ოპერაცია „ტროლეიბუსი“

ოპერაცია „ტროლეიბუსი“

მსახიობები იმ პროფესიის წარმომადგენლები არიან რომლებიც საზოგადოების ცნობად სახეებს წარმოადგენენ. საქართველო პატარა ქვეყანაა და თანამემამულე აქტიორები ყურადღების დეფიციტს არასდროს უჩიოდნენ. ამის მიუხედავად ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ისინი არაერთ კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩენილან.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ.

პოლიცია - მილიციასთან ურთიერთობა არავის უყვარს. ისტორიულად მიღებულია რომ წესრიგის დამცველ ორგანოებთან ახლო კონტაქტისგან თავი შორს უნდა დაიჭირო. ეს დაუწერელი კანონი მთელ მსოფლიოში მოქმედობს და საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს.

ჩვენი დღევანდელი სტატიის პირველი გმირი ბატონი კარლო საკანდელიძე გახლავთ, რომელსაც თავის დროზე ქალაქ ვანის მილიციასთან ახლო შეხება მოუხდა.

კარლო საკანდელიძე:

„დათა თუთაშხიას“ გადაღების შემდეგ ნახევარი საქართველო ნიკანდრო ქილიას მეძახდა. ერთხელ, ჯერ კიდევ „გაის“ დროს, ფილმთან დაკავშირებით რაღაც კულტურულ ღონისძიებაზე ვანში მიგვიწვიეს. მანქანებით გავემგზავრეთ. საქმე ისე იყო, რომ ფილმის პერსონაჟების ტანსაცმელებით უნდა გავსულიყავით და ნიკანდრო ქილიას პოლიციელის ფორმა მანქანაში მედო.

ვანის ცენტრალურ მოედანზე გავედი. ორი - სამი მოცლილი ინსპექტორი იდგა და არ ჩამისტვინეს? მაშინვე გავაჩერე მანქანა. არ გადმოვდივარ, ვიცი, რომ წესითა და რიგით თვითონ უნდა მოვიდნენ. ჯინაზე ისინიც არ მოდიან.

- შემოდი წრეში! - დამიძახა ერთმა.

- კარლო ვარ, საკანდელიძე, კარლო! - გავძახე რიხიანად.

- ჩემი უფროსიც რომ იყო, მაინც უნდა შემოხვიდე წრეში, - მაგათ, მოგეხსენებათ, თავიანთ უფროსზე დიდი უფროსი თუ ვინმეს ჰყავს, ვერ წარმოუდგენიათ.

მსახიობს რომ ვერ იცნობენ და ისიც ვანში, ამაზე დიდი საწყენი მსახიობისთვის არაფერია და მართლა არ გავბრაზდი?

ჩავრთე პირველი სიჩქარე და მოვუსვი. ცოდოს ვერ ვიტყვი, არ გამომკიდებიან.

ასე ორ - სამ საათში დამთავრდა ის ღონისძიება და ვბრუნდები უკან იმავე გზით. გახდა დამეზარა, ნიკანდროს ფორმით ვუზივარ საჭეს. ნომრები იცნეს და ისევ ჩამისტვინეს. გავჩერდი, გავაღე კარი და დინჯად გადმოვედი. გადმოვედი და წავედი ჯიქურ წრეში. ფორმამ თავისი გაიტანა, ამიღო სამივემ „ჩესტი“.

- ბოდიში, ბატონო ნიკანდრო, - თავი შეიფხანა ერთმა, - წეღან თქვენი მანქანა გავაჩერეთ, მარა საჭესთან ვიღაც უზრდელი აფერისტი იჯდა, ასე თქვა, კარლო ვარო.

- ჩემი მძღოლი იყო, - ვიცრუე წარბშეუხრელად.

- კიდევ ბოდიში, ბატონო ნიკანდრო (გაგებაში არ არიან, რომელ დროში ვცხოვრობთ), მიბრძანდით, თქვენ როგორ გაგაჩერებთ.

რომ მივბრუნდი მანქანისკენ, დაბალი ინსპექტორი ეკითხება მაღალს:

- რომელი ნიკანდრო იყო ბიჯო, მაგი? რაცხა არ მეცნობა.

- რომელი და ქილია, ქილია, შე უტვინო... მაღალი ანათლებს - „დათა თუთაშხიას“ არ ხარ ნაყურები?!

ვანში კიდევ ერთი კვირა დავრჩი, მაგრამ აღარავის ჩაუსტვენია.“

წინა საუკუნის 70-იან წლებში მსახიობი ნოდარ ხუციშვილი ბატონი თენგიზ ჩანტლაძის ერთ - ერთ სპექტაკლში მილიციონერი ჯამასპაშვილის როლს ასრულებდა. წესრიგის დამცველების უმეტესობას თეატრი უყვართ და მსახიობი ნოდარიც თბილისში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ ორგანოს თანამშრომელი ეგონათ და ადგილობრივი მილიციელები განსაკუთრებული მოწიწებით ექცეოდნენ.

ერთ ლამაზ თბილისურ საღამოს ნოდარ ხუციშვილს ერთი სახალისო ისტორია შეემთხვა, რომელსაც დღემდე დიდი სიამოვნებით იხსენებს.

ნოდარ ხუციშვილი:

„ბატონი თენგიზ ჩანტლაძის თეატრში ერთ - ერთ სპექტაკლში სტუდენტების ამყვან მილიციელს, ჯამასპიშვილს ვთამაშობდი. ამ როლის შემდეგ მთელი მაშინდელი მილიცია - პოლიცია ხელისგულზე მატარებდა, ზოგ მილიციელს მართლა მათი თანამშრომელი ვეგონე და ქუჩაში „ჩესტს“ მიღებდა.

ის პერიოდია და „დინამოს“ სტადიონის გვერდით მდებარე ჩემი ბინა აყრაში მოხვდა და გლდანში გადამასახლეს. ძველ უბანს ვერ შეველიე და სულ „დინამოზე“ ვქეიფობდი ჩვენს ბიჭებთან.

ერთ საღამოსაც რომ დავთვერი, ვიგრძენი, რომ გრავიტაციის კანონი ტყუილად არ დაუწერიათ და სახლმა უნდა მიმიზიდოს, გლდანში ვარ გასასვლელი. ბოლო ოცი კაპიკი მათხოვარს ვაჩუქე და დავრჩი შარვლისამარა. არ გინდა გლდანში წასვლა? მივიხედ - მოვიხედე და ეულად მდგარი ტროლეიბუსი დავინახე. რა უნდა მის მოპარვას? - გამიელვა თავში. მივუახლოვდი ტროლეიბუსს და „შტანგის“ მავთულზე მიერთება დავიწყე. ერთი „შტანგა“ მივარგე ძაბვის მავთულს, მეორეზე ვჩალიჩობ და - არ დამადგა მილიცია?

- სად მიგყავს ტროლეიბუსი? - მეკითხება ერთი მსუქანი მილიციელი.

- სახლში მივდივარ, გლდანში მივალ და დილას უკან მოგიყვანთ-მეთქი.

დამიჯერეს. შემკუჭეს მანქანაში და მიმაგელვეს პირველი მაისის განყოფილებაში.

- ჯამასპიშვილი ვარ, ჯამასპიშვილი! - ვყვირი, მაგრამ იმ ტლუებს გააგებინებ რამეს?

გადმომიყვანეს მანქანიდან, ერთმა მოხეულმა მილიციელმა დამავლო ზურგს ქვემოთ ქამარში ხელი და მამილო კარლო რომ ბურატინოს მიაფართხალებს, მიმათრევს კიბეებზე. იღბლად ქვემოთ ჩემი ნაცნობი „როზისკის“ უფროსი ჩამოდიოდა. საბედნიეროდ მიცნო.

- რა გინდა, ბიჭო, ნოდარა შენ აქ? - მეკითხება. ეს ტროლეიბუსს იპარავდაო, - ჩამიშვეს.

- რასო? - გადაირია კაცი, - თქვენ სიცხე გაქვთ, თქვე ჩემისებოო? ახლავე ჩასვით მანქანაში და მიიყვანეთ სახლშიო.

რაც მე ისინი ვაწვალეეე! აქეთ გაუხვიეთ, იქით გაუხვიეთ, იქით წადით, აქეთ წადით... მთელი თბილისი შემოვატარე, ბოლოს სახლში რომ მიმიყვანეს, მეხვეწებოდნენ, ერთი ლიტრი ბენზინი დაგვრჩა „ბაკშიო“, მიდი, დაიძინეო... შემეცოდნენ და თავისუფლები ხართ-მეთქი. არ იცნობენ ეგენი ჯამასპაშვილს!“

ჯონი ჯანჯალაშვილი მომღერალი გახლავთ. წესრიგის დამცველებთან ახლო ურთიერთობით არ გამოირჩევა, მაგრამ კალათბურთელებთან „ძმაკაცობით“ თავის მოწონება ნამდვილად შეუძლია.

ჯონი ჯანჯალაშვილი:

„გახსოვთ, ალბათ, როგორი ამბები ტრიალებდა ერთ დროს ნუგზარ ჯუღელის ანეკდოტურ გამოთქმებზე: „დერიუგინი ახტა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა, დამხტარიყო“, იმ კალათბურთელ დერიუგინზე მოგახსენებთ, მართლაც ძალიან ტანმაღალი გახლდათ, განსაკუთრებით - ჩემთან შედარებით.

ვდგავართ ერთ დღეს ბიჭები ფილარმონიის წინ, იქვე შევამჩნიეთ დერიუგინი. აფიშას ათვალიერებს, ეტყობა ვიღაცას ელოდებოდა.

ამიტყდნენ ბიჭები, - მიდი, დერიუგინს წინ დაუდექიო.

- მომეშვით, რა, - ვიგერიებ, მაგრამ მოგეშვებიან.

- ჯონი, შენ თუ ახლა დერიუგინს ფეხებშუა გაუძვრები, რომელ რესტორანზეც თითს დაგვიდებ, იქ გაქეიფებთო.

- ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, ჯანდაბას თქვენი თავი-მეთქი, - ოღონდ, როგორც კი მივუახლოვდები, „ბალკონიდან“ დაუძახეთ, რომ ამოიხედოს. გავარდნენ „ბალკონზე“.

- დერიუგინ! - დაუძახეს ზევიდან. ამან აიხედა. ვიხელთე დრო და გავუძვერი და გამოვუძვერი გაჩაჩხულ ფეხებში. ორმაგი ნაძლევი მოვიგე და ორი დღე მაქეიფეს.“

ამ ისტორიიდან ცოტა დრო გახლდათ გასული და ბატონი ჯონი ახალ ხათაბალაში გაეხვა.

„არ გაუვლია, ასე, სამ თვეს და ამერიკული თრილერი გადის „ამირანში“. ავიღე ბილეთი და შევედი დარბაზში. მოვძებნე ჩემი ადგილი და დავჯექი.

შევამჩნიე რომ მაყურებლები ჩემსკენ იყურებოდნენ და იცინოდნენ. გვერდით ვიღაც დაბალი კაცი ერთი თვალით მე მიყურებდა, მეორეთი - საკუთარ ჰალსტუხს. მივადევნე მის მზერას თვალი, მივიხედე უკან და ვაი! მთასავით წამომდგომია თავზე დამჯდარი კაცი. ვიცანი, ლეგენდარული კალათბურთელი, ანზორ ლეჟავა. კურიოზი ის არის, რომ ზუსტად ჩემი სკამის უკან ზის. დავდექი შაყირის გუნებაზე:

- ბატონო ანზორ, ბოდიშს ვიხდი რომ თქვენს წინ ვზივარ, ხომ არ გეფარებით, თუ გნებავთ, ბილეთს გაგიცვლით-მეთქი.

იმხელა გადაიხარხარა, სკამს ჩავებღაუჭე, თორემ ეკრანისკენ გამისროდა.

- რას ამბობ, ბიჭიკო? თუ გინდა, შენს სკამზე ფეხით დადექი, მე მაინც შევხედავო.

ერთი ეგეცაა... ყველა კალათბურთელი ხომ არ ვიქნებით, ბატონო?“

ბედნიერი ადამიანია მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი. სპორტსმენებთან და პოლიციელებთან ურთიერთობისას არაფერი ეშლება და ამ ხალხთანაც ნორმალური კონტაქტი გააჩნია. სამაგიეროდ საკუთარი შვილები ვერ ცნობენ და მათ გამო ერთხელ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

დიმიტრი ტატიშვილი:

„მეუღლემ დამირეკა, - ბავშვები შენ გამოიყვანე ბაღიდანო (ტყუპი გოგონები მყავს). მივედი ბაღში.

- ჩემი შვილები უნდა წავიყვანო სახლში, - ვუთხარი მასწავლებელს.

- ამოირჩიეთ, რომლებია, - ჩავვარდი საგონებელში.

- აი, ის ორი - დავადგი თვალი, ძალიან რომლებიც მომეწონა იმათ.

- თქვენია? - დაეჭვდა მასწავლებელი.

- საკუთარი, - არ გავიტეხე იხტიბარი.

- თქვენი მამააა? - შეეკითხა მასწავლებელი ბავშვებს.

- ალლლააა!! - იღრიალეს ბავშვებმა.

- თქვენი არაა! - არა! - გაკაპასდა მასწავლებელი.

მოკლედ, ჩემ ცოლს დაურეკეს და ძლივს გაგვატანეს ბავშვები. საქმე ის იყო, რომ როლში წვერი მქონდა და იმ დილით გავიპარსე. ასეც ხდება, ვერ მიცნეს შვილებმა.“