ნიკა მელია:  „ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება - პატივსაცემი?“  

ნიკა მელია:  „ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება - პატივსაცემი?“  

„ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება - პატივსაცემი?“ - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ის ვინც დასჯას და ციხეში გამომწყვდევას იმსახურებს, ხელისუფლებას არც დაუკითხავს.

„ქართულ ოცნებას კვირაში ცხრა პარასკევი და ალბათ 29 სტანდარტი აქვს.

ხაზარაძე კინაღამ ხაჭაპურივით გამოაცხვეს იმ განცხადების გამო - დაადანაშაულეს სექსიზმში, ქალთა უფლებების დარღვევაში და ა.შ.

და რა ხდება ახლა? ქოცმა დეპუტატმა საკუთარი თაშემწის გაუპატიურება სცადა, მასზე ფიზიკურად იძალადა, ქალი შველას ითხოვს, სამართალს ეძებს და იმის მეათედი ხმაურიც არაა, რაც ხაჭაპურზე იყო!

გოდებდა ყველა - დაწყებული ქოცი მინისტრებიდან, დეპუტატებიდან, დამთავრებული რიგითი აქტივისტებით და მოხალისე მხარდამჭერებით! ნიუს ნიუსზე აცხობდნენ ხელისუფელების მიერ ნაკვები სააგენტოები და ფეიჯები. ახლა? არავისგან ჩამი-ჩუმი! პასუხი ერთი - დაველოდოთ გამოძიებას.

ის ვინც შენიშვნას იმსახურებს არაკორექტული განცხადების გამო, ანათემას გადასცა ქოც-საზოგადოებამ - ბულინგის მასტერკლასი ჩაუტარა და ის ვინც დასჯას და ციხეში გამომწყვდევას იმსახურებს, არც დაუკითხავს ხელისუფლებას! მის მხარდამჭერებს კი არც გაუკიცხავთ!

ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება - პატივსაცემი?“ - წერს ნიკა მელია

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.