ზაალ ანჯაფარიძე:  „სალომე ზურაბიშვილის ტონი, ჩემი აზრით, არაადეკვატური იყო 

 ზაალ ანჯაფარიძე:  „სალომე ზურაბიშვილის ტონი, ჩემი აზრით, არაადეკვატური იყო 

„სალომე ზურაბიშვილის ტონი, რომილიც მან თბილისობის დღესასწაულზე შეწყალებების საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებთან გამოიყენა, ჩემი აზრით, არაადეკვატურია, თუმცა, არსებული კანონმდებლობით, პრეზიდენტს არ აკისრია ვალდებულება, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება გააკეთოს, რადგანაც შეწყალება მიჩნეულია, როგორც ჰუმანური აქტი და პრეზიდენტის ექსკლუზიური დისკრეცია. ასე რომ, ეს არის ზურაბიშვილის პასუხისმგელობა და მხოლოდ საზოგადოებას შეუძლია, მისი გადაწყვეტილებების სისწორის განსჯა,“ -განაცხადა „რეზონანასთან“ საუბრისას ანალიტიკოსმა ექსპერტმა: ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც შეწყალების საკითხს არეგულირებს, გადახედვასა და შესწორებას საჭიროებს.

„პრეზიდენტის შეწყალებებმა და მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ არსებული კანომდებლობა შესაცვლელი და დასახვეწია. როგორც ჩანს, ხალხისთვის საკმარისი არ არის პრეზიდენტმა პატიმარი შეიწყალოს და ამაზე არავითარი განმარტება არ გააკეთოს,“ - დაამატა ანჯაფარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზემოხსენებული კანონმდებლობა ქვეყანაში უკვე წლებია რაც მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში შეწყალებას ექვემდებარებოდა მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების საქმეებიც. თუმცა, იმის გამო, რომ ადრე ამ პროცესებისადმი ისეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არ არსებობდა, როგორიც ახლა, ხალხის რეაქცია იყო სუსტი ან ნულოვანი. ამ შემთხვევაში კი, სწორედ მოსახლეობის რეაქციის გამო, იმის აუცილებლობა დადგა, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ  მას შეწყალებების მოტივები და მიზეზები განმარტოს.

„იმისათვის, რომ არსებული კანონმდებლობა გადაიხედოს და შეიცვალოს, ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო, რათა ეს ყველაფერი ევროპულსა და იმ საერთაშორისო სტანდარტებს არ აცდეს, რომლებიც შეწყალებას, როგორც ჰუმანურ აქტსა და პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას განსაზღვრავენ.

„ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებასა და მმართველ პარტიაშიც უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, სავარაუდოდ, დაიწყება მუშაობა, რომ საკანონმდებლობა ბაზა შეწყალებებთან დაკავშირებით გადაიხედოს და მასში ცვლილებები განხორციელდეს,“ - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, საქართველოს პრეზიდენტმა 34 ადამიანი შეიწყალა. აქედან სამი, მკვლელობისთვის, ერთი-არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის დამყარებისთვის, რამდენიმე კი, ნარკორეალიზაციისთვის მსჯავრდებული პირი.

5 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე კი, ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რითი ახსნიდა საკუთარ გადაწყვეტილებას, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანების შეწყალების საქმეზე, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „თუ გინდათ, მომკალით, კომენტარს არ გავაკეთებ“.