ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) საფეხბურთო კლუბ „კარდიფს“ „ნანტისთვის“ არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას ტრანსფერისთვის 6 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
სალა ამ გარიგებიდან 2 დღეში ლა-მანშის თავზე ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 6 მილიონი ევრო პირველი გადარიცხვის ოდენობაა, რომელიც „კარდიფს“ წინასწარი შეთანხმებით უნდა გადაერიცხა. ტრანსფერის მთლიანი თანხა კი 15 მილიონ ევროს შეადგენდა.
„ნანტი“ ტრანსფერის სრულ თანხას იმ მოტივით მოითხოვდა, რომ საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატი მანამდე დარეგისტრირდა, სანამ ავიაკატასტროფის შესახებ გახდებოდა ცნობილი. „კარდიფი“ კი ტრანსფერის ღირებულების გადახდას საერთოდ არ აპირებდა, რადგან გარდაცვალების მომენტში სალა ინგლისის პრემიერ-ლიგის ფეხბურთელად დარეგისტრირებული ჯერ კიდევ არ იყო.
თუმცა ფიფაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის უნიკალური გარემოებების გათვალისწინებით მიიღეს.