კონგრესმა ამერიკელი დიპლომატების უკრაინასა და ბაიდენზე მიმოწერა გამოაქვეყნა

კონგრესმა ამერიკელი დიპლომატების უკრაინასა და ბაიდენზე მიმოწერა გამოაქვეყნა

აშშ-ის კონგრესმა უკრაინის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამნეტის სპეციალური წარმომადგენლის კურტ ვოლკერის ამერიკელ დიპლომატებთან მიმოწერები გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვოლკერმა თავად გადასცა მიმოწერები კონგრესს, რომლის ქვედა პალატაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გამოძიებას ატარებს.

შეტყობინებების თანახმად, დიპლომატებს უნდოდათ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. უკრაინის პრეზიდენტს უნდა გააკეთებინა განცხადებები, რომლებიც ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში დაეხმარებოდა.

ამ საკითხს ვოლკერი უკრაინაში აშშ-ის საელჩოში მომუშავე დიპლომატ ბილ ტეილორთან და ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლანდთან განიხილავდა, როცა ისინი პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე მსჯელობდნენ.

„მთავარია ზელენსკიმ თქვას, რომ გამოძიების დაწყებაში დაგვეხმარება“, - წერს უოლკერი. მაგრამ ტეილორი მას აფრთხილებს, რომ ზელენსკის არ უნდა უკრაინა „ვაშინგტონის შიდა პოლიტიკის საკითხების მოსაგვარებელი ინსტრუმენტი გახდეს“.

ვოლკერმა ასევე დაწერა, რომ თუ ზელენსკი ტრამპს კომპანია Burisma-ს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაში დაარწმუნებდა, მას ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლას შესთავაზებენ.

პრეზიდენტების სატელეფონო საუბრამდე ერთი კვირით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაცემა შეაჩერა. ეს ბილ ტეილორსა და გორდონ სონდლანდს შორის მიმოწერის მთავარი თემა გახდა.

„კოშმარი იქნება, თუ ინტერვიუს მისცემენ და სამხედრო დახმარებას არ მიიღებენ (მე კი გადავდგები)“, - წერს ტეილორი. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურ კამპანიაში დახმარების სანაცვლოდ დახმარების შეჩერებას სიგიჟედ მიიჩნევს.

სონდლანდი პასუხობს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ იმაში უნდა დარწმუნება, გაატარებს თუ არა ზელენსკი იმ გამჭვირვალე რეფორმებს, რომლებზეც წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა.

გაზის და ნავთობის კომპანია Burisma ყურადღების ცენტრში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების სკანდალური სატელეფონო საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომელშიც თეთრი სახლის მეთაური კოლეგას ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში საქმიანობის გამოძიებას სთხოვა. ამის გამო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო.

4 ოქტომბერს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ Burisma-ს წინააღმდეგ გამოძიების განახლების შესახებ განაცხადა.