობის ბრალდებები დღეს მთელს დედამიწაზე მოდაშია...
5 წლის უკან