იტალიური „მილანი“ ღრმა კრიზისშია და სერია A-ს საწყის 6 ტურში ოთხი თამაში წააგო, მათ შორის სამი ზედიზედ. სწორედ ამიტომ, დაირხა ხმები, რომ კლუბი მარკო ჯამპაოლოს გათავისუფლებას აპირებს.
მის შემცვლელთა სიაში კი ანდრეი შევჩენკოც მოხვდა, რომელიც „როსონერის“ ლეგენდაა. სიტუაცია იმანაც გაამძაფრა, რომ „შევა“ მილანში შენიშნეს, სადაც როგორც თავად თქვა, მხოლოდ „ატალანტა“ – „შახტარის“ მატჩის საყურებლად ჩავიდა. უკრაინელმა უარყო შავ-წითლებში ამ ეტაპზე შესაძლო დაბრუნება.
„მილანი“ მიყვარს, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობასთან არ მისაუბრია და მე როგორც პროფესიონალი, ამ მომენტში „მილანზე“ არ ვფიქრობ. უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ვარ ყველა ჩემი ძალისხმევა ხმარდება ჩემს ქვეყანას. მინდა, ბიჭებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე წავიდე.
დიახ, ამჟამად მილანში ვარ, ეს მართლია, მაგრამ მხოლოდ ჩემი ბიჭების დასაკვირვებლად, შემდეგ კი ძველ მეგობრებთან ერთად ვახშამზე წავალ. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და როდესაც აქ ჩამოვდივარ, ყოველთვის ვიკრიბებით. ვიმეორებ, „მილანი“ ჩემს გულშია, მაგრამ ახლა მხოლოდ უკრაინის ნაკრებზე ვფიქრობ“, - თქვა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ შევჩენკოს გაწვრთნილი უკრაინის ნაკრები ძალიან ახლოსაა ევრო 2020-ის საგზურთან, რადგან საკუთარ ქვეჯგუფს 13 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს. თანაც, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და მესამე პოზიციას ამ დროისთვის 6 ქულითაა დაშორებული.