FBI რუსი ჯაშუშების გადაბირებას Facebook-ის დახმარებით ცდილობს

FBI რუსი ჯაშუშების გადაბირებას Facebook-ის დახმარებით ცდილობს

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ Facebook-ზე 3 რუსულენოვანი სარეკლამო შეტყობინება განათავსა, რომელშიც რუს ემიგრანტებს ამერიკული სპეცსამსახურების დახმარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რეკლამა სოციალურ ქსელში ზაფხულში გამოჩნდა. სარეკლამო შეტყობინებებს მომხმარებლები FBI-ს ვაშინგტონის ვებგვერდზე გადაჰყავს, სადაც მათ შემდეგ ტექსტი რუსულ და ინგლისურ ენაზე ხვდებათ.

ბიუროში კომენტარზე უარი განაცხადეს. უწყების წარმომადგენელმა ალან კონერმა ჟურნალისტებთან შემდეგი განცხადება გააკეთა: „რუსეთს მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ბევრი მზვერავი ჰყავს. ისინი ძალიან აქტიურები არიან და აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. FBI ინფორმაციის მოპოვების სხვდასხვა მეთოდს იყენებს, მათ შორის წყაროებთან მუშაობას. იმ ადამიანების მოსაძებნად, რომლებიც შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფორმაციას ფლობენ ყველა კანონიერ ხერხს მივმართავთ“.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადეს, რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.