საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრას თბილისში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ ირლანდიას დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს კი ეროვნული ნაკრების მეტოქე სტუმრად გიბრალტარი იქნება.
საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის საწვრთნელ შეკრებას დედაქალაქში 7 ოქტომბერს იწყებს. ეროვნული გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში“ განთავსდება და საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი, „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება. უახლოესი ორი შეხვედრისთვის ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ რვა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
ლევან გეგეჭკორი, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია ( დინამო თბილისი)
ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ 19 წლის ლევან ხარაბაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს შეუერთდება. ციურიხის ქართველი ლეგიონერი, 11 ოქტომბერს შვეიცარიაში დაგეგმილი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ყაზანის "რუბინის" 18 წლის შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია კი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად, 9-15 ოქტომბერს უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.