ტრამპზე საჩივრის დაწერა დაზვერვის კიდევ ერთ თანამშრომელს სურს

ტრამპზე საჩივრის დაწერა დაზვერვის კიდევ ერთ თანამშრომელს სურს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივრის დაწერა და კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა დაზვერვის კიდევ ერთ თანამშრომელს სურს. ამის შესახებ The New York Times-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

გამოცემის ცნობით, პოტენციურ ინფორმატორს ტრამპისა და უკრაინის ხელისუფლების მოლაპარაკებების შესახებ აქამდე გავრცელებულ ინფორმაციაზე უფრო ზუსტი ცნობები აქვს. დაზვერვის თანამშრომელი უკვე გამოკითხა დაზვერვის გენერალურმა ინსპექტორმა მაიკლ ატკინსონმა.

The New York Times-ი წერს, რომ კარგად ინფორმირებული თანამშრომლისგან ახალი საჩივარი პირველი ინფორმატორის მიმართ ნდობას გაზრდის.

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო.

ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნა. მანამდე კი თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი მას ბაიდენზე ზემოქმედებისკენ არ უბიძგებდა.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის შესახებ ამერიკელების 47% მხარს უჭერს.