ვარსკვლავური გამოცდა, ანუ „ლომთა ვარამი“

ვარსკვლავური გამოცდა, ანუ „ლომთა ვარამი“

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის სიტყვით, ბიძინა ივანიშვილი პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც  მისი თხოვნა გაითვალისწინა და კოალიციის დაფუძნება შემდეგი დღისთვის გადაიტანა, რომ მზის დაბნელებას არ დამთხვეოდა.

- ბატონ ივანიშვილს ახლოს არ ვიცნობ - ამბობს ცაგარელი. - არ გამოვრიცხავ, იქნებ, უნდა კიდეც ჩემთან საუბარი, მაგრამ იცის, რომ ეკლესია არ მოუწონებს. ატყდება მთელი ამბავი: აი, თურმე პრემიერი რითაა დაინტერესებულიო და ა.შ. ეკლესიასთან დაპირისპირებას კი ყველა ერიდება. მაგრამ, თუკი სურვილი ექნება, ფარულადაც შევხვდებოდი, რამეთუ ეს ქვეყნის სასიკეთო რეკომენდაციებთანაა დაკავშირებული. თავისი ასტროლოგი ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერს ჰყავდა, რის შესახებაც მსოფლიომ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც მათ პოლიტიკური საქმიანობა დაასრულეს. მაგალითად, 70 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ასტროლოგი „ათეისტ“ ლენინსაც კი ჰყოლია. საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ჯერაც ვერ გააცნობიერა ამ დარგის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა. მაგრამ ჭკვიანი ადამიანი მალულად მაინც დაინტერესდება საქართველოს ბედის განმსაზღვრელი კოსმოსური კანონზომიერებებით და მათ ეფექტიან გამოყენებაზეც დაფიქრდება.    

ქართველთა მთავარი მტერი საკუთარი ავადმყოფური ეგოა! 

დაახლოებით XIII-XIV საუკუნიდან საქართველო ლომის ნიშნის გავლენის ქვეშ მოექცა. ლომს მზე განაგებს, მან ქართველებს უხვად მოჰმადლა მრავალმხრივი ნიჭიერება, ინტელექტუალური პოტენციალი, კეთილშობილება, მეგობრულობა, სიქველე, სტუმართმოყვარეობა და სხვა ღირსებანი.

მაშ რით აიხსნება ეს პერმანენტული „ლომთა ვარამი“? რატომ მოხდა, რომ ვერ ვიხეირეთ, ერთმანეთი დავჭამეთ და ქვეყანა ისევ ყოფნა–არყოფნის ზღვარზეა?

საინტერესო დეტალი: რუსეთი მერწყულის გავლენის ქვეშ იმყოფება. ლომი და მერწყული ურთიერთშემავსებელი ნიშნებია და საქმიანი პარტნიორობა, წესით, კარგად უნდა გამოგვიოდეს. ამ დროს, მერწყული ბოროტი მომთვინიერებელივით გვექცევა, ჩვენ კი გამუდმებით „ვუღრენთ“.

მიხეილ ცაგარელი:

- სამწუხაროდ, საქართველოში აქცენტირებულია ლომის არა ღირსებები, არამედ მანკიერებანი: უპასუხისმგებლობა, სიზარმაცე, არაორგანიზებულობა, მფლანგველობა და ა.შ. ყველაზე საბედისწერო როლი კი არაადეკვატურად მომძლავრებულმა „ეგომ“ ითამაშა. სწორედ მან გააღვიძა ჩვენში უკიდურესი ქედმაღლობა, ამპარტავნება, სიჯიუტე და პირველობისკენ გადამეტებული სწრაფვა. ქართველს მეტისმეტად იზიდავს მბრძანებლობა. ყველაზე ცუდ გამოვლინებაში ლომი დიქტატორთა ნიშანია.

ლომური ეგოცენტრიზმი ხელს უწყობს ჩაკეტილი კლანების ჩამოყალიბებას. იქ ან დაახლოებული პირი უნდა იყო, ან ყურმოჭრილი მონა. ყველა აქებს და ადიდებს „ბოსს“ და ისიც  გულწრფელად იჯერებს, რომ სამყაროს ცენტრია. „ეგოს“ კიდევ უფრო გასაძლიერებლად ლომი მხოლოდ მლიქვნელებს აჯილდოვებს და აწინაურებს. სწორედ ეს ხდებოდა საქართველოში წლების მანძილზე. „ცუდი ლომები“ მეტისმეტად მოგვიმრავლდნენ და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთი დავჭამეთ? 

ქართველთა მთავარი მტერი საკუთარი ავადმყოფური ეგოა. სწორედ ამიტომ დაგვატყდა თავს უდიდესი ტკივილი, რომელიც ჩვენი არნახული ამპარტავნებით, სულსწრაფობით, უყაირათობით, სიზარმაცით, ეგოიზმით, დიქტატორული შინაგანი თვისებებით და დიქტატორებსადმი პატივისცემით დავიმსახურეთ.

ცნობისთვის: რაც შეეხება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს, მიხეილ ცაგარელის განმარტებით, ორივე მხარეზე მანკიერებებია აქცენტირებული; ამიტომ ურთიერთშემავსებელი პარტნიორობის ნაცვლად დაპირისპირებას ვღებულობთ. შეუძლებელია ამ აზრს არ დავეთანხმოთ: შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ რუსეთშიც ავადმყოფური „ეგო“ მძლავრობს. ოღონდ, საქართველოსგან განსხვავებით, ეს არის არა ინდივიდუალისტური, არამედ კოლექტიური, ანუ ეთნო–კულტურალური ეგო. საშუალო რუსი იშიმშილებს, მაგრამ „დერჟავას“ იდეას არ დათმობს. სწორედ ამიტომაა, რომ სრულიად რუსეთი იმპერიულ ამბიციებს ვეღარ შეელია.

როგორ მოვერიოთ საკუთარ თავს?..

თუკი საქართველო  „ცუდ ლომთა“ ინკუბატორად დარჩა, ერი ვერასოდეს გაიხარებს და ვერც ნორმალურ სახელმწიფოს ავაშენებთ. როგორ მოვახერხოთ ლომის მანკიერებათა დაძლევა და მის ღირსებებზე „გადართვა“? ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, აგრეთვე ქართველი ხალხის გაწონასწორებული საარჩევნო აქტიურობა, გვაფიქრებინებს, რომ ერმა დაშვებული შეცდომები გააცნობიერა.

მიხეილ ცაგარელი:

- წინწადგმული ნაბიჯები, ცხადია, შეინიშნება, მაგრამ ამ ტემპებით საქმის გამოსწორებას საუკუნე მოვუნდებით. ამის ფუფუნება კი არ გვაქვს. ცხადია, სისხლ–ხორცში გამჯდარ თვისებებს იოლად ვერ დავძლევთ, მაგრამ გამოსავალი არსებობს. გადატანილმა ქარტეხილებმა ქართველ ხალხში სიბრძნე გააღვიძა: ერი ასე იოლად აღარ ტყუვდება. არჩევნების შედეგი იმის მაუწყებელია, რომ კოსმოსმა კიდევ ერთი შანსი გვიბოძა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

მიხვედრა ერთია, მოქმედებასულ სხვა. როგორ მოვერიოთ საკუთარ ბუნებას?

- ნაკლოვანებათა დაძლევის დაჩქარებული წესიც არსებობს. მის ასამოქმედებლად ქვეყანას გერმანული ფსიქოტიპის მატარებელი ადამიანები უნდა მართავდნენ. რატომ? გერმანიას ქალწულის ზოდიაქო განაგებს, ამიტომ ამ ხალხის ხასიათში მძლავრობს ორგანიზებულობა, დისციპლინა, პუნქტუალურობა, მიზანსწრაფულობა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და ა.შ. ასეთი თვისებების გამომუშავება არც ჩვენ გვაწყენდა.

თუნდაც, სასარგებლო ჩვევის დონეზე?

- თუნდაც! ზოგადად, ქართველი კაცი გერმანელზე ბევრად უფრო ნიჭიერია, მაგრამ მისი უნარების სრულფასოვან რეალიზაციას ლომის მანკიერებები აფერხებს. კონკურენცია ეროვნული ხასიათის გაჯანსაღების უტყუარი საშუალებაა. გერმანულ წესზე აგებულ კონკურენტულ გარემოში ქართველი კაცი მოწესრიგებულ ცხოვრებას მიეჩვევა – იძულებული გახდება დაძლიოს სიზარმაცე და  საკუთარ თავზე ბეჯითად იმუშაოს. ამაში ევროინტეგრაციაც დაგვეხმარება. გერმანიასთან და სკანდინავიასთან ერთობლივ ბიზნეს–პროექტებს ვგულისხმობ, რომელთა განხორციელების კვალდაკვალ სისტემას გავაუმჯობესებთ.

პეტრე პირველიც ასე მსჯელობდა, როდესაც ადმინისტრირების  სისტემა გერმანულ ყაიდაზე ააწყო და გერმანულენოვან სამყაროსთან მჭიდრო საქმიანი კავშირები დაამყარა...

- ისიც გავიხსენოთ, რომ მასში ქართული სისხლი სჩქეფდა. კონკურენტულ გარემოში ყველაზე შრომისმოყვარე და დისციპლინირებული გაიმარჯვებს. ქართველთა ბუნებრივი ნიჭიერება ნელ–ნელა გაიფურჩქნება და გადასარევ შედეგს მივიღებთ. წარმოიდგინეთ, როგორ აყვავდება ჩვენი პატარა ქვეყანა, თუ ხალხი ფუტკარივით იშრომებს და კანონმორჩილად იცხოვრებს!

გამოსწორების დაჩქარებულ მოდელში მთავარი მოქმედი პირია  მთავრობა, რომელმაც ყველა სტრუქტურაში საქმისადმი სწორი დამოკიდებულების დამკვიდრება უნდა მოახერხოს. მაგრამ თუკი ხელისუფლება მუშაობას ჩვეულ სტილში გააგრძელებს,  ძველი პრობლემები ახალი ძალით დაგვიბრუნდება. 

ეთნიკურ ხასიათს გეოგრაფიული გარემო და ისტორიული გამოცდილებაც განსაზღვრავს. ბოკლი წერდა, რომ  დისციპლინა და საქმის ინტერესების ეგო–ზე მაღლა დაყენება უფრო ჩრდილოეთს მოსდგავს. შემთხვევითი არაა, რომ კაპიტალიზმი სწორედ ანგლო-საქსონურ წიაღში იშვა. ქართველთა ეგომორჯულებაროგორ გესახებათ?

- გადავხედოთ ჩვენს ისტორიას: მთიელებს ოდესღაც ეს შესანიშნავად ეხერხებოდათ. ხევსური, რომელიც სამხედრო კულტურის წიაღში იზრდებოდა, ბავშვობიდან სწავლობდა გუნდური ცხოვრების წესებს და კანონმორჩილებას. ხომ ხედავთ, ქართველებსაც შეგვძლებია მოწესრიგებული გარემოს შექმნა!

ამ გუნდურობას თავისი მინუსები ჰქონდა (ვაჟა გავიხსენოთ!). ისე, ჩვენი მთიანეთი ცივი კლიმატით ჩრდილოეთ ევროპას წააგავს. ასეთ გარემოში გუნდურობა გადარჩენის პირობაა. თბილი ჰავა კი ეგოსაფუფუნებს“. საქართველოს მრავალფეროვანი ლანდშაფტის პირობებში ამპარტავნება და ჰედონიზმი  ქრონიკული სენივით შეგვიჩნდა. ამვირუსმა“  ახალ ხელისუფლებაშიც რომ იმძლავროს?

- მჯერა რომ გარემო კი არ შეცვლის ბატონ ბიძინას, არამედ   თვითონ შეცვლის მას. თავიდან ბევრი ამბობდა – ბიზნესმენს პოლიტიკაში რა უნდაო?!  მე კი ამ ფაქტს მაშინვე მივესალმე. ივანიშვილმა თავი სასტიკ კონკურენციაში დაიმკვიდრა და   კარგად ესმის პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. არც იმის ახსნა სჭირდება, რომ თუკი ხელმძღვანელი ორგანიზაციას არაფრის მაქნისი ახლობლებით დააკომპლექტებს, აუცილებლად დამარცხდება.

გამოცდა, თუ ბედისწერა?                 

– სწორედ ავადმყოფურმა „ეგომ“ ჩაკლა კონკურენცია. შედეგად კლანები, ანუ მონოპოლიები მივიღეთ და ერის თავზე პრივილეგიებით გაზულუქებულ უსაქმურთა კასტა „მოკალათდა“. ეს კასტა პოლიტიკურ არენას ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოშორდეს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველამ  თუ ვერა, უმრავლესობამ მაინც „ცუდ ლომი“ სულიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოიშანთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ვარსკვლავური გამოცდა ფატალურ ბედისწერად შემოგვიბრუნდება.

ახალი ხელისუფლება ანტიმონოპოლური კანონმდებლობის აღდგენას დაგვპირდა, რითაც ჯანსაღ კონკურენციას „მწვანე შუქი“ აენთება. პატიოსანმა მოქალაქეებმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.