საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (10:45) მარცხის შემდეგ ისაუბრა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის განცხადებით, ფიჯი ღია თამაშში მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა და შედეგით იმედგაცრუებულნი არიან:
„როდესაც ფიჯის ზურგს უკან შემოუშვებ, რამდენიმე პასს გააკეთებენ და თავის დაცვა ძალიან ძნელია, ეს 7-კაცა რაგბს ჰგავს. მეორე ტაიმში რამდენიმე კრიტიკული შეცდომა დავუშვით, რითაც მეტოქემ ისარგებლა. ისინი მსგავსი ტიპის ლელოების გატანაში საუკეთესოები არიან. ჩვენ კი, ბოლო 30 წუთში ენერგია და ძალა დაგვაკლდა.
ტუისოვას მხრიდან თოდუაზე დარღვევა? ცხადია, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი მომენტი იყო პირველი ტაიმის მიწურულს. განმეორებით ვნახე ეს ეპიზოდი და აშკარად თავში მოარტყა ხელი, თანაც ბოლო მცველი იყო. თუ შეცვლიდა ეს თამაშს? არ ვარ დარწმუნებული. მეორე ტაიმში გვაჯობეს. ფიჯი ღია თამაშში მსოფლიოში საუკეთესოა. ოფლოუდიდან და ხაზის გაწყვეტის შემდეგ მათი შეჩერება საკმაოდ რთულია.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ. ეს არ არის ის პერფორმანსი, რომლის მომზადება გვინდოდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენი ქართველი მეგობრებისთვის. თუმცა, წინ ავსტრალიასთან მატჩია და ამ თამაშზე უნდა ვიფიქროთ“, - თქვა ჰეიგმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში სამი ტურის თავზე 5 ქულა და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს, ავსტრალიის ნაკრებთან გამართავს.