ისეთ გზავნილებს ვიღებთ ლავროვისგან და პესკოვისგან, ფრენების აღდგენაზე რუსეთში ფიქრობენ და მუშაობენ კიდეც, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ 26 სექტემბერს გაერო-ს შტაბბინაში საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ლავროვმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მიესალმებოდა საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენას.
ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე შესაძლოა, ჟენევაშიც ისაუბრონ.
„არ არის გამორიცხული, მომავალ კვირას ჟენევაშიც შეეხონ რაღაც ფორმით ამ საკითხს. იქ რუსეთის დელეგაციას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. გაიცნობენ ერთმანეთს ჩვენი დელეგაციისა და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელები. მათ იქ კომუნიკაცია ექნებათ და არ არის გამორიცხული, ამაზეც იყოს საუბარი.
ჩვენ ასევე ველოდებით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ გააგრძელებს მუშაობას ე.წ. პრაღის ფორმატში. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა ამ დიალოგის გასაგრძელებლად და ახლა ველოდებით ინფორმაციას იმის თაობაზე, პერსონალურად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვინ იქნება პრაღაში წარმოდგენილი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.