„საბჭოთა კიჩი - თავისუფლების მოედანზე მდგარი ხელგაშვერილი ლენინის ძეგლი რელიგიური კიჩით - „თავისუფლების მონუმენტით“ ჩაანაცვლეს, ანუ ერთი სიყალბე მეორით შეცვალეს“, - მიიჩნევენ საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც მოქანდაკე ზურაბ წერეთლის მიერ ვარდების რევოლუციის შემდეგ თბილისისთვის ნაჩუქარი წმინდა გიორგის ძეგლის დემონტაჟს მოითხოვენ. მათი აზრით, ეს მონუმენტი ნაციონალებმა საკუთარი გამარჯვების სიმბოლოდ აღმართეს. ამდენად, ძეგლის მოწინააღმდეგეებმა პეტიციაც შეადგინეს, სახელწოდებით, „გაიტანეთ წერეთელი“ და იგი ინტერნეტით გაავრცელეს.
თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც მოსწონთ ეს მონუმენტი. მათი აზრით, ამ ძეგლის ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ იგი ნაციონალების დერჟავული მმართველობის პარალელურად შეემატა თბილისს და მათ ზენიტში ყოფნას მოგვაგონებს. უფრო ზუსტად, ეს 27 ტონიანი ცხრა მეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელზეც ორი კილო ოქრო დაიხარჯა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2006 წლის 23 ნოემბერს აღიმართა.
ნაციონალები რის ნაციონალები იქნებოდნენ, ყველაფერი პრაგმატულად არ გამოეყენებინათ და ახალი წლის დღეებშიც ამ ძეგლს შლეიფის მსგავი ილუმინაციებით ამკობდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ჩამოსვლისას კი წმინდა გიორგის ქანდაკების სვეტი მორთული იყო საფრანგეთისა და საქართველოს დროშებით.
„თავისუფლების მონუმენტის“ დემონტაჟის ბიძგი საზოგასოებას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ მისცა. ჟურნალისტი და თბილისის ჰამქრის უსტაბაში ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ თავისუფლების მოედნის ქვეშ იტალიური ოპერის უზარმაზარი სარდაფებია, სადაც მთელი მიწისქვეშეთის გაკეთება შეიძლება. მაგრამ ეს მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ უნდა მოხდეს, როცა ქვეყანა ფეხზე დადგება.
ერთხანს ამ მოედანს „თეატრალურსაც“ უწოდებდნენ, რადგან აქ თეატრისა და ქარვასლის შენობა იყო აღმართული, შემდეგ კი „ლენინის მოედანი“ დაგვებედა, მცირე ხანს - „ბერიას მოედნის“ სახელითაც იცნობდნენ. თუმცა სახელწოდება „თავისუფლების მოედანი“ ნაციონალების ხელში ცინიკურად ჟღერდა.
თავისუფლების მონუმენტის შესახებ For.ge-მ აზრის გამოთქმა სპეციალისტებს სთხოვა.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ, სინამდვილეში, აღნიშნული ძეგლი არ არის წმინდა გიორგის ძეგლი, ეს უფრო რაინდის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. მისი აზრით, ზურაბ წერეთელი იმდენად განათლებულია, რომ მან ნამდვილად იცის, მართლმადიდებელი წმინდანები ქანდაკებაში არ გამოისახებიან.
რაც შეეხება თეატრის აღდგენას, გიგა ბათიაშვილი ამის წინააღმდეგი არ არის. უფრო მეტიც, მისი პირველი პროექტი ამ შენობის აღდგენას ეხებოდა. სატრანსპორტო კვანძის შუაში უნდა აშენებულიყო ის შენობა, რომლის საძირკველიც დღესაც არსებობს იმდროინდელი ქარვასლის (სადაც ოპერაც იყო განთავსებული) ნაშთის სახით. თუმცა დღეს ვითარება სრულიად შეცვლილია და ამას კარგი პროფესიული ანალიზი სჭირდება.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია თავის დროზეც აპროტესტებდა ამ ძეგლის დადგმას. მისი აზრით, ძალიან დაბალი ხარისხის ძეგლია, მაგრამ მისი მოხსნა მაინც უნდა იყოს კონსენსუსისა და მსჯელობის საგანი.
„პერსონალურად მისი დემონტაჟი გამიხარდება, მაგრამ მე ხომ არ ვარ მარტო ამ ქალაქში?! იმ ადგილას მე არაფერს დავდგამდი, ის სივრცე მშვენიერი იყო ყოველგვარი სვეტების გარეშე. აჯობებდა, უბრალოდ მოედანი იყოს. იტალიური ოპერის აღდგენას კი არ ვეთანხმები,“ - აცხადებს გოგი ხოშტარია.
ჩვენ დავინტერესდით, რას უწუნებს იგი წმინდა გიორგის ქანდაკებას, რაზეც გოგი ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ძეგლი მხატვრულად მდარე ხარისხისაა, აბსოლუტურად არაბუნებრივია, მისი ოქროსფერი საერთოდ მიუღებელია. გარდა ამისა, არადამაჯერებელია, რადგან იმ სიმაღლეზე ცხენოსან კაცს იგი წმინდა გიორგიდ არ აღიქვამს.
„ეს ყალბია, ფსევდონამუშევარია. ამიტომ ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იგი მდარე ხარისხისაა. ეგ ძეგლი მანდ არ უნდა იდგეს. ქეთუსია იგნატოვა იცავდა ამ ძეგლს, მე და ლაშა ბაქრაძე კი მისი წინააღმდეგნი გამოვდიოდით“.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ისეთი მონუმენტი, რომელიც საჩქარო აღებას საჭიროებს, თბილისში არ ჩანს. თუმცა, მაინც მიიჩნევს, რომ ნორმალური მონუმენტი თბილისში არ დგას.
„ძეგლის აღება ცოტა სხვა რამეა. დავუშვათ, გალაკტიონის ძეგლი არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ავიღებთ, რადგან მაინც გალაკტიონია. დავით აღმაშენებლის ძეგლის ამდენი ტარება კი აღარ შეიძლება“.
ამასთან, გოგი ხოშტარიასთვის მოსაწონი იქნებოდა, დავით აღმაშენებლის ძეგლი იქვე, ბორცვზე დაედგათ და იგი ქალაქს დაჰყურებდეს, რადგან სუფთა მხატვრულ-კომპოზიციური თვალსაზრისით, ეს ძეგლი ამჯერად ძალიან უადგილოდ არის აღმართული.
„ახლა ამ ძეგლის უკან დაბრუნება აღარ გამოვა, მთაზე რომ დადგან, პირიქით, უფრო მოუხდება იმ ძეგლს, ოღონდ, კუთხე უნდა მოინახოს“.
ხელოვანთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სპეციალური საბჭოს შექმნამდე ამ საკითხზე მსჯელობისგან თავს იკავებს. თუმცა არ მალავს, რომ ამჟამინდელ ადგილას ძეგლი დაკარგულია. მას სივრცე სჭირდება და ამ ძეგლის ბედი კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ.
„შეიძლება, ახლა ისეთი აზრი დავაფიქსირო, რაც ხალხს გააღიზიანებს. თანაც, წმინდა გიორგი ისეთი თემაა, ჩემგან უხერხული იქნება მასზე მსჯელობა“, - აცხადებს დათო ოქიტაშვილი.
რეჟისორი და მსახიობი დიმა ჯაიანი არ ფიქრობს, რომ ეს ძეგლი წმინდა გიორგისაა, მით უფრო, რომ ეკლესიამაც იგი კანონიკურად არ მიიჩნია. ამიტომ მისი აზრი ასეთია, რომ რაღაც უნდა მოუხერხონ ამ ძეგლს, იგი არც სივრცეში ჯდება, არც ოქროსფერი უხდება და ყველაფერი დარღვეულია. მეტიც, როცა მიდიხარ რუსთაველის პროსპექტიდან, მხედარი არ ჩანს და მარტო ცხენის დანახვა შეიძლება. თანაც, გაბარიტებშიც უფრო დიდია. აჯობებდა, უფრო პატარა ყოფილიყო.
„ამ მოედანს თავისუფლების მოედანი ჰქვია. თითქოსდა, წმინდა გიორგი ნიშნავს თავისუფლებას, მაგრამ, თუ ეს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეწინააღმდეგება, მე ასეთი ძეგლი არ მინდა თავისუფლების მოედანზე. ის რომ წმინდანის ძეგლი იყოს, მაშინ ყოველ ახალ წელს მაგას კაბას არ ჩააცვამდნენ“, - აცხადებს დიმა ჯაიანი.
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური თანახმაა, ძეგლი გაიტანონ, რადგან იგი ვიზუალურადაც მოიკოჭლებს, კანონიციზმის დარღვევაცაა და, სავარაუდოდ, არც იმ ადგილს უხდება.
„არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ ჩემს, როგორც მოქალაქის, აზრს ვაფიქსირებ. იქაურობას არ უხდება ძეგლი. მე მგონი, ეს არაბუნებრივია. ალბათ, უკეთესი რამ არქიტექტორებმა და მოქანდაკეებმა უნდა მოიფიქრონ. წმინდა გიორგი და საბჭოური იდეოლოგია აბსოლუტურად შეუთავსებელია, ამიტომ ამას საბჭოურ იდეოლოგიას არ დავუკავშირებ. თანაც, კანონიკურადაც, მრგვალი ქანდაკება მართლმადიდებლობის მიერ არ არის დაშვებული.“
გიორგი ოთხმეზურის სურვილია, აუცილებლად გაიტანონ ველოსიპედიც, ასევე, გმირთა მოედანზე მდგარი უაზრო ობელისკი და, თუ საჭირო იქნება, მის ადგილას შესაფერისი რამ მოიფიქრონ.
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ მან მართლაც დაწერა ფეისბუკში, რომ ეს ქანდაკება ხალხს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა და კარგი იქნებოდა, ეს მონუმენტი გამქრალიყო ჩვენი თვალსაწიერიდან.
„თუმცა ეს ჩემგან წამოსული ინიციატივა არ არის. როგორც ჩანს, შემდგომში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. დღემდე არ მინახავს, ვინ აგროვებს ამ ხელმოწერებს. ასე რომ, „გაიტანეთ წერეთელი“ ჩემთან არაფერ კავშირში არ არის, თუმცა მე მივეცი ბიძგი, რომ ამაზე გამახვილდა ყურადღება“.
ლაშა ბაქრაძის აზრით, ეს ძეგლი ძველებური აზროვნების მაგალითია, რომელიც საქართველოში თავის დროზე არ უნდა დადგმულიყო. ამიტომ, ამ ქანდაკების აღმართვას თავის დროზეც ეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს არ იყო თანამედროვე ძეგლი. ამდენად, მიიჩნევს, რომ ძველმოდური მონუმენტი რესპუბლიკისა და ქვეყნის მთავარ მოედანზე არ უნდა იდგას.
„საერთოდ, ნგრევის წინააღმდეგი ვარ. ამიტომ საზოგადოების სჯა-ბაასის შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ რა უნდა იდგეს თავისუფლების მოედანზე. ჩვენ რომ გვქონდეს მოედანი, რომელზეც მე-18 საუკუნეში დადგეს ძეგლი, მაშინ ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა. 2006 წელს დადგმული ძეგლის საწინააღმდეგო კი ბევრი მაქვს“.
ლაშა ბაქრაძე ვერ აკონკრეტებს, ყოფილ ხელისუფლებას რა უნდა მოსწონებოდა ამ ძეგლში, რადგან ქანდაკება ძალიან ძველმოდურია. თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მაინც აღმართეს. ამის მიზეზად კი ლაშა ბაქრაძე პოლიტიკურ სარჩულს ასახელებს - იმ დროს ზურაბ წერეთელი წარმოდგებოდა, როგორც გარკვეული ხიდი მოსკოვთან.